USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
კახა კალაძე: ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება
თარიღი:  

ერთგვარ ტრადიციად იქცა ის, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანთებთ ჩვენს ჯადოსნურ ულამაზეს დედაქალაქს და ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს. ეს არ არის უბრალო ღონისძიება, რომ ავანთოთ ნაძვის ხე, გავანათოთ ქუჩები და ა.შ. ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი დედაქალაქის, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან, უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან უკვე შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება - ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება. ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ჰქვია. ერთგვარ ტრადიციად იქცა ის, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანთებთ ჩვენს ჯადოსნურ ულამაზეს დედაქალაქს და ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს. ეს არ არის უბრალო ღონისძიება, რომ ავანთოთ ნაძვის ხე, გავანათოთ ქუჩები და ა.შ. ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის