USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ჯეოქეისი - ნახევარგამტარების გეოპოლიტიკა
თარიღი:  1278

ავტორი: გიორგი ანთაძე

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ტექნოლოგიებზე ადამიანის ცხოვრების დამოკიდებულება და მისი სულ უფრო მზარდი როლი არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესში. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გარეშე ადამიანთა ყოფიერების ყოველდღიურობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია - დაწყებული მობილური ტელეფონებით და დამთავრებული ჭკვიანი მანქანებითა თუ წარმოების საშუალებებით.  ამასთან ერთად კავშირგაბმულობის განვითარების ახალი ეტაპები, 5G ტექნოლოგიები და მისი შესაძლო გავლენა ინდუსტრიულ წარმოებებისა და შრომის ბაზარზე დღეს ფართოდ განიხილება. ნებისმიერი განვითარებადი სფერო წარმოუდგენელია გამომთვლელი პროცესორების, მიკროჩიპებისა და სხვა თანამედროვ კომპონენტების გამოყენების გარეშე. 


დიდია ამ ტექნოლოგიების გავლენა ბრძოლის წარმოების ხერხებსა და მეთოდებზეც, თანამედროვ სამხედრო თეორია, განუყოფელია მაღალტექნოლოგიური იარაღისგან. ამასთან ადამიანთა ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო ანალოგიურად მჭიდროდაა გადაჯაჭვული კომპიუტერული ტექნოლოგიებთან. დღეს სახელმწიფოების ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ინდუსტრიული განვითარება  შეუძლებელია აღნიშნული პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებზე თავისუფალი წვდომის გარეშე. 


ყველა სახის ციფრული და გამოთვლითი ტექნოლოგია ეყრდნობა მიკრო და ნანოელექტრონიკას. იგი ასევე გამოიყენება სხვა ღირებულებათა ჯაჭვებში, როგორებიცაა ავტონომიური მანქანები (AV) და ხელოვნური ინტელექტი (AI). მიკრო და ნანოელექტრონიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაციფრებასა და ზოგად ტექნოლოგიურ კონკურენტუნარიანობაში. დღეს მიკრო და ნანოელექტრონიკის ღირებულებათა ჯაჭვი გლობალიზებულია და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარე წყაროებზე (outsourced).  


ამ კონტექსტში, უმნიშვნელოვანესია ე.წ. გამომთვლელი ჩიპების როლი და ადგილი. ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ამა თუ იმ „სმარტ ტექნოლოგიის“, ან „გაჯეტის“ გამოყენებისას ნაკლებად ფიქრობს მისი შემადგენელი კომპონენტების წარმოების ნიუანსებზე, იმ საკითხებზე თუ სად იწარმოება მისი სასიცოცხლოდ მნივშნელოვანი შემადგენელი  ნაწილები. მაგრამ, თუ ჩვენ დღეს აღნიშნულ ბაზარზე შექმნილ სიტუაციას გადავხედავთ, დავინახავთ ფრიად საინტერესო სურათს, რომელსაც არა მარტო ეკონომიკური, არამედ წმინდა პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. 


წამყვანი სახელმწიფოები, ტექნოლოგიური მარათონის პირობებში ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროები გააფართოვონ, როგორც კიბერ სფეროში, ასევე ამ სფეროს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კომპონენტების წარმოებაზეც. სწორდ ამ საკითხს დავაკვირდებით დღეს ჩვენ და შევეცდებით მიმოვიხილოთ დღეს მსოფლიოში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, ჯეოქესის მკითხველი საკმაოდ საინტერესო სურათის წინაშე აღმოჩნდება, დღეს კოვიდ 19-ის პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისა უნარის სუვერენული საშუალებების არსებობა, იქნება ეს ცალკეული ქვეყანა თუ ევროკავშირის მსგავსი გაერთიანებები. აღნიშნული კარგად ჩანს ელემენტარულად პირბადეების წარმოებაზეც. პანდემიის პირობებში ცხოვრებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილება კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და იმ პროდუქტებზე რომლებიც აღნიშნულ ტექნოლოგიებს მასიურად იყენებენ.  ყოველივეს შედეგად, დღეს მსოფლიოში შეიქმნა ვითარება სადაც მაღალტექნოლოგიური წარმოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების - კომპიუტერული მიკროჩიპების და პროცესორების წარმოების უდიდესი დეფიციტია. 


უკანასკნელი დეკადის განმავლობაში სმარტფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების არნახული ზრდის პირობებში, ყველა ტიპის ნახევარგამტარებზე მოთხოვნილება უკიდურესად გაზრდილია, დაწყებული მარტივი მიკროკონტროლორებით, დამთავრებული მაღალი წარმადობის პროცესორებით. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ნაგევარგამტარების გაყიდვები ოდნავ შეფერხდა, 2020 წლის მონაცემებით სახლის სხვადასხვა გაჯეტებისათვის მისი გაყიდვები 5,4% გაიზარდა. ქვემოთ მოცემულია სქემა რომელიც ასახავს სექტორული გაყიდვების მონაცემებს მილიარდ აშშ დოლარში, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიაშიც. (წყარო ბლუმბერგი ) 
 

ამ დროისათვის მოთხოვნილება მიწოდებას დაახლოებით 25%-ით აჭარბებს. აღნიშნული პროცესის გავლენა განსაკუთრებით ავტო წარმოებაზე იგრძნობა, რაც არა ერთი დიდი მწარმოებლის მაქნანების მყიდველთან მიწოდებაზე რამდენიმე კვირიან დაგვიანებაში აისახება. კვლევითი კომპანია IHS Markit-ის მონაცემებით, არსებული დეფიციტმა  1,3 მილიონი მანქანის დროულ წარმოებაზე მოახდინა გავლენა მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. 


მიზეზი მარტივია, ოდესღაც ძირითადად მექანიკური მანქანები - ავტომობილები კიდევ უფრო ჭკვიანები გახდენენ, რამაც პროპორციულად გამოიწვია მათ წარმოებაში მიკროჩიპების წილის ზრდა. ავტომატური ელექტრომოწყობილობები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს დაწყებული ეკრანებიდან, არსებული პროგნოზებით 2030 წლისათვის ერთეული ავტომობილის წარმოების ხარჯის 45% შეადგენს. ნახევარგამტარებზე დაფუძნებული ერთეული ავტომობილისთვის საჭირო კომპონენტების ღირებულება მოსალოდნელია რომ 475$-დან  600$-მდე გაიზრდება 2030 წლისათვის. 
 

(მიკროჩიპების ღირებულების წილი ერთეულ ავტომობილში; წყარო ბლუმბერგი)


აღსანიშნავია, რომ წარმოების ციკლების მეორე ბოლოში აქამდე ჩიპების წარმოების ტემპი მეწილად მოთხოვნას მიყვებოდა. მოთხოვნილი პროდუქციის მოცულობა, არსებული წარმოების სიმძლავრეების ადეკვატური იყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალტექნოლოგიური, განვითარებული წარმოება სულ უფრო კონცენტრირებული ხდება რამდენიმე მოთამაშის ხელში და რაც მთავარია კონკრეტულ გეოგრაფიულ არელაში.


აღნიშნული ტექნოლოგიების ჭრილში, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი და კომპლექსური დეტალი დღევანდელ დღეს არის ლოგიკური ჩიპები რომელთაც Qualcomm, Nvidia,  Apple და სხვები აწარმოებენ. სწორედ ეს ჩიპები აძლევენ „ინტელექტს“ კომპიუტერებსა და სმარტფონებს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სილიკონის ველში მყოფი ეს კომპანიები თვითონ არ აწარმოებენ უშუალოდ აღნიშნულ პროცესორებს, არამედ მათი დიზაინით არიან დაკავებულები.  ამ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილების უშუალო ფიზიკური წარმოება  საწარმოო სამსხმელო ქარხანა-საამქროებში ხდება. 


ნახევარგამტარების მსოფლიოში უმსხვილესმა მყიდველმა Apple-მა უკვე გამოცადა შეფერხების ეფექტი, როდესაც მისი ფლაგმანის, Iphone 12-ის გაყიდვა ორი თვით გადადო მიკროჩიპების დეფიციტის გამო.


ზოგადად ამერიკული ნახევარგამტარების  კომპანიებზე მოდის მსოფლიო გაყიდვების 46%, თუმცა მხოლოდ 12% არის უშუალოდ აშშ-ს ტერიტორიაზე წარმოებული. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ინდუსტრიის მიერ გამოყენებული მიკრო ჩიპებისა და ნახევარგამტარების 88% იმპორტირებულია, მათ შორის ის რაც ავტო და სამხედრო ინდუსტრიების მიერ გამოიყენება. იგივე აშშ, მაგალითად 1990 წელს, მსოფლიო ჩიპების 40%-ს აწარმოებდა, როცა დღეს მისი წილი მხოლოდ 10 %-ია. 


დღეს არსებული წარმოების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი, მდგომარეობს იმ ფაქტშიც, რომ მიკროჩიპებისა და პროცესორების მთელი მსოფლიო მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს სამი-ოთხი კომპანია აწარმოებს - TSMC, Samsung და მისი კონკურენტი კომპანიები კალიფორნიიდან - Globalfoundries Inc, რომელიც აბუ დაბის საინვესტიციო ჯგუფი მართავს და United Microelectronics Corp. 
 

ნახევარგამტარი საამქროებისა და აწყობის ოპერაციების თითქმის 80% კონცენტრირებულია აზიაში. ამიტომ, ბაზრის 60%-იანი წილით, წამყვანი ექსპორტიორები არიან ჩინეთი (34%), ტაივანი (14%), სამხრეთ კორეა და სინგაპური (ერთად 11%). ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა  გერმანიას, რომელიც მე-11 ადგილზეა და ნიდერლანდებს, რომელიც მე-13 ადგილზეა (თითოეულის წილი 2-2%).


ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ცოტა ხნის წინ, აპრილის თვეში, თეთრ სახლში სპეციალური სამიტი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის ისეთი გიგანტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, როგორებიც არიან Google,  Intel, HP, Dell, Ford და General Motors. ყველა მათგანი მიკროჩიპების წარმოების ირგვლივ შექმნილი პრობლემის განსახილველად იყო შეკრებილი. შექმნილი ვითარების გასაუმჯობესებლად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს 37 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად.  


აშშ-ის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის პრეზიდენტის, ჯონ ნეუფერის გაცხადებით, მიკროჩიპების წარმოების თვალსაზრისით აშშ-ის პოზიციების განსამტკიცებლად, აუცილებელია ვაშინგტონმა ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების წარმოება და მასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატივები აქტიურად დააფინანსოს, და პროცესი შედეგად თანხვედრაში უნდა იყოს ეროვნული თავდაცვის ბოლო ავტორიზაციის აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აღნიშნულ დოკუმენტში ნახევარგამტარების წარმოებას ცალკეული თავები ეძღვნება.


აღნიშნული პროცესები ლოგიკურია, განსაკუთრებით პანდემიისგან გამოწვეული გაკვეთილების გათვალისწინებით, ვინაიდან სახელმწიფოები დღეს იძულებულები არიან უფრო მეტი იფიქრონ ტექნიკურ დარგში სტრატეგიული ღირებულებების შექმნის თვალსაზრისით მეტ დამოუკიდებლობაზე და სუვერენული შესაძლებლობების განვითარებაზე.


აშშ-სთვის ჩიპების წარმოებაში დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი რამდენიმე კვირის წინ კორპორაცია  Intel-ის მიერ გაჟღერებული გეგმა შეიძლება იყოს, რომელიც 20 მილიარდი აშშ დოლარის ჩადებს აპირებს წარმოების საკუთარი სიმძლავრეების შესაქმნელად. ამჟამად 4 ახალი საწარმოოს აგება არის დაგეგმილი აშშ-ს ტერიტორიაზე. ორი Intel-ის მიერ, ერთი TCMS-ის არიზონაში და ერთიც Samsung მიერ ტეხასში. 


ის თუ რა გეოპოლიტიკური იმპლიკაციები შეილება ქონდეს მომავალში აღნიშნული ტექნოლოგიების წარმოების გეოგრაფიულ არეალს, ქვემოთ მოცემული სურათიდანაც ნათლად ჩანს.


(წყარო ბლუმბერგი)


როგორც ვხედავთ, პოტენციურად ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირების ესკალაციამ, შეიძლება ჩიპებისა და პროცესორების გლობალურ წარმოებასა და მოთხოვნილებაზე უდიდესი ნეგატიური გავლენა იქონიოს, რასაც ჰიპოთეტურად შეიძლება აქამდე არნახული ტექნოლოგიური დეფიციტი მოყვეს, ყველა მისგან შესაძლო გამომდინარე შედეგით. როგორც ვხედავთ, ტაივანური TSMC პროცესორების და ჩიპების მწარმოებელი ტრიუმვირატის უპირობო ლიდერია. არსებული გათვლებით, TSMC-ის ბიზნესის 25% Apple-ისგან მოდის, რომლის პროდუქციის პირდაპირი მწარმოებელიც არის აღნიშნული ფირმა. თუმცა ამის გარდა, TSMC-ის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა  ნახევარგამტარების მთლიანი მიწოდების გლობალურ ჯაჭვში. იგი ასევე აწარმოებს მიკროჩიპებს დარგის ისეთი გიგანტებისათვის, როგორებიც არიან Broadcom, Qualcomm, Nvidia, AMD და Texas Instruments. ეს ფირმები წარმოადგნენ ელექტრონული, კომპიუტერული, კომუნიკაციებისა და ავტონაწილების მსოფლიო გლობალური მოთხოვნის უდიდეს მიმწოდებლებს ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების კუთხით. ქვემოთ მოცემულ სქემაზე ნათლად ჩანს ამ კომპანიების მიერ მიწოდებული პროდუქციის მომხმარებლები. აღნიშნული ფირმების მიერ მიწოდებული სერვისებისა და პროდუქციების გარეშე დღეს ფაქტიურად წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი.
 


(წყარო ბლუმბერგი)


მაგალითისათვის, TSMC არის პირდაპირი მიმწოდებელი STMMicroeletronics-ის, რომელით თავის მხრივ პირდაპირ აწვდის პროდუქციას ყველასთვის ცნობილ TESLA-ს.


აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ოფიცალური პირები ასევე აქტიურად ითხოვენ ტაივანის ოფიციალური პირებისგან დახმარებას დღეს არსებული წარმოებისა და მიწოდების პრობლემების დასაძლევად და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აქტიურად ცდილობენ ადგილობრივი წარმოებების განვითარებას. თუმცა აღნიშნული წარმოებები მარტივი დასანერგი არ არის და შესაბამისი ქარხნების აშენებასა და სრულყოფილი საწარმოო ციკლის დაწყებას რამდენიმე წელი ჭირდება.


გასულ წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ კომპანიებზე დაწესებულმა სანქციებმა კიდევ უფრო გაამძაფრა არსებული ვითარება. სანქცირებული კომპანიების სიაში ჩიპების უმსხვილესი ჩინური მწარმოებელი Semiconductor Manufacturing International (SMIC)-ის მოხვდა, შესაბამისად მასთან დაკავშირებულმა ამერიკულმა ფირმებმა თავიანთი მოთხოვნა ტაივანურ კომპანიაზე გადაიტანეს.


როგორც ვხედავთ,  ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიები ფაქტობრივად სტრატეგიულ რესურს წარმოადგენს, რომლის გარეშე თანამედროვე ყოფა წარმოუდგენელია. თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში აშშ-ის ლიდერობა, თუ ჩინეთის ამბიციები, პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პროცესზე, თუ ეს ორი ქვეყანა რამდენად მოახერხებს თავისი გავლენების გავრცელებას ნახევარგამტარების წარმოებაზე. შესაბამისად წამყვანი ქვეყნების მიერ აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესება სულ უფრო მზარდია. 


ანალოგიური პროცესები მიდის ევროკავშირის მასშტაბითაც. ევროკომისიის განცხადებით, სასურველია ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების ევროპის ტერიტორიაზე წარმოების სიმძლავრეების შექმნა და განვითარება. ევროკომისიის სურვილია  ევროპის 6-%იანი წილი 20%-მდე გაიზარდოს და ამაში 20-30 მილიარდი ევროს ჩადება არის განსაზღვრული ახლო მომავალში.


ამერიკული გიგანტი Intel მზადაა ძალისხმევა ჩადოს აღნიშნული მიმართულებით, თუმცა სანაცვლოდ დაახლოებით 8  მილიარდიან სუბსიდირებას ითხოვს ევროპული მხარიდან ნახევარგამტარების ქარხნის ევროპაში გასახსნელად.


Intel-ის აღმასრულებელი მენეჯერი, უკვე შევხდა ევროკომისიის წარმომადგენლებს და გერმანიის შესაბამის დარგობრივ მინისტრებს. 


როგორც ვხედავთ, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია კრიტიკული ტექნოლოგიების წარმოებასა და გავრცელების პროცესებზე გლობალური მოთამაშეების, პირველ რიგში აშშ- სა და ჩინეთის დაპირისპირებაა. უკვე სახეზე არის ინტერნეტის სუვერენიზაციის მცდელობებიც. იქმნება გარკვეული ტექნოლოგიური გრავიტაციის ცენტრები ვაშინგტონისა და პეკინის ირგვლივ, რომელიც ამ სფეროში მთელი რიგი მიმართულებებით ვრცელდება. მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოების საკითხი დღეს უკვე მწვავე გლობალური მნიშვნელობის პრობლემა და წამყვანი ქვეყნების ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი საკითხია.


საქართველოსათვის ამ სფეროში არსებულ გლობალური ტრენდებზე დაკვირვება და მათი შესწავლა უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს როდესაც ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების გეგმები, ისევე როგორ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკვე სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის მაგალითია აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი. უსაფრთხო კომუნიკაციების, ან გნებავთ, მეგობრულად განწყობილი სამყაროს კომუნიკაციების გამოყენება უახლოეს მომავალში საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არჩევანი იქნება.

წყარო:https://www.geocase.ge/

საზოგადოება
გილოცავთ პეტრე-პავლობას !!!

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს თევზით არის ხსნილი. 12 ივლისს მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის