USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ: ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით
дата:  559

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის” (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ: „ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით". მასში განხილულია საკითხი საქართველოს დასავლური პერსპექტივისა და ორიენტაციის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“ - ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“ - თქვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

„შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, - განაცხადა სენატორმა პიტ რიკეტსმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.

„საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7327156.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати