USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა შეაჯამა
თარიღი:  321
თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ზღვისუბნის პარკში გაიმართა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ 2017 წელს, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული - ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. ცხადია, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშენებლობის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს სკვერებითა და პარკებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს კულტურა შემოვიტანეთ და თბილისის პარკები სავსეა მოსახლეობით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.
„თვალშისაცემია გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ყველა ხედავს, თუ როგორ იცვლება ჩვენი ქალაქი უკეთესებისკენ. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ამბიციური გეგმები და ცოდნა, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რადგან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - მიმდინარეობს მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოები, რომელიც თბილისის ე.წ. ფილტვებია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მთლიანად ხდება აღნიშნული ფერდის განახლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული კონკრეტული პროექტები საზოგადოებას დეტალურად თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბასილაიამ გააცნო.
მისი თქმით, 2018 წლიდან დღემდე თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს; 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა, სადაც დაირგო 80 ათასზე მეტი ხე; განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და მულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა.
გარდა ამისა, დედაქალაქში მოეწყო 36 შადრევანი, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 ათასამდე მწვანე ნარგავი; მოეწყო ზღვისუბნის პარკი; პარკები მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანშიც, ასევე, გაკეთდა ლიბანის სკვერი; ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ გასხვისებული, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატა „მზიურის“ პარკს, რომელიც უკვე 16 ჰექტარს მოიცავს.
რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, მერის მოადგილის თქმით, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა), მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, კ. გამსახურდიას სახელობის სკვერი (ე.წ. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში - ციციშვილის პარკი.
„როგორც კი იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია გარემოსდაცვით ღონისძიებებზე. შედარებისთვის, 2010-2017 წლებში ჯამურად იყო 97 მლნ ლარი გამოყოფილი აღნიშნულ მიმართულებაზე, წელს კი, გაცილებით მეტი თანხა იხარჯება ვიდრე ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში იყო დახარჯული. დამეთანხმებით, რომ შედეგიც სახეზეა. სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის გარდა, ჩვენი ეკოსისტემისთვის აუცილებელი ძალიან ბევრი ღონისძიება ხორციელდება“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
ანდრია ბასილაიამ მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ვერის პარკის რეაბილიტაცია შედის; პარკი ეწყობა სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; შესაბამისი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს გლდანის ტბის ირგვლივ; ხორციელდება შარტავას სკვერის რეაბილიტაცია ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ; გახოკიძის ქუჩაზე 100-ზე მეტი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და გამოთავისუფლებულ, დაახლოებით, 3 ჰექტარ სივრცეზე მიმდინარეობს პარკის მშენებლობა.
ხუდადოვის ტყე-პარკის მშენებლობაზე საუბრისას, ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ეკოსისტემისთვის. აქ ეტაპობრივად განხორციელდა რამდენიმე პროექტი და ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამუშაოს ჩატარება იგეგმება.
ანდრია ბასილაიას თქმით, უმნიშვნელოვანესია პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მთაწმინდის ფერდის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს. პროექტის აქტიური ფაზა მომავალ წელს დასრულდება.
„თითქმის 700 ჰექტრამდე ფართობის სივრცის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. დაირგო 400 ათასამდე ნერგი, მოეწყო სარწყავი სისტემა. ეს სივრცე მოვლა-პატრონობაში გადაეცემა დედაქალაქს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ იმიტომ, რომ ამ პროექტის მასშტაბი იყო უპრეცედენტო. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ფერდი. დღეს სრულად მოხსნილია ხეების დაავადებების გავრცელების პრობლემა. დაირგი ნერგები, რაც იმის გარანტიაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთაწმინდის ფერდი და ეს ეკოსისტემა იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, შეიქნა ახალი მუნიციპალური სამსახური „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც არის დედაქალაქის მებაღე.
„მოვლა-პატრონობის ბიუჯეტიც იზრდება ყოველწლიურად, იმიტომ, რომ იზრდება ის არეალი, რომელსაც „ეკოსერვის ჯგუფი“ უვლის. დღეისთვის ეს არის უკვე 540 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ამ მიმართულების მხარდაჭერა“, - აღნიშნა მერის მაოდგილემ.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმდინარე პროექტებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ხორციელდება ისტორიული შენობების რეაბილიტაცია და მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს კლდოვანი ფერდობების სტაბილიზაცია, ეწყობა დამჭერი კედლები და დამცავი მოაჯირები.
პრეზენტაციის დასასრულს, თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს და დედაქალაქის მოსახლეობას.
„მადლობა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ამ თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული პროექტების განხორციელება. შეუძლებელია ვისაუბროთ მომავალზე, თუ არ იქნა ეს მხარდაჭერა იმისთვის, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ბევრი პროექტი განხორციელდეს, როგორც გამწვანების, ისე ყველა იმ საკვანძო მიმართულებით, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის