USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა
дата:  789
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

მისი თქმით, სატრანსპორტო რეფორმის მიზანია მოქალაქეების სწრაფი და კომფორტული გადაადგილება და ის ფუნდამენტურად ცვლის აქამდე არსებულ მიდგომებს.

„პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკაში უპირატესობა ქვეითებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს ენიჭება.

„ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა.

სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ბოლოს კი კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის წამოწყება გარკვეულ რისკებსაც შეიცავდა, თუმცა, გუნდმა ეს ნაბიჯი დედაქალაქის სასიცოცხლო ინტერესისთვის მაინც გადადგა.

„ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც იმდენად მაშტაბურია რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო,   ყველა თავს არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის გახსნას. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

მიმაჩნია, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას,   მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ჩვენ გავრისკეთ ამ გამოწვევასთან შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას და ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მუნიციპალიტეტს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ.

„მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტები თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება, ტრანსპორტის მართვის სისტემა, ავტობუსების პარკის განახლება, მიკროავტობუსების პარკის განახლება, მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირება, ქვეითებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მისი მოხმარების ზრდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარების მკვეთრი შემცირება და მულტიმოდალური, უსაფრთხო და კომფორტული ქუჩის დიზაინი.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს არის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ქუჩები.

„ეს არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს განვითარებული თბილისი, როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო პოლიტიკა, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურა. ეს არის ხედვა, თუ როგორ გვინდა, მომდევნო წლების განმავლობაში ქუჩები დაპროექტებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ანგარიშის წარდგენაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეითებისა და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. კერძოდ, ქალაქის მასშტაბით 19 ლოკაციაზე განხორციელდა მიწისზედა გადასასვლელი ხიდების დემონტაჟი და მათ ნაცვლად მოეწყო შუქნიშნით რეგულირებადი ზებრა გადასასვლელები; მოეწყო და დაიხაზა ველოსიპედის 22-კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი; გატარებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი, რომელსაც თბილისში არაერთი კომპანია ახორციელებს.

ღონისძიებაზე თბილისის ვიცე-მერმა ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, რაც მოცდის დროს საშუალოდ 4 წუთამდე შეამცირებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამდონიანია. ის შედგება სწრაფი გადაადგილების დერეფნისა და მისი მკვებავი, დამაკავშირებელი ორი - საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებისგან. სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე მოძრაობს 12-მეტრიანი და მომავალში იმოძრავებს უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საქალაქო და საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6, 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ქსელის სრულად იმპლემენტაციის შემდეგ, მოცდის დრო მცირდება მინიმუმამდე. ეს იქნება საშუალოდ 4 წუთი, ხოლო ავტობუსების ტევადობა და გამტარუნარიანობა იზრდება 2.5-ჯერ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პრეზენტაციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა დედაქალაქის მერმაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საავტობუსე ზოლები არ მოეწყობა, ტრანსპორტის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აზრი ეკარგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ საავტობუსე ზოლები არ განვახორციელეთ პროექტის სახით, მაშინ ამ რეფორმების განხორციელებას მთლიანად აზრი ეკარგება. პრობლემა მხოლოდ იმით არ მოგვარდება, რომ შევიძინოთ ახალი ავტობუსები და ძველი ჩავანაცვლოთ ახლით. ქალაქში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა მოცდის დროსთან დაკავშირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქალაქში ჯერ კიდევ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ქუჩებზე დაიხაზა საავტობუსე ზოლები, მაგრამ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ვიცე-მერი საუბრობდა, მთლიანად მოწესრიგებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უწევთ ნახევარი საათი, 40 წუთი ლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ და ვზრდით ავტობუსების რაოდენობას და გვყავს განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ამას ჭირდება შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პირობა მისცა დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, თბილისში პრობლემა არასდროს დადგება.  

„ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება. ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ამიტომაც შემოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციის მქონე 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და ამ შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში კიდევ 380 ერთეული ავტობუსი და 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

„ავტობუსების პარკის განახლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო. ეს მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდებოდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა ეს შეძლო და დღეს უკვე თბილისს ჰყავს, ჯამში, 680 ერთეული, რომელიც უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მიმდინარეობს დამატებითი რაოდენობების - 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლება. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, ხელმოწერილია ხელშეკრულებები კომპანიასთანაც და საბანკო დაწესებულებებთანაც. უკვე შესყიდულია 700 ერთეული, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედ გადახდის ერთიან სისტემას 2021 წლის 1 აპრილიდან დაემატა ინტეგრირებულ ქსელში ჩართული ახალი მიკროავტობუსები და ამოქმედდა 90 წუთიანი უფასო გადაჯდომის წესი და ამოქმედდა საბანკო ბარათებით გადახდა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.

ანგარიშის წარდგენაზე საუბარი შეეხო ტაქსის რეფორმასაც, რომელიც 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი, მერიამ დააწესა უფასო ვაუჩერი. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცათ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რეფორმას შემდეგი ეტაპებიც დაემატება.

„ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს იყოს გამართული და მოწესრიგებული.   ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის პარკირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, 2018 წლიდან „სითი პარკის“ ნაცვლად პარკირების ოპერატორის ფუნქცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა, ხოლო ზოგიერთ ქუჩაზე ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება.

ზონალურ საათობრივი პარკირების მიზანია: პარკირების ადგილებზე ვიზიტორთათვის პარკირების გამარტივება; ქუჩის მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომის გაუმჯობესება და საპარკინგე ზონებში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება. ზონალური პარკირების ფარგლებში ჯამში განისაზღვრა 4 687 საპარკინგე ადგილი.

ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივ მცხოვრებთათვის, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა ამის გადაწყვეტას, უკვე დახურულია. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 22 თვის განმავლობაში დასრულდება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი 3 კმ სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 მგზავრობა. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

როგორც ანგარიშის წარდგენაზე ითქვა, მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება.

„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ შეეხო ტრანსპორტის რეფორმის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მისი თქმით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს.

„როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო ის, ვიყავით თუ არა მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი. გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული, ყველაზე მწვანე იყოს, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დავაკლებთ ამ ქალაქს, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დარგის სპეციალისტები.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати