დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.
კითხვაზე, რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოს და ინვესტორის ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა.
„სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ ამ ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორს-მაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - ან ადგილმონაცვლეობასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე ამ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს.
ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/