თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს მიმართა, რომ მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებლობა დასრულებულია და დამკვეთი კომპანიის მხრიდან არ ხდება ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.
კალაძის თქმით, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს იმ ოჯახებისთვის, ვინც აშენებული კორპუსში საცხოვრებელი ბინა კეთილსინდისიერად შეიძინა და მშენებლის თუ დეველოპერის დაუდევრობის გამო ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ახერხებს.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების და მონიტორინგის გამკაცრება.
“სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, მათ შორის არის ქალაქში დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.
ამ კუთხით წლების განმავლობაში კონკრეტული გამოწვევებია არსებობდა, რაც სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას უკავშირდებოდა. აღნიშნული პრობლემის გამო ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ვინაიდან მათ საკუთრებას დასრულებულის სტატუსი არ ჰქონდა, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ იქმნებოდა და მესაკუთრეები მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით ვერ სარგებლობდნენ.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი შეიმუშავა. პარლამენტის მხარდაჭერით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა და მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით 2023 წლის 27 ივლისამდე განაცხადების მიღება ხდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.
მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.
“ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს) ეხება. ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონმდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით.
მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურება.
ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/