USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
Date:  894

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ტურნირში წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული.

„ბევრი ყოფილი ფეხბურთელი მონაწილეობს ამ ტურნირში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირის დაფუძნების თანამონაწილე ვარ. საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, დაკავდნენ სპორტით, აღნიშნული ტურნირი ამის ძალიან მაგარი შესაძლებლობაა. წლიდან წლამდე ეს ტურნირი ძალებს იკრებს და დარწმუნებული ვარ, წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, ახალი თაობა დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხატა ტურნირის ორგანიზატორებსა და სპონსორებს.

„მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დედაქალაქის მერი, უკვე მეორედ, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კახა კალაძე წლევანდელი „მასტერ ქაფის“ საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ „მასტერ ლიგების“, ასევე, „მასტერ ლიგა 3“-ის, „მასტერ ლიგა 2“-ის, „მასტერ ლიგა 1“-ის, „თბილისის მერიის თასის“ და „მასტერ ქაფის“ ტურნირების მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდების მენეჯერები, მათ შორის თბილისის მერიისა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის გუნდებიდან.

7x7 ფეხბურთის ასოციაცია, უკვე მეექვსე წელია, ორგანიზებას უწევს 7x7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, რათა ხელი შეეწყოს ფეხბურთის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროფესიონალური, ნახევრად პროფესიონალური და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way