USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
კახა კალაძე გენგეგმის ავტორის კრიტიკას პასუხობს
თარიღი:  942

წყარო:bm.ge

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას „ქართუ ფონდი" თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე კი მასშტაბური პროექტის განვითარებას გეგმავს. საქალაქო ურბანულ სამსახურს, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ “კოსტავას 69”-მ უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც გმირთა მოედნის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება; საერთო ფართობი 155 588 კვადრატული მეტია. არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. გენგეგმის ავტორი, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ „ვერსად ამოიკითხა მყარი არგუმენტაცია სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლების აუცილებლობასთან დაკავშირებით“.

"რას უპასუხებდით დედაქალაქის გენგემის ავტორს"? - ჰკითხა BM.ge-მ კახა კალაძეს, რომელიც ზონის ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს.


„ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმისა, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი, რომელიც ედო სხვადასხვა არეალს, შეიცვალა. ვფიქრობ, ალბათ იმდენი უნდა ესმოდეთ და იცოდნენ, რომ ეს შესაძლებელი და დაშვებულია. ეს არ არის გამონაკლისითქვენ ხედავთ, თუ როგორ არის განვითარებული აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია. როგორ შეიძლება ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი?!", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - "ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი დედაქალაქის გენგეგმის მიხედვით მიენიჭა", ქალაქის მერმა შემდეგი პასუხი გასცა: "გენგეგმის მიხედვით დაედო ეს სტატუსი, თუმცა იქვე გაჩნდა დოკუმენტები, რომ შესაძლებელია, მოხდეს ადგილმონაცვლეობა ან არის ისეთი შემთხვევები, როცა კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ თავიანთი მიწის ზონალურობა იმ გადაწყვეტილებით, როცა გენერალური გეგმა დამტკიცდა. იქ არის ჩანაწერი, რომ შესაძლებელია, მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს და გადაწყვიტოს ან თანხობრივად გამოისყიდოს ადამიანებისგან ასეთი მიწები, ან შეუძლია შეუცვალოს სტატუსი“.

მედიის კიდევ ერთ კითხვას - გადაწყვეტილია თუ არა ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა და თავად ქალაქის მერს მოსწონს თუ არა ეს პროექტი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ "ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა მის მოწონებაზე არ არის".

„მუნიციპალიტეტს ჰყავს შესაბამისი სამსახურები - როგორც არქიტექტურული, ისე - ურბანული და იქ მუშაობენ პროფესიონალები. ყველას ჩართულობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება განაშენიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტული არეალის განვითარებასა და მოწესრიგებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"გამოვხატავ მზაობას, რომ ყველა მსურველი ჩაერთოს და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ძალიან დაზიანდა "ლაგუნა ვერე"... მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები, რათა შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც თბილისელები გამოიყენებენ", - ამბობს კახა კალაძე. 

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიის სამომავლო განაშენიანებასთან დაკავშირებით, თბილისის მერს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ხომ არ გამოიწვევს ადგილზე 65-სართულიანი კომპლექსის აშენება სატრანსპორტო კოლაფსს, რაზეც მერმა თქვა, რომ სატრანსპორტო კვლევების გარეშე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.

ამ თემაზე საუბრისას bm.ge-მ ქალაქის მერს ასევე ჰკითხა, რეკრეაციული ზონის შეცვლაში არის თუ არა „ქართუ ფონდის“ ფაქტორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თბილისის მერი ირწმუნება, რომ არ არის.

„თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს დედაქალაქში?! რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ნებართვები?! არასდროს უკან არ დაგვიხევია, მოგაწოდებთ ინფორმაციას... აქ ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პროექტი რომ ავიღოთ ლისის ტბის მიმდებარედ, ჰკითხეთ ბატონ მამუკას, თუ შექმნია ოდესმე პრობლემა პროექტთან მიმართებით, ან სხვა პროექტებთან, რომლებსაც ახორციელებს. რაც ხელისუფლებაში ვარ, არასოდეს მიკადრია და არც ვიკადრებ, რომ ვიღაცას ხელი შევუშალოთ პოლიტიკური შეხედულებების გამო - ან დავაზიანოთ ან ხელი შევუწყოთ“, - თქვა კახა კალაძემ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის