თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა.
მისი თქმით, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.
„სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.
გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ჩატარდა სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ.
რაც შეეხება სამუშაოების ჯამურ ღირებულებას, თბილისის მერის ინფორმაციით, ის, დაახლოებით, 4 მლნ ლარს შეადგენს.
„ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები. პრობლემებია პროექტის შედგენის პროცესში. როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა. იგივეა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს ეს პროექტები განხორციელდა, ხელი არავის უხლია და რეალურად არავინ იცის, რა მდგომარეობაა კონკრეტულ ადგილზე, ვიდრე უშუალოდ არ დაიწყებ სამუშაოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება, რომელში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
„თბილისის მერიას აქვს არაერთი პროგრამა ახალგაზრდების ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ამჯერად, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ზამთრის ბანაკების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით. პროგრამა გასულ წლებში ითვალისწინებდა მხოლოდ სტუდენტთა ჩართულობას, თუმცა მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, მასში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა განხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით.
პროგრამა მოიცავს ბანაკებს 11 სხვადასხვა მიმართულებით. ესენია: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კინოხელოვნება, ვიდეოგრაფია, საერთაშორისო სამართალი, ინგლისური ენა, საჯარო გამოსვლა, მართვის ფსიქოლოგია, პროექტის წერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, დამოკიდებულების მქონე პირების რესოციალიზაცია. პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ახალგაზრდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება დღეიდან ვებგვერდზე - www.youthtbilisi.ge.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა გაამახვილა ყურადღება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზია, რომელიც მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა.
მისი თქმით, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას. ხშირად გვქონდა ხარვეზები ცხელ ხაზზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს სააგენტოს ოპერატიულობის ხარისხს სამაშველო ღონისძიებებისა და სხვა მყისიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთიან ბაზაში მოექცევა შეტყობინებების მიღების, საქმის წარმოების, შესრულებისა და ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა, რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.
„საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნესსექტორისგან დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა, ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისი სივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას საკადრო ცვლილებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
„მინდა, გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე. ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც დაკავებულები არიან სიცრუის პროპაგანდით. რაც შეეხება რეალობას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა. ჩვენ ერთად დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ერთად მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ევროპული, მოწესრიგებული და გამართული. ვიქტორ წილოსანის როლი ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი საქმიანობა ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თბილისისთვის. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად ნინო ბაგაშვილი წარადგინა.
„ნინო განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის მიმართულებით. სააგენტო, ცხადია, ახალი ხელმძღვანელის პირობებში გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში დაინერგა და მინდა, ამ პროცესში მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რა შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, ის ეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა ირაკლი თავართქილაძე.
„მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს.
„მარიამი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. მიღებული აქვს დასავლური განათლება. ის აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი ქონების მართვის სააგენტოში. მისთვის არათუ კარგად ნაცნობია თითოეული ხსენებული პროექტი, არამედ პირადად იყო ჩართული მათ ეფექტიან განხორციელებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.