USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  675

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში მდებარე ზღვისუბნის პარკში კაფე განთავსდება.

მისი თქმით, კაფეს მოსაწყობად, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე.

„გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გაიხსნა საქალაქო მნიშვნელობის პარკი. რეკრეაციული სივრცე 25 ჰა-ს მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ირგვლივ მცხოვრებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ კარგ პარკს გავაკეთებდით. გამწვანების სამუშაოები დღესაც გრძელდება, რათა იქაურობა ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო კაფეს განთავსება, რადგან ამ პარკს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბიზნესს მინდა მივმართო, რომ ჩაერთეთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში და წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველანაირად მოწესრიგებული კაფე მოეწყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან განცხადებების მიღება დაიწყო. პროცესი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის დავდგებით ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ მათ მომავალი წარმატებისთვის. შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა ადამიანსა და ოჯახს გვერდით დავუდგებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

მისი განცხადებით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.

დედაქალაქის მერმა ყურადღება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში საფეხბურთო მოედანი და სკეიტ პარკი მოეწყო.

„ვაზისუბნის დასახლებაში, მე-5 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, თავისი განათების სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სამუშაოებში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. სკეიტ პარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა უბანსა და რაიონში. დედაქალაქში განხორციელებული ყველა სკეიტ პარკის პროექტში საერთაშორისო ნორმები გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა დიდ დიღომში, რამდენიმე თვის წინ გახსნილ მულტიფუნქციურ ცენტრზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ცენტრში ფუნქციონირებს ორი საცურაო აუზი, ჭიდაობის, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, სატრენაჟორო დამოუკიდებელი სივრცე. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა თავისი სურვილისამებრ ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ განაცხადების მიღება დაიწყო კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: culture.tbilisi.gov.ge.

თბილისის მერის თქმით, კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაზაფხულის სეზონზე, 21 მარტის ჩათვლით, პროექტები მიიღება ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა ისნის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დავით ხაბეიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„დავით ხაბეიშვილი მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული გამგებლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთად მოვახერხებთ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას, რომელიც არსებობს. მინდა, დავით ხაბეიშვილს წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის