საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის განვითარებასა და მომავალს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. შესაბამისად, მათაც აქვთ სურვილი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც განსაკუთრებით, ბოლო წლებში იგრძნობა, გაგრძელდეს. არის მხარდაჭერა და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება და პოლიტიკური დისკუსიის დაწყება მოვახერხოთ. სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მომავალას. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები, არის აუცილებელი. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სჯობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ტელევიზიებით საუბრის ნაცვლად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები არ დავსხდებით, შეუძლებელია ასე დისტანციურად და ტელევიზიებით ვესაუბროთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისები, ამას მერე სჭირდება მაგიდასთან დაჯდომა, საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი გვიყვარდეს ან ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვქონდეს, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ამ ყველაფრის მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები, საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს და ყველამ, რომ კანონი არის უზენაესი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მნიშვნელოვანია, დიალოგი, ერთმანეთის პატივისცემა და ყველაფერი არის მოგვარებადი პოლიტიკური დისკუსიის დაწყებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/