USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
თბილისი
ჯაბა სამუშია - ვინ გადასცა ლორე სომხეთს?
თარიღი:  2457
სომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები. XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად "დიდი სომხეთის" შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს.
ვიქტორ ნოზაძე იგონებდა: "სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო - თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი".
1918 წლის დეკემბერში სომხეთის სამხედრო ნაწილებმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მიმართულებით. ქართულმა ნაწილებმა მოახერხეს მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი განდევნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმდა საგანგებო შეთანხმება, რომლითაც სადავო - ბორჩალოს მაზრის, ლორეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში - სომხეთის.
მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვაში ვკითხულობთ:
"უხსოვარ დროს მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომლებიც ჩვენში აქამდე უვნებლადაა დაცული, უეჭვოდ ამტკიცებს, რომ ლორეს სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად ედგნენ საქართველოს საზღვრებს სიმტკიცისათვის. საქართველოს მთავრობა ლორეს რაიონს რატომღაც, ვითომდა სადავო ტერიტორიად თვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან ვართ დაკავშირებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად და ყოველმხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყოვნებლივ საქართველოს ტერიტორიისთვის მისაერთებლად".
მიმართვას ხელს აწერენ ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მცხოვრებნი.
მიუხედავად ამისა, ლორეს ოლქთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უყოყმანოდ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სადავო ტერიტორია მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში დაიკავა, ისიც სომხეთის მთავრობის თხოვნით.
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ალექსანდრ ბეკზადიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო ნოტით მოსთხოვა ქართული ჯარის მიერ ლორეს ოლქის დატოვება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სომეხი კომუნისტების ამ პრეტენზიას დასაბუთებული პასუხი შეუთვალა.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ლორესთვის უკვე აღარავის ეცალა. ამით ისარგებლეს სომეხმა ბოლშევიკებმა და ოლქის შენიღბული ინკორპორაცია მოახდინეს.
***
ნეიტრალური ტერიტორიის სომხეთისთვის გადაცემას ქართველი ბოლშევიკებიც კი ეწინააღმდეგებოდნენ.
ლორეს ოლქის სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ ჟურნალი ,,ისტორიანი” 2011 წლის ივნისის ნომერში წერდა. სტატიაში მიმოხილული იყო 1921 წლის მოვლენები და იმ ერთობლივი კომისიის მუშაობა, რომელიც შექმნა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის საზღვრის გამიჯვნის მიზნით.
კავბიურომ 1921 წლის 7 ივლისს, იოსებ სტალინის მონაწილეობით, საგანგებოდ განიხილა ლორეს ნეიტრალური ზონის სტატუსი და დაადგინა, რომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა სომხეთის სს რესპუბლიკას შეუერთდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართველი ბოლშევიკები რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდნენ საზღვრების დემარკაციის კომისიისა და კავბიუროს გადაწყვეტილების შესაცვლელად. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს პოზიცია განსხვავებული იყო ამ საკითხის მიმართ. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტებით, რომელშიც ასახულია ქართველ ბოლშევიკთა ბრძოლა, რათა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში საქართველოს იურისდიქცია შეენარჩუნებინათ.
1921 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ქართველი ბოლშევიკები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ნეიტრალური ზონის სომხეთისთვის გადაცემა არ დაეშვათ, თუმცა იოსებ სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის პოზიცია ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივში მიკვლეულია საკმაოდ საინტერესო დოკუმენტების კრებული სათაურით: "რა ბედი ეწია ნეიტრალურ ზონას და ვინ გადაწყვიტა ეს დიდი საკითხი". აქ შეკრებილია ბრძანებები, გადაწყვეტილებები და კორესპონდენცია, რომელიც ეხება ნეიტრალურ ზონაში მიმდინარე მოვლენებს 1921 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. გთავაზობთ მათ სრული სახით.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტისთვის ნეიტრალური ზონის სომხეთისთვის უპირობო გადაცემა რომ მიუღებელი იყო, ეს გამოჩნდა 1921 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პლენუმის სხდომაზე. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისთვის გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი:
"იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში".
ქართველი ბოლშევიკების ასეთი განსხვავებული მოსაზრება ცხოვრებაშიც აისახა. არავის ეგონოს, რომ ეს იყო მხოლოდ "დოკუმენტებით ბრძოლა". როგორც ჩანს, საქართველოში ფიქრობდნენ, რომ რამენაირად შეაცვლევინებდნენ კავბიუროს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ბოლშევიკები ცოტა ინერტულები ჩანან. ამის მიზეზიც არსებობდა, მათსა და სტალინს შორის უკვე შეიმჩნეოდა ერთგვარი დაპირისპირება. პარტიის კურსიდან გადახვევაზე, ე.წ. "უკლონიზმზე" სტალინმა სწორედ 1921 წლის ზაფხულში გაამახვილა ყურადღება და ეს ტერმინი პირველად გამოიყენა კავკასიაში მოღვაწე იმ ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოთა რესპუბლიკების ხელოვნური გაერთიანების წინააღმდეგ წავიდნენ. სტალინთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას, როგორც ჩანს, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი მოერიდა.
ნეიტრალურ ზონასთან დაკავშირებით ქართველ ბოლშევიკებს შორის ერთსულოვნება არ ყოფილა. რეფერენდუმის ჩატარებას პლენუმზე მხარი დაუჭირა ხუთმა წევრმა და წინააღმდეგი წავიდა ხუთი. აშკარაა, კავბიუროს გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას საქართველოში ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტების საფუძველზეც, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.
1921 წლის 15 სექტემბერს რკინიგზის სამმართველო სთხოვს რევკომს, განუმარტოს:
"სადგური სანაინი საქართველოს რესპუბლიკაში შედის თუ სომხეთის, რადგანაც დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი სომხეთის ათი ათასიან მან. მიღება არ მიღების გარშემო სადგურ სანაინთან". (სტილი ყველგან დაცულია)
ამავე პერიოდშია გაგზავნილი რევოლუციური კომიტეტის სახელზე რკინიგზის უფროსის მოადგილის, ლიდერისა და გზების კომისრის, ვოსკანოვის წერილი:
"საქართველოს ს.ს.რ. რევოლუციონერ კომიტეტს.
სადგურ სანაინის მილიცია დაუყოვნებლივ მოითხოვს სომხეთის რესპუბლიკის 10.000 მან. ნიშნების მიღებას სადგურის ოპერაციების დროს იმ მოტივით, რომ სადგური სანაინი სომხეთის საზღვრებში შედისო. მოგახსენებთ, რა ამას, გთხოვთ განმიმარტოდ სადგური სანაინი შედის სომხეთის რესპუბლიკაში თუ საქართველოში.
ხელს აწერს: რკინის გზის უფროსის მოადგილე ლედერი, გზების კომისარი ვოსკანოვი".
ამ წერილის პასუხად რკინიგზის სამმართველოს სპეციალური განკარგულება მიეცა:
"ამიერ-კავკასიის რკინის გზების სამმართველო N740.
სადახლოდან სანაინამდე "დს"
საქართველო-სომხეთის საზღვრების საკითხის გამორკვევამდე სომხეთის ფულის ნიშნების მიღება შეჩერებულ იქმნას განსაკუთრებულ განკარგულებამდე.
ბელოვი
სამხ. კომის.
კალანდია
სწორეა (ხელის მოწერა)".
ამასთანავე სანაინის რკინიგზის სადგურზე შეიქმნა საკმაოდ მწვავე პრობლემა ტვირთების გაგზავნასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოსა და სომხეთის მთავრობები ერთმანეთს ედავებოდნენ, ვისი ნებართვა იყო საჭირო გადაზიდვის განხორციელებისას.
27 ოქტომბერსაც კი ეს საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა. ამ საკითხზე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე სიტყვიერ განკარგულებას იძლევა:
"27/10-21 წ. საქართველოს რევკომის მდივანმა ტელეფონით გადმომცა მე თქვენთვის გადმოსაცემად, რომ საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ჯერ-ჯერობით ეყრდნობა არსებულ დადგენილებებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან ტვირთების გაზიდვის საქმეში. ე.ი. ტვირთი შეიძლება გაზიდულ იქნას მხოლოდ რესპუბლიკის სათანადო კომისარიატების ნებართვით.
ნ.ს. მალიანსკი".
რაც შეეხება ფულის ნიშნების მიღებას, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემაც თითქმის ოქტომბრის მიწურულამდე საკმაოდ მწვავედ იდგა. ნეიტრალურ ზონაში არსებული რკინიგზის სადგურები უარს ამბობდნენ მიეღოთ სომხეთის ფულის ნიშნები და ფინანსურ ოპერაციებს კვლავინდებურად ქართული ბონის მეშვეობით აწარმოებდნენ.
ერთ-ერთ შეტყობინებაში აღნიშნულია:
"უჩ"/4 ცნობით თქვენ არ იღებთ კასაში სომხურ ფულის ნიშნებს 10.000 მან. ვთვლი რა ამ მოვლენას მომავალში დაუშვებლათ, წინადადებას გაძლევთ დაუყოვნებლივ მიიღოთ სადგურების კასაში სომხური ფულის 10.000 მან. ნიშნები.
მოროზოვი".
ამ თემაზე მიმოწერა წარმოებდა საქართველოს საბჭოთა მთავრობასთან:
“სანაინიდან N496
28/9-18 ს.
ბ ასლი დნ/2 - დ.ნ. ალექსანდროპოლი "უნ" მიღებულია დაჟინებითი მოთხოვნა სანაინის "უნ"-სა სომხური ფულის ნიშნების მიღების შესახებ. მესამეჯერ გთხოვთ თქვენს განკარგულებას.
N21129 დ.ს. გურგენიძე".
რამდენიმე დღეში გურგენიძის შეკითხვაზე წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქავთარაძის მიერ:
"სანამ საქართველოს-სომხეთის საზღვრების საკითხი გამოირკვეოდეს სომხური ფულის ნიშნების მიღება შეწყვიტეთ.
3/10 ს. ქავთარაძე".
ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ ნეიტრალურ ზონაში მოქმედი მეწარმეები, რომელთაც არსებული რეალობა მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა.
"თფილისი სომხეთის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
ეს მეორე შემთხვევაა, რომ სანაინის სადგურის უფროსი უარს ამბობს ალავერდის ქარხნიდან ბარგის მიღებაზე ერევანში გასაგზავნათ სომხეთის უმაღლეს სამეურნეო საბჭოს სახელზე და ითხოვს ნებართვას საქართველოს საზღვრებიდან გაზიდვის შესახებ. დაბეჯითებით გთხოვთ გამოარკვიოთ ეს გაუგებრობა და მოახდინოთ სათანადო განკარგულება რკინის გზებზე, რათა სომხეთის საზღვრებში ალაგი არ ჰქონდეს ისეთ მოთხოვნილებებს, რომლებიც, ალბათ, ემყარებიან საქართველოს ყოველ მენშევიკურ მთავრობის განკარგულებაზე. N149.
ალავერდის ქარხნის მმართველი ზორაბიანი.
დედანთან სწორეა: (ხელმოწერა)".
იმავდროულად ვითარებაში გარკვევას ცდილობდა კავბიურო, რომელმაც საგანგებოდ კავკასიის რკინიგზის უფროსი მიავლინა სომხეთში.
"საიდუმლო
ამიერ-კავკასიის ს.ს. რესპუბლიკების რკინის გზების უფროსისა და კომისარის მიმართვის ასლი, 28/10-21 წ. N1545, რ.კ.პ.ც.-კ. კავბიუროს.
ამასთანავე გირდგენთ მიწერ-მოწერას ახლად წამოჭრილ საქმის შესახებ საქართველო-სომხეთის საზღვრების სადაო საკითხის გამო, ვინაიდან ამ საქმის გამო მიღებულია ბევრი შეკითხვები, როგორც უშუალოდ ისე მომართვის ასლები თქვენგან ჩემს სახელზე.
საკითხის არსებითი მხარის შესახებ შემდეგს გატყობინებ: ფულების მიღების შესახებ სომხეთის მილიციის რაიონულ უფროსისაგან სამმართველოში მიღებულია ცნობა, რომ ნეიტრალურ ზონის ფარგლებში სადგურების უფროსები არ იღებენ სომხურ ფულის ნიშნებს. ჩემი სომხეთში ყოფნის დროს 3/10 სომხეთის სახ. კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება სომხეთის ადმინისტრაციის ძალა-უფლების გაფართოების შესახებ სადგურ ......მდე; დადგენილებას აქვე ვურთავ. ამ დადგენილებამდე სომხეთის სახ.კომის. საბჭოს თავმჯდომარესთან - ამხ. მიასნიკოვთან მოლაპარაკების თანახმად და თანახმად კავბიუროს დადგენილებისა მე გავეცი განკარგულება სომხურ ნიშნების მიღების შესახებ შემდეგ სადგურებში: სანაინი, ალავერდი, ახპატი და აირუმი. მაგრამ ვინაიდან ესევე საკითხი დადგა თფილისშიაც სამმართველოში, - ჩემი მოადგილე ამხ. ოსკანოვი შეეკითხა ამის გამო საქართველოს რევკომსა და საგ. საქმ. სახ. კომისარს, რაზედაც პასუხი არ მოსულა; მაგრამ 4/10 სამმართველოში მოვიდა სანაინის სადგურის უფროსის დეპეშის ასლი ამ საკითხის შესახებ საქართ. რევკომის თავმჯდომარის მოადგილის ამხ. ქავთარაძის წარწერით იმის შესახებ, რომ სანამ სომხეთ-საქართველოს შორის საზღვრების საკითხი გადასწყდებოდეს, - აიკრძალოს ნიშნების მიღება სადგ. სანაინში.
ზემოდაღწერილის გამო შეიქმნა დახლართული მდგომარეობა. ამის შემდეგ იწყო შემოსვლა შეკითხვებმა გაუგებრობის შესახებ ალავერდის ქარხნიდან სომხეთში ბარგის გაზიდვის გარშემო, ვინაიდან სადგურების უფროსები საქართველოს განკარგულების თანახმად, საქართველოს სათანადო კომისარიატების ნება დაურთველად გადასაზიდათ საქონელს არ იღებენ.
უკანასკნელის შესახებ 26 ამ თვეს მე შევეკითხე საქ. რევკომს.
მომავალში გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლათ, გთხოვთ განმარტოდ - დაუვყოვნებლივ გაატაროს ცხოვრებაში რკინის გზებში კავ-ბიუროს დადგენილება, თუ უნდა საქართველოს რევკომის სათანადო დადგენილებას და როგორ მოვიქცეთ დღეს სხ. შემთხვევებში.
ამ.კავკ.ს.ს.რ.რკ.გზ. უფროსი და კომისარი".
ბუნებრივია, ნეიტრალური ზონის დასაკუთრების საქმეში ყველაზე მეტად სომეხი ბოლშევიკები აქტიურობდნენ. ეს უკანასკნელნი უპირველესად იშველიებდნენ კავბიუროს 7 ივლისის გადაწყვეტილებას და ამ თემაზე განსხვავებული პოზიციის გაგონებაც არ სურდათ. 3 ოქტომბერს სომხეთის სახალხო კომისართა საბჭოზე განიხილეს ნეიტრალურ ზონაში არსებული ვითარება.
"ამონაწერი სომხეთის სახ. კომ. საბჭოს სხდომის ოქმიდან 18-60, 3/10-დან.
1921 წ.
მოისმინეს.
სომხურ ადმინისტრაციის ზონის შესახებ.
დაადგინეს.
თანახმად ფაქტიურ მდგომარეობისა გავრცელებულ იქმნას სომხეთის ადმინისტრაციის ძალა-უფლება სადგ. სადახლომდე უკანასკნელითურთ.
დედანთან სწორეა: საქმ. მწარმოებელი (ხელის მოწერა)".
ამონაწერი კავბიუროს სხდომის ოქმიდან (N13-7/7):
"1921 წ. დაესწრნენ: რ.კ.პ.ც.-კ. წევრი ამხ. სტალინი, კავბიუროს წევრები: ამხ. ამხ. ორჯონიკიძე, მახარაძე, კიროვი, ნარიმანოვი, მიასნიკოვი, ნაზარევიანი, ორახელაშვილი, ფიგატნერი, საქ. ს.ს.რ. საგ. საქ. კომ. სვანიძე, სომხ. ს.ს.რ.საგ.საქ. კომ. მრავიანი.
მოისმინეს:
ნეიტრალურ ზონის შეერთების შესახებ საქართველოსთან თუ სომხეთთან.
დაადგინეს:
მთელი ნეიტრალური ზონა შედის სომხ. ს.ს. რესპუბლიკის საზღვრებში.
დედანი სათანადო ხელწერით.
დედანთან სწორეა: რუს. კ.პ.ც.-კ. კავბიუროს საქმ. მმართვ. მოადგილე (ხელწერა)".
როგორც ვხედავთ ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა, შეენარჩუნებინათ ნეიტრალურ ზონაზე საქართველოს იურისდიქცია, უშედეგოდ დამთავრდა. ამ საქმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ სტალინი და ორჯონიკიძე და მათი პირდაპირი მითითებით გადაეცა ლორეს ოლქი სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკას.
ჯაბა სამუშია. ჟურნალი "ისტორიანი", 2012 წლის ნოემბრი, N11/23
სპორტი
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.