USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 23 ოქტომბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე
дата:  309

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მისი თქმით, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.

„ყველას კარგად ემახსოვრება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ტრამვაის დაბრუნების შესახებ. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ე.წ. Design-Build მეთოდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.

„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.

კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.

მანვე საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება და დაემატა ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

თბილისის მერის თქმით, საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელიც.

„პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და ასფალტის საფარის დასაგებად საფუძველი მომზადდა. მისამართზე ასევე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც ტერასულად აშენდება. ამ ტიპის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე მნიშვნელოვანია, რათა, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს. აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს.    

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რაიონების მიხედვით გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

„დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები. გვინდა, ავითვისოთ ყველა მიტოვებული თუ სარეაბილიტაციო არეალი. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა დამჭერი კედლების მშენებლობა და აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გვაქვს ისეთი ქუჩებიც, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. რა თქმა უნდა, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.    

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати