USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ისტორიულად დადასტურებულია, რომ დღევანდელი ბალყარეთის ტერიტორიის განსაზღვრულ მონაკვეთში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სვანები ცხოვრობდნენ...
თარიღი:  1595
ბალყარები - კავკასიის ხალხები
 
კავკასიაში ძირძველ კავკასიელებთან ერთად სხვადასხვა წარმომავლობის ეთნოსებიც მკვიდრობენ, მათ შორის თურქულ და ირანულენოვანი ხალხები. ერთ-ერთ თურქულენოვან ეთნოსს ბალყარები წარმოადგენენ, რომლებიც, ბუნებრივია, ისეთივე კავკასიელები არიან, როგორიც ისინი, ვისი ეთნოგენეზიც კავკასიაში მოხდა.
 
ბალყარები ყარაჩაელთა მონათესავე თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის მთაში მკვიდრობენ. ბალყარები და ყარაჩაელები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ჯგუფში შედის. ყარაჩაელებს ბალყარებისგან იალბუზის მთა ყოფს. XX საუკუნის 90-იან წლებში ყაბარდო-ბალყარეთში 70,8 ათასი ბალყარი ცხოვრობდა, მათი საერთო რაოდენობა კი 80 ათას კაცს აჭარბებდა.
 
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბალყარები თავიანთ თავს ბალყარებს არ უწოდებდნენ. მათი თვითსახელწოდებაა “თაულუა”, რაც მთიელს ნიშნავს. ბალყართა ლოკალური ჯგუფებია: ბალყარები (მალყარელები), ბიზინგიელები, ხოლამელები, ჩეგემელები, ურუსბიელები ანუ ბაქსანელები.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მალყარელები (ბალყარები) მხოლოდ ჩერეკის ხეობაში მოსახლეებს ეწოდებოდათ. ეს სახელწოდება ამ დროიდან მთელ ხალხზე გავრცელდა. ქართულ წყაროებში ბალყარები ბასიანის სახელით იყვნენ მოხსენიებული.
ბალყარების ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში დასახლება მოხდა მონღოლთა შემოსევების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში. კავკასიის მთებში შემოსულ თურქულენოვან ეთნოსს აქ ადგილობრივი უძველესი, კავკასიურენოვანი მოსახლეობა და ირანულენოვანი ალანები შეერწყნენ.
 
რუსული წყაროები ბალყარებს (ბოლხარებს) პირველად XVII საუკუნეში იხსენიებენ. თუმცა სახელწოდება ბალყარები მხოლოდ მდინარე ჩერეკზე მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნავდა. დასავლეთევროპულ წყაროებში კი პირველად 1718 წელს მოიხსენიებს მკვლევარი გოტლიბ შობერი ბალყარ თათრებს.
 
ადგილობრივი კავკასიური და ირანულენოვანი ტომების ასიმილირება თურქულენოვანმა ტომებმა XIII-XIV საუკუნეებშივე მოახდინეს. ამის დამადასტურებელია XIV საუკუნის არაბი გეოგრაფის აბულფედის ცნობა, რომელიც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის აღმოსავლეთით, კავკასიის ჩრდილოეთ კალთებზე ცხოვრობენ ალანთა თურქულენოვანი ტომები და მათ გვერდით აგრეთვე თურქული რასისანი, რომლებიც ასებად იწოდებიან. წყაროებში ისიცაა აღნიშნული, რომ ბალყარეთის ზოგიერთ მხარეში ორ - თურქულ და სონურ ენაზე ლაპარაკობდნენ. გასაოცარია, როდესაც «სონურ» ენაში რუსი ავტორები ოსურ ენას გულისხმობენ. სონური ენა, რა თქმა უნდა, სვანური მეტყველებაა. ისტორიულად დადასტურებულია, რომ დღევანდელი ბალყარეთის ტერიტორიის განსაზღვრულ მონაკვეთში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სვანები ცხოვრობდნენ. მაგალითად, კლაპროტი აღნიშნავდა, რომ სოფელი ხულამი დასახლებულია სვანური გვარებით, რომლებიც ჯერ კიდევ იმერულად იმოსებიან და თავის თავს სვანებს უწოდებენ. სვანური გვარების მატარებელნი მკვიდრობენ არა მარტო აქ (ე.ი. ხულამში), არამედ გაფანტული არიან მეზობელ კაშკატაუში და ექვემდებარებიან ყაბარდოელებსო. აქ მცხოვრები სვანები დროთა განმავლობაში ასიმილირდნენ ბალყარებთან. ბალყარეთში არის გვარი შვანლარი, რაც პირდაპირ სვანურ წარმომავლობაზე მიუთითებს. არაერთ სხვა ბალყარულ გვარსაც აქვს გადმოცემა სვანური წარმომავლობის შესახებ (მაგალითად შეიძლება აბეევები და ედებოლოვები დასახელდნენ). ცნობილია, რომ ბალყარი შახმურზაევების გვარი გუჯეჯიანების გვარიდან მომდინარეობს. დადასტურებულია აგრეთვე რაჭველთა მიგრაციის ფაქტები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობანი ცალმხრივი არ ყოფილა. გვაქვს შემთხვევები ბალყართა სვანეთში მიგრაციისაც.
 
ამდენად, ბალყარებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ როგორც ქართველ მთიელებთან (სვანებთან, რაჭველებთან), ასევე მეზობელ ხალხებთან, ყაბარდოელებსა და ყარაჩაელებთან.
 
XIX საუკუნის პირველ მესამედში ბალყარული საზოგადოებები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ 1827 წელს ურუსბაევის, ჩეგემის, ხოლამისა და საკუთრივ ბალყარეთის მმართველებმა მიმართეს იმპერიის ხელისუფლებას, რათა ისინი რუსეთის ქვეშევრდომობაში მიეღოთ, იმ პირობით, რომ შეინარჩუნებდნენ შარიათული სამართლის ძველ წესებს, ისლამის თავისუფლად აღმსარებლობას.
 
XIX საუკუნის 60-70-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში უმიწო ბალყართა ნაწილი (ყარაჩაელებთან ერთად) ბარში დაასახლეს. ბარში გადასახლების მიუხედავად, XIX საუკუნის ბოლოს ბალყარები მიწის სიმცირეს მაინც განიცდიდნენ. მთიელები მარცვლეულს ბარში ყიდულობდნენ, მიდიოდნენ გარე სამუშაოზე.
 
1921 წელს ბალყართა ოკრუგი მთიელთა ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს; 1922 წელს ჩამოყალიბდა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1936 წელს გადაკეთდა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1944 წელს ბალყარებს საბჭოთა მთავრობამ მოღალატეობაში დასდო ბრალი და შუა აზიასა და ყაზახეთში გადაასახლეს. 1957 წელს მათ სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღადგინეს. 1991 წელს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა გამოცხადდა.
 
ბალყარები ძველისძველი მეცხოველეები არიან. მესაქონლეობა მათი მეურნეობის წამყვანი ტრადიციული დარგი იყო. მისდევდნენ მეცხვარეობას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხენეობას; ჰყავდათ თხები. XVIII საუკუნის ბოლოს მეღორეობა ისლამის გავრცელებასთან ერთად გაქრა. მაისიდან ოქტომბრამდე საქონელს მთის საზაფხულო საძოვრებზე აბალახებდნენ. გვიან შემოდგომაზე კი ყაბარდოს ველის საზამთრო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. ბალყარებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწილი ბაგურ კვებაზე ჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ ამტანობითა და გამძლეობით გამოირჩევა ბალყარული ცხენი.
 
მესაქონლეობასთან ერთად ბალყარები მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, რომელსაც აქ დამხმარე ხასიათი ჰქონდა. სახვნელი ნაკვეთები ტერასებზე ჰქონდათ. თესავდნენ ქერს, ხორბალს, შვრიას. ხნავდნენ ხის სახვნელით. ბალყარები არა მხოლოდ სახვნელ მინდვრებს, არამედ სათიბებსაც რწყავდნენ.
 
შინამრეწველობისა და ხელოსნობიდან აღსანიშნავია ქეჩების, ნაბდების წარმოება, ტყავისა და ხის დამუშავება. ნანადირევი მელიის, მგლის, კვერნის ტყავს ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებსა და დასავლეთ საქართველოში ჰყიდდნენ. ვაჭრობდნენ თაფლითა და ცვილით. ბალყარები ძირითადად ვაჭრობდნენ ყაბარდოელებთან და დასავლეთ საქართველოს მთიანეთის - სვანეთისა და რაჭის მოსახლეობასთან. ონში გასაყიდად ნაბდები, თექა, ყაბალახები გადმოჰქონდათ, რასაც თამბაქოზე, სპილენძის ქვაბებზე, ჭურჭელსა და სხვა საგნებზე ცვლიდნენ. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსებისგან კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ძირითადად მარილს იძენდნენ. მოგვიანებით განავითარეს სარძევე მრეწველობა. თავადმა ურუსბაევებმა ბაქსანის მარცხენა ნაპირზე ააშენეს ყველის ქარხანა, სადაც შვეიცარიულ ყველსაც კი ამზადებდნენ.
ბალყარეთში დიდი სოფლები რამდენიმე გვარით იყო დასახლებული. XIX საუკუნის 30-იან წლებში ბალყარულ სოფელში საშუალოდ 130-140 კომლი ითვლებოდა. გვიან მათი რაოდენობა, ბარში გადასახლების გამო, შემცირდა. სოფლების დამფუძნებლებად, ჩვეულებრივ, რამდენიმე გვარს თვლიდნენ. მთის კალთებზე საფეხურებად შეფენილი სოფლების უმეტესობა შეჯგუფებული ტიპისა იყო. გვხვდებოდა ციხეთა ტიპის სოფლები, რომლებსაც ადგილობრივი ზედაფენა ფლობდა. თავდაცვის მიზნით სოფლებში აგებული ჰქონდათ კოშკები, ძირითადად საბრძოლო ხასიათისა. საცხოვრებლისგან განსხვავებით, კოშკებს გათლილი ქვებისგან აშენებდნენ. კოშკები ძირითადად ორი ფორმისა ჰქონდათ - სწორკუთხოვანი (ზედა ჩეგემი) და ზედა ნაწილისკენ დავიწროებული. ასეთი ტიპის კოშკის ზედა ნაწილში, სხვათა შორის, ქრისტიანობის სიმბოლო - ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია საგვარეულო საძვალეები - აკლდამები. ბალყართა საცხოვრებლის ტიპები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში იცვლებოდა. ყველაზე ძველ ტიპს წარმოადგენდა ნახევრად მიწისზედა და მიწისზედა ქვის სახლები, ტყით მდიდარ ადგილებში კი - ძელური სახლები.
 
ბალყარულ სახლში კერას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ის წმინდა ადგილი და ოჯახის ერთობის სიმბოლო იყო. კერასთან ბალყარები სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ. ოჯახის უფროსის გარდაცვალებისას, კერაში ცეცხლს აქრობდნენ. მშობლების სახლიდან გასვლამდე პატარძალს აუცილებლად კერისთვის სამჯერ უნდა შემოევლო. კერის შეურაცხმყოფელი პირი ოჯახის მესისხლედ მიაჩნდათ. თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე საცხოვრებელი ერთკამერიანი იყო; ძველად მისი ზომები 50-100 კვადრატულ მეტრამდე მერყეობდა. საცხოვრებელთანვე ჰქონდათ სამეურნეო ნაგებობები. ორ-სამ ოთახიან სახლში ერთი ოთახი აუცილებლად სასტუმროდ იყო გათვალისწინებული.
 
ბალყართა ტანსაცმელი სხვა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების ტანსაცმლისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. ზედა ფენის წარმომადგენელთა გამოსასვლელი სამოსი თეთრი ჩოხა იყო. ბალყარები ატარებდნენ იარაღს, პირველ რიგში, ხანჯალს.
 
ბალყარები XX საუკუნემდე ერთმანეთსა და სხვა მეზობელ ხალხებს ვიწრო და ციცაბო ბილიკებით უკავშირდებოდნენ.
ბალყართა ძირითადი საკვები რძის პროდუქტი იყო: მაწონი, ყველი, არაჟანი. ყველს ძროხის, ცხვრისა და თხის რძისგან აკეთებდნენ. მარცვლეული კულტურებიდან წამყვანი იყო ქერი, რომლისგან ხდიდდნენ ლუდს. ბევრი ჰქონდათ თაფლი. თაფლის, მოშუშული ფქვილისა და კაკლის ნაზავისგან ტრადიციულ ჰალვას ამზადებდნენ. ბალყარებს საკვების არაზომიერად, გადაჭარბებულად მიღება დიდ ნაკლად მიაჩნდათ. სუფრასთან განსაკუთრებულ ეტიკეტს იცავდნენ. პირველ ყოვლისა დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ ოჯახის უფროსისადმი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცები ემსახურებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცთა არყოფნის შემთხვევაში, ოჯახის უფროსს შეიძლება გოგონებიც მომსახურებოდნენ. უფროსი მამაკაცის შემდეგ ჯერ დანარჩენი მამაკაცები შეექცეოდნენ, შემდეგ - ქალები ასაკისა და ოჯახში მდგომარეობის მიხედვით. ბავშვებს ცალკე აჭმევდნენ.
 
XIX საუკუნის დასაწყისში ბალყარეთში პატრიარქალური ურთიერთობები არსებობდა. ბალყარეთი ერთ მთლიან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა. ის ცალკეული საზოგადოებებისგან შედგებოდა. ყოველ საზოგადოებას ერთი ან რამდენიმე დიდგვაროვანი (მიწისა და საქონლის მესაკუთრენი) მართავდა. ბალყარეთის მმართველები - ტაუბიები XVII საუკუნის რუსულ წყაროებში მოხსენიებული არიან როგორც მურზები, მმართველები, მამასახლისები. ბალყარების ძირითად ნაწილს თავისუფალი მეთემეები (ყარაკიშები, «შავი ხალხი»), შეადგენდნენ; დამოკიდებულ გლეხებს კი ეწოდებოდა «ჩეგარი». ლაშქრობის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ მონებს («კულ») ძირითადად საოჯახო მეურნეობაში ასაქმებდნენ.
 
XIX საუკუნეში ბალყარული საზოგადოების ძირითად უჯრედს პატარა ოჯახი შეადგენდა. დიდი ოჯახები იშვიათად იყო. ქალები ემორჩილებოდნენ მამაკაცებს, უმცროსები - უფროსებს. არსებობდა აკრძალვა-უმძრახობის სხვადასხვა სისტემა. რძალს არ შეეძლო სხვათა თანდასწრებით დალაპარაკებოდა დედამთილსა და მამამთილს. მშობლებს არ შეეძლოთ შვილებისადმი სიყვარული აშკარად გამოეხატათ. წარსულში არსებობდა ლევირატი, სორორატი, ქალის მოტაცების ჩვეულება. გავრცელებული იყო სისხლის აღება, ძმად შეფიცვა, გაძიძავება... სოციალურად დაწინაურებულები აღსაზრდელად თავიანთ შვილებს ვასალებსა და გლეხებს აძლევდნენ. თავის მხრივ, ისინი აღსაზრდელად იყვანდნენ ყაბარდოელი და ქართველი (სვანი) თავადების შვილებს. გაძიძავება ძირითადად ნათესაური კავშირების დამყარების, აგრეთვე მფარველობის მიზნით ხდებოდა.
 
ბალყარეთში ქორწინება ეგზოგამიური იყო; ერთი გვარის შიგნით ქორწინება იკრძალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბალყარები XVIII საუკუნიდან ისლამის მიმდევრები იყვნენ, მათში მრავალცოლიანობა არ გავრცელებულა. ქორწინების საკითხს ოჯახის უფროსი წყვეტდა. ბალყარებმა იცოდნენ ურვადი. საქმრო საცოლის მშობლებს ურვადს (საქონელს, ფულს, სხვადასხვა საგნებს) უგზავნიდა. მემკვიდრეობა მხოლოდ ვაჟიშვილებზე გადადიოდა, ვაჟიშვილების არყოლის შემთხვევაში - უახლოეს ნათესავ მამაკაცებზე. ქორწილის დროს მღეროდნენ საქორწილო სიმღერებს, განსაკუთრებით «უა რაიდას».
 
ზედაფენის ისლამიზაცია ბალყარეთში ჯერ კიდევ XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. XVIII საუკუნეში აქ ისლამს ძირითადად დაღესტნელები ქადაგებდნენ. თუმცა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ბალყართა რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის, ისლამისა და წარმართობის სინთეზს წარმოადგენდა. ისლამის გავრცელებას თან ახლდა წარმართული და ქრისტიანული ძეგლების განადგურება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში წმინდა გიორგის გამოსახულება შემორჩენილი იყო სოფელ ბიზინგის მახლობლად მდებარე ეკლესიაში. არაერთი პატარა ეკლესია იყო შემორჩენილი ბალყარისა და ხოლამო-ბიზინგის ხეობებში. ეთაყვანებოდნენ წმინდა ქვებსაც. წმინდა ქვებთან შესაწირი მიჰქონდათ. აქვე ვაჟების სრულწლოვანებასაც აღნიშნავდნენ. თაყვანს სცემდნენ წმინდა ხესაც, რომელსაც სპეციალურად ტრადიციულ ღვეზელს უცხობდნენ.
 
(ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი)
ჟურნალი “ისტორიანი”, 2011 წლის დეკემბერი, #12
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.