თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.
„მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ხვალ, 20:00 საათზე, გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, მატჩს დიდ ეკრანებზე უყუროს. დასწრება უფასოა და ყველას გეპატიჟებით. გპირდებით, საგულშემატკივროდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილ მატჩებში წარმატებები უსურვა.
„ხვალ, ჩვენს ბიჭებს აქვთ პირველი თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. თავადაც არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ არის და მნიშვნელოვანია, თამაშების წარმატებით ჩატარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება.
მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები აშენდება. გვირაბში იქნება ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. სამუშაოები ამ კვირაში დაიწყება და 2025 წლის იანვარში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ.
„მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ფერდზე საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხუთ თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ბაგების დასახლებაში ამჟამად მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა.
„ბაგების დასახლებაში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოეწყობა ტროტუარი, გაჩნდება საპარკინგე არეალები. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციებს ვცვლით, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც იწვევს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, რომელიც ეტაპობრივად, ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge განხორციელდება.
„თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება ეტაპობრივად ვებგვერდზე - www. youthtbilisi.ge. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 4 000-მა ახალგაზრდამ, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 000-მდე მონაწილე იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატა ახალი მიმართულებებიც. მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებას, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულებით უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, საპილოტე პროექტის დაწყებაა, რომელსაც თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
მისივე განმარტებით, პროექტის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენა და შესაბამისი რეაგირების მოხდენაა.
„აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრებაც. ზოგადად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ძალიან წუხს მოსახლეობა სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებით ღამის საათებში, გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილები, რომლებიც ხელს უშლიან თბილისის მცხოვრებლებს დასვენებასა და განტვირთვაში. საპილოტე პროექტის შედეგების საფუძველზე, ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტი, რაც აღნიშნულ პრობლემას არსებითად გადაწყვეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახორციელებს ახალ ინიციატივას - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“.
დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმა ნებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ.
„პროექტის - „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამ მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება პროექტის ფარგლებში შემუშავებული აღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზების შესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია - დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.