USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან - "საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა"
дата:  658

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს აგზავნის, რომელაც „ტვ პირველი ავრცელებს. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.

„არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას…

უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღეწული ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მაცხოვრებლებზე აისახა.

მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ – ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში; უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლეიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილებბის უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნეისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს „მადას“ არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები).

თვითონ კი, ვითომდა, გვერდზე გადგა, სინამდვილეში სრულიად დაიქვემდებარა საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები და მასმედიის უმეტესი ნაწილიო (მთლიანად ვერ მოახერხაო, მაგრამ მცდელობას არ აკლებსო). მართლმსაჯულების სისტემა (პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხანია თავისი ნებისა და ხუშტურების მოწინააღმდეგეთა მიმართ სადამსჯელო ინსტანციებად აქციაო, რომლებიც ყოველგვარი ღირსების და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფით, მზად არიან ნებისმიერი ბინძური დავალების შესასრულებლადო; – პუტინის კაციაო.

მის მიერ დაქვემდებარებული მთელი სახელისუფლებო პირამიდა არ აკლებს მცდელობას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროკავშირთან წევრობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და გეზი აიღოს რუსეთსა და მის შვილობილ ევროაზიური კავშირისაკენო. ამისთვის სჭირდებათო საქართველოს ეკონომიკის დაქცევა, ხალხის გაღარიბება და დაძაბუნება, განათლების სისტემის მოშლა, რადგან ღარიბი და უსწავლელი, ამასთან, ნიჰილიზმით შეპყრობილი მასა უფრო იოლი სამართავიაო;- ნებისმიერი ყალბი, უღირსი, ბინძური მეთოდების გამოყენებით ებრძვის ოპოზირიურ პარტიებს და ოპოზიციურ მასმედიასო.

ყველა მტრად გაიხადა, ვინც კი მის მიდგომებს ეწინააღმდეგება და არც დაპატიმრებებს ერიდება, ყალბი ბრალდებებითო; – ხელისუფლება გაუტკბა და მისი გახანგრძლივების მიზნით არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებაო. ყველანაირ ფოკუსს, ტყუილს და უკადრებელს იკადრებს ამ მიზნითო.

აბა რა გითხრათ, ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა – ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის – რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, მადლისთვის-მადლს, სიყალბისთვის- სიყალბეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას, სიძულვილისთვის-სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ.

ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. გისურვებთ გაერთიანებული ძალით წარმატების მიღწევას, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნის საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, ქვეყნის სასიკეთო, საერთო საქმეში.

ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება- ცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში“, – წერს ივერი მელაშვილი წერილში.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати