USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 30 ივლისის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  233

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდებიან მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი შემდეგნაირად განისაზღვრება: 5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%; 5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%.

„რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მისი თქმით, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს კვლავ შეუძლიათ.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მიხვიდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის - ორი ადგილი.

„შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა.

კახა კალაძემ ყურადღება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის გამგეობა ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალურ გამაგრებას ახორციელებს.

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე 20 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც მომავალ წელს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.

„მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. ამაჟამად, შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიული შენობების განახლების პროცესში ბიზნესის ჩართულობას.

„აღნიშნული პროგრამა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ქალაქში, სამწუხაროდ, ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, არსებობს ძეგლები, რომელთაც განახლება სჭირდებათ. ჩვენ დავნერგეთ ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ბიზნესის ჩართულობით მოვახდინოთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა, განახლება, მოწესრიგება. თბილისის განვითარების ფონდი გარკვეულ პროექტებს უკვე ახორციელებს. მათ შორის, დაგეგმილია ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია-განახლება, იქ არსებული შენობების მოწესრიგება. მათგან უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, თუმცა მარტო ფონდი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ავარიული სახლების მიმართულებით გვაქვს. ამიტომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასევე, მოსახლეობას მოვუწოდებ, გამოიყენეთ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ და შეძლებთ, მოაგვაროთ არსებული პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრილი მოქალაქეების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმდა ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ იმ ოჯახებს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული და საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, მათ უზრუნველვყოფთ ქირით და ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები, ამასაც შესაბამისი პროცედურები აქვს. ჯერ უნდა მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც დაგეხმარებიან, თუ რა საბუთები უნდა შეაგროვოთ და წარადგინოთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ სტატუსი მიიღოთ. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი შესაბამისი ქონებით დაგაკმაყოფილებთ, იქამდე კი ქირით იქნებით გაყვანილი. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმებულია ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ნუ მოუსმენთ არასწორ ინფორმაციებს, რადგან ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა, რეალობა ერთია, რომ მუნიციპალიტეტი, როგორც ადრე, ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მათი ქირით გაყვანისთვის. ტყუილია, რომ თითქოს ამ ადამიანებს ქირით ერთი და სამი თვით გაყვანა შევთავაზეთ. ჩვენ ქირით გაგვყავს ერთი წელი, ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება თავიდან გაფორმდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა.

„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას - პარკების, სკვერების მოწყობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.

კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან. სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ტარდება.

„ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000-მდე ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გლდანში პატარა ტბის მიმდებარედ წყალარინების ქსელის და სატუმბის სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

„გლდანის გამგეობამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, წყალარინების ქსელისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ყიფიანი დაინიშნება, რომელიც მანამდე გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

„ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. დღეიდან იგი დაინიშნება გამგებლის თანამდებობაზე. ვუსურვებ მას წარმატებებს. ვაკის რაიონში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.