თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც ორი დღის წინ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. სამწუხაროდ, ავარიული კორპუსი ჩამოინგრა, მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
მე არაერთი განმარტება გავაკეთე ამ ორი დღის განმავლობაში, თუმცა მანამდეც ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას. ავარიული შენობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახლით ჩანაცვლებას. 2021 წელს დავპირდით ხალხს, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც მსგავს შენობებს ჩავანაცვლებდით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება, წარმოუდგენელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, რომ ისარგებლონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, რადგან მუნიციპალიტეტი თავდებში უდგება მათ და მაქსიმუმ ორ წელში ახალაშენებულ ბინებს ჩააბარებს.
„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
აქ უკვე საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ცრუ ინფორმაციებზე, რომელიც ბოლო დღეებში აღნიშნული ფაქტის გარშემო გავრცელდა და განმარტა, რომ კანონის მიხედვით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის დაწყება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება. აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც
უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს - გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმ ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია.
გარდა ამისა, გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა და მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ მისით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არის თქვენს უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება.
„სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.
„პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა იყო, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება - შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო.
„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ყველა რაიონში გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.
„დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც მოეწყო და რეაბილიტირდა ორი სკვერი. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა; სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები; სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, იმიტომ, რომ ყველა რაიონში გვაქვს იმის საშუალება, უბნების დონეზე მოვაწყოთ მწვანე სივრცეები, სადაც იქვე მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს განტვირთვასა და ვარჯიშს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.