USD 2.7078
EUR 3.1367
RUB 3.3394
თბილისი
ირმა ზავრადაშვილი - თბილისის პირველი ქალი გამგებელი
თარიღი:  4669

ირმა ზავრადაშვილი   ექვსი წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგებელი იყო. პროფესიით  ექიმმა, საყვარელ საქმეში ბევრი წელი გაატარა,  წარმატებული პროფესიული კარიერის პარალელურად   ის საარჩევნო ტექნოლოგიების  ტრენერიც გახდა, რასაც  2012 წელს მისი პოლიტიკაში ჩართვა  მოჰყვა.  დღეს უკვე სახელისუფლებო გუნდის საპარლამენტო სიის წევრია.

„თბილისი პოსტთან“ საუბრისას ქ-ნმა ირმა აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონთან შელევა უჭირს და პარლამენტარის მანდატს დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ „ცვლის“, რომ აქტიური მონაწილე გახდეს იმ პროცესების,  რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი ორი სფეროს - ჯანდაცვის და თვითმმართველობის განვითარებას წაადგება.  

ირმა ზავრადაშვილი: თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არც ერთ ეპიზოდს არ გამოვტოვებდი. იგივე გზას გავივლიდი.  გამგებლად დანიშვნის პირველ პერიოდში მქონდა განცდა, დამემტკიცებინა, რომ მამაკაცებზე ნაკლებად არ შემეძლო  საქმის გაძღოლა და  უფრო  მეტიც, შემეძლო   „გამესწრო“  კიდეც  მამაკაცებისთვის. დიდუბის რაიონის მართვა არ იყო იოლი,  სირთულეები თითქოს თავიდანვე დამებედა.

ბოლო  რამდენიმე ათეული წელია, თბილისს არ ჰყოლია ქალი გამგებელი, არა მარტო თბილისში, ერთადერთი ქალი  ვარ  დამოუკიდებელ საქართველოში,  ვინც გამგებლის პოზიციაზე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში. ეს  იყო  დიდი უპირატესობაც  და პასუხისმგებლობაც. თანამდებობაზე დანიშვნის პირველ პერიოდში მქონდა განცდა, დამემტკიცებინა, რომ მამაკაცებზე ნაკლებად არ შემეძლო საქმის გაძღოლა და  უფრო  მეტიც, შემეძლო „გამესწრო“  ამ მამაკაცებისთვის. ორივე გამოწვევას მალე  გავართვი თავი.  თავიდან ქალაქის მმართვეობაში მაღალ პოზიციაზე ქალი მარტო მე ვიყავი, შემდეგ მერის მოადგილეები „შემომეშველნენ“ სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ გამჭირვებია სამეურნეო საქმეების  გაძღოლა, ტერმინოლოგიაშიც იოლად გავიწაფე. ასფალტის დასხმის პროცესში მამაკაცებზე ნაკლებად არ ვერკვეოდი, ზედმიწევნით ვიცოდი, ასფალტის ფენების სისქე,  რამდენ სანტიმეტრზე უნდა ჩაიდოს კანალიზაციის  თუ წყლის მილი, რომ მოვინდომო მუშადაც გამოვდგები. როცა საქმეს გულით  აკეთებ,  ადამიანს  ყველაფერი გამოგივა.   

დიდუბის რაიონის მართვა არ იყო იოლი, სირთულეები თითქოს თავიდანვე დამებედა. ძალიან უცნაურად დაემთხვა, ჩემი ამ პოზიციაზე დანიშვნიდან ერთ თვეში მოხდა დიდი  ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე,  29 ოჯახი ღამის  ათ საათზე თითქმის ფეხშიშველი დამრჩა ქუჩაში. ეს იყო პირველი შეჯახება პრობლემებთან, რომელიც მოითხოვდა  აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას.  ამ ადამიანებს უნდა ეგრძნოთ, რომ მათ რაიონს ჰყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც დაეყრდნობოდნენ და ენდობოდნენ. უფლის წყალობით და ჩემი გუნდის  დიდი შრომით შევძელით ამ პრობლემის ძალიან სწრაფად  მოგვარება.  ეს იყო პირველი გამოწვევა. ექვსი წლის განმავლობაში დიდუბის რაიონში მოხდა  124  ხანძარი და 2 აფეთქება,  რაც ერთი რაიონისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო.

- როგორ მოხვდით  დიდუბის გამგებლის პოზიციაზე?

- მე გამგეობაში მოვედი სამედიცინო სფეროდან.  პროფესიით და  მოწოდებით ვარ ექიმი, სულ ვთვლი, რომ ექიმობა არის ყველაზე მაგარი პროფესია დედამიწაზე, კაცობრიობა იყოფა ორ  ნაწილად -  ექიმები და დანარჩენი პროფესიები.  პედაგოგების ოჯახში ვარ გაზრდილი, მე დავარღვიე ტრადიცია და ექიმი  გავხდი.  ამისთვის ბევრი ვიშრომე,  იმ პერიოდში  სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა ძალიან რთული იყო. 16 წლიდან ვმუშაობდი, სტუდენტობის პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ვიყავი  სანიტარი, სანამ ექთნად მუშაობის უფლება მომცეს. ყოველ მეოთხე მორიგეობაზე ღამის გათენება მიწევდა.

ამ  წლებში პროფესიული  თვალსაზრისით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე,  მე მუშაობა მომიწია ისეთ ცნობილ ექიმებთან როგორებიც იყვნენ ოთარ დუგლაძე, ნონა კაჭარავა, ეთერ ცხაკაია, სოსო დანიელაშვლი, რომელიც დღეს ისრაელში ძალიან ცნობილი პედიატრია. ასე დაიწყო ჩემი სამედიცინო პრატიკა, შემდეგ  რამდენიმე წელი ვიმუშავე გინეკოლოგიაში, მაგრამ როგორც  კი მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო,   გავაკეთე კვალიფიკაცია და გადავედი პალიატიურ მედიცინაში. წლები ვიმუშავე პალიატიურ მედიცინაში, რომელიც  მაშინ   იდგამდა ფეხს და ვითარდებოდა. ეს ძალიან  რთული  სპეციალობაა, მე მიწევდა  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გვერდით დგომა და დახმარება,  ეს ბევრ უნარ-ჩვევას, თვისებას მოითხოვს ექიმისგან.

პალიატიურმა მედიცინამ მთელი ჩემი ცხოვრება, შინაგანი სამყარო თავდაყირა დააყენა. ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. იყო პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი ფერისცვალების მონასტრის ჰოსპისში. უმძიმესი  იყო იმ ადამიანების ხვედრი, ვისაც ხშირად ჩემს ექიმობაზე მეტად ჩემი ადამიანური თანადგომა სჭირდებოდათ.  ისინი საათობით მიყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე, დაშვებულ შეცდომებზე, მიზნებზე.  წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ პერიოდმა, რომელიც გავატარე ფსიქიატრიულ კლინიკაში და ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში.  თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, არც ერთ ეპიზოდს არ გამოვტოვებდი. იგივე გზას გავივლიდი.  იმ წლებმა მოახდინა ჩემი ფორმირება, საქმისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. როდესაც გამგებლობა შემომთავაზეს, პირველი რაც ჩემს თავს ვუთხარი,  იმაზე უარესი რა უნდა  შემხვედროდა,  რაც მე მქონდა გავლილი. სამწუხაროდ, მართლაც უფრო რთულ  პრობლემებს შევეჯახე.

გამგებლობა  არის ხელისუფლებაში ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან გამგებელს პირველს უწევს შეხება მოსახლეობის პრობლემებთან, გამგეობა არის  მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის  პირდაპირი კავშირი.  ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ყველა ადამიანს,  რომელიც ხელისუფლებაში  მოდის,  ასეთ  გზას რომ ჰქონდეს გავლილი,  მისი საქმიანობა შემდეგ ეტაპებზე უფრო ეფექტური იქნებოდა. გამგებელს პულსზე უდევს ხელი, მან  ყველაზე კარგად იცის, რა  მოწონს და რა არ მოწონს  მოსახლეობას, როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მაგრამ ჩემი ამ პოზიციაზე დანიშვნა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობისთვის  უნდა დაგვეღწია თავი - გამგეობას და მოსახლეობას შორის ყველა  ხიდი ჩატეხილი იყო,  მათი აღდგენა არ იყო იოლი საქმე.  მოსახლეობა კი არა, თანამშრომლები არ იცნობდნენ გამგებელს, არ იცოდნენ  როგორ გამოიყურებოდა.  ეს იყო მიღებული ნორმა.  

-   როგორ დაარღვიეთ ეს სტერეოტიპი?

-  დღე და ღამე გარეთ ვიყავი, სამუშაო კაბინეტი მესაჭიროებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური  საკითხებისთვის კომპიუტერთან ყოფნა მჭირდებოდა. მიმეღო.  ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობის ექვსი  წლის განმავლობაში, არ ყოფილა არც ერთი დღე, მე და ჩემს თანამშრომლებს მხოლოდ ის ფუნქციები შეგვესრულებინა, რაც ჩვენი უფლება-მოვალეობებით იყო  განსაზღვრული. ჩვენთვის არ არსებობდა დღე, ღამე,  ჩემი სამუშაო დღე  არასდროს არ დამთავრებულა ექვს საათზე. ასე გრძელდებოდა ექვსი წელი.  ის, რომ  ქალი ვარ,  იყო ჩემი  ერთგვარი უპირატესობა. ტრადიციულად ასეა და ვერავინ  უარყოფს, რომ  სახლში  წამყვანი ფიგურა არის ქალი, რომელიც ერთდროულად ფიქრობს და ზრუნავს  ოჯახის ყველა წევრზე, ბიუჯეტზე, სამეურნეო ნაწილზეც კი, ეს უპირატესობა ამ თანამდებობაზე ძალიან გამომადგა.  ჩემი აზრით,  პრიორიტეტების  სწორად დაგეგმვა,  რომელი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ქალს უფრო  კარგად გამოსდის, და  რაც ყველაზე მთავარია, შემეძლო  სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, რაშიც  ჩემი, როგორც ქალის ხასიათი და ბუნება ძალიან მეხმარებოდა. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, თვითმმართველობის პირევლი პირების, მერის, მისი მოადგილეების, რომელთაგან დიდი მხარდაჭერა მქონდა და ასევე თანხმობა,  ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილება მიმეღო  ადგილზევე, სწრაფად  და დამოუკიდებლად.

- რატომ არ იყარეთ კენჭი  დიდუბის რაიონში, როგორც მაჟორიტარი   დეპუტატატობის კანდიდადტმა? 

- ჩემი წასვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაპირობა  ჩემმა განვლილმა  საქმიანობამ.  რა ფორმით მოვხვდებოდი  აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არ ჰქონდა მნიშვნელობა.  ჩემი მიზანია მივიღო  აქტიური მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რომ  თვითმმართელობაში გაუადვილდეს მუშაობა იმ ადამიანებს,  ვინც ჩემ შემდეგ იმუშავებს, და იზრუნებს  მოსახლეობის კეთილდღეობაზე . ჩემნაირი ადამიანისთვის, პარლამენტში მოხვედრა იმის გამო რომ მანდატი ჰქონდეს მიუღებელია.  ჩემთვის მთავარია ვიყო ქმედითი და დავდო  შედეგი, მე თუ საქმეში  თუ ვერ ვხედავ შედეგს,  ვთვლი, რომ დროს ტყუილად ვკარგავ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი  პრაქტიკის კანონმდებლობაში გატარება, რაც მე მაქვს. ეს ეხება ორ მიმართულებას - თვითმმართველობას და ჯანდაცვის სფეროს.  მინდა ვიმუშავო იმ სფეროებში,  რაც კარგად ვიცი და რაც დაეხმარება ადამიანებს,  უკეთესად იცხოვრონ.   

საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს თვითმმართველობის მიმართულებით. 2011 წლიდან, როდესაც ქვეყნაში  დაიწყო ძირეული ცვლილებები,  რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, ჩავთვალე, რომ მქონდა რესურსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა ქვეყნის მომავლისთვის.  მე არ მიმიტოვებია ჩემი პროფესია,  მაგრამ ვინაიდან ვიყავი  რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტირებული ტრენერი, დავიწყე საარჩევნო ტრენინგების ჩატარება და იმ პერიოდში აქტიურად ჩავერთე  პოლიტიკურ პროცესებში. 2012 წლის გაზაფხულზე შემომთვაზეს დიდუბის რაიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. მე ჩამაბარეს რთული და ძნელად ასაწყობი საქმე, იმ დროს ამ საქმის გაძღოლა საშიში იყო. შემდეგ დავინიშნე  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად და ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა.

- როგორ  შეელიეთ რაიონს, სადაც  ყველაზე დიდხანს მოგწიათ მუშაობა?

-  მაქვს განცდა, რომ  არსად არ მივდივარ და ეს რაიონი არის ჩემი მშობლიური რაიონი.  ყველა პრობლემა, რაც ეხება დიდუბეს არის ჩემი პირადი პრობლემა, ვერც კი წარმომიდგენია, სად უნდა ვიყო, რომ ამ რაიონს ჩემი დახმარება სჭირდებოდეს და მე არ ჩავერთო.  მე რომ საჯარო სამსახურში აღარ ვიყო და დადგეს მომენტი, კერძო სექტორში მომიწიოს საქმიანობა,  მაინც ვიქნები დიდუბის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ამ რაიონში  ყველას ვიცნობ, დიდუბეში 24 ათასამდე ოჯახია და არ არსებობს ოჯახი, რაიმე  ფაქტორით არ ვიყო დაკავშირებული. ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი  ბათუმის ქუჩაზე, შემდეგ, როდესაც გავთხოვდი, ვაკეში მომიწია გადასვლა, 17 წელი გავიდა, მაგრამ ვაკელი ვერაფრით  გავხდი.  ჩემი მენტალობა მთლიანად დიდუბესთან არის დაკავშირებული.

-ეს წლები  ოჯახშიც „გამგებელი“ იყავით?

-  სახლში რომ შევდივარ, მაშინვე მაფრთხილებენ, ახლა დაამთავრე სამსახურიო, ან შენ სამსახურში ხომ არ გგონია თავიო, სახლში გამგებლობა არ გამომივიდა (იცინის)  ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, სახლშიც ყველაფერს ვუძღვებოდე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.  მე მყავს 11 წლის ქალიშვილი, რომლის დაბადებასაც რამდენიმე წელი ველოდით, ის ჩვენთვის ჩემთვის უფლის  საჩუქარია. ჩემი შვილი  დღემდე მხოლოდ დედის  გაკეთებულ სადილს  ჭამს, შესაბამისად, სახლში რა დაღლილიც  არ უნდა ვბრუნდებოდე, სადილის გაკეთება მაინც მე მიწევს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეხმარებიან დედა და დედამთილი, ჩემს შვილთან  დაკავშირებული საკითხები  მაინც ჩემი მოსაგვარებელია, მაგალითად, ისეთ  დროს დამირეკავს და მთხოვს განტოლების ამოხსნას, როცა ყველაზე დაკავებული ვარ. ჩასაფრებულივით ამომირჩევს ხოლმე დროს, რომ ახალი მათემატიკური თავსატეხი გამიჩინოს.

ძალიან მიწყობს ხელს საქმეში ჩემი მეუღლე, ის პროფესიით ჟურნალისტია, აჩიკო პირველი ჟურნალისტია, რომელმაც პირველი პირდაპირი ეთერი წაიყვანა პირველ არხზე. მას კარგად  ესმის ჩემი სამსახურის სპეციფიკა.  მთელი ოჯახი შეგუებულია, რომ ყოველ არჩევნებზე ერთი თვე მე მათთვის დაკარგული ვარ (იცინის) მე დიდი რეჟისორის არჩილ ჩხარტიშვილის რძალი ვარ, ჩემს ოჯახში  ხელოვნების კულტია, ჩვენს სახლში  დიდი წინაპრების აურაც კი შენარჩუნებულია. მე პატივს ვცემ  ამ  ოჯახის დიდ  ტრადიციებს,  სამწუხაროდ, ხელოვნება არ არის ჩემი მაინცდამაინც ძლიერი მხარე, თუმცა  მე კარგად ვხატავ,  მიყვარს ხატვა,  ბუნება.

ყველას ხომ აქვს თავისი ოცნება, ჩემი ოცნებაა  მქონდეს პატარა კერძო სახლი, კარგი ეზო, სადაც დავრგავ ყვავილებს, გავაკეთებ  ბოსტანს, როცა მინდა დავხატავ. ბავშვობის ბევრი წლები მაქვს გატარებული  სოფელში ბებიასთან. ის დუშეთის რაიონში ცხოვრობდა. სოფელი, სადაც ბებია ცხოვრობდა, მთლიანად დაიცალა ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ბებიას სოფელი არ მიუტოვებია. მე 9 წლის ვიყავი, როდესაც მამა დავკარგე. დედამ  ძალიან გმირულად აიღო თავის თავზე ჩემი და ჩემი დის აღზრდა, რომელიც ჩემზე პატარა იყო. დედა ჩემთვის ქალის იდეალია, ყველა ჩემი წარმატება მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა და მას ეძღვნება. დედა  მთელი ცხოვრება იყო  მაგალითი ჩემთვის და საკუთარი ცხოვრებით მასწავლა, თუ  რას ნიშნავს და როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ღირსებით, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.    

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 19 ნოემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ერივნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება.

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

„აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებს უნდა მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია და დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში, კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, იცვლება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირი ადმინისტრაციული საჩივარს არ ჩაიბარებს, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.

თბილისის მერის განმარტებით, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარება საჩივრის ავტორის მიერ არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, თუ რამდენით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევაზე, მექანიზმს ბოლომდე ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი ბოლომდე არ მივიდა. ჩვენი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ჯარიმას რომ გამოწერს და ჩასაბარებლად მიდის, კონკრეტული ობიექტის მეპატრონე არ იბარებს ხოლმე. ეს ყველაფერი, ცხადია, კეთდება მიზანმიმართულად, რადგან თუ ამ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს პირი, ვერ მოხდება ამ ჯარიმების აღსრულება. შესაბამისად, შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ პირმა საერთოდ არ ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება და არც ამ ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტს უკვე შეეძლება, რომ გადაწყვეტილება აღსრულოს, თუ, რა თქმა უნდა, პირი ამის შემდეგ სასამართლოს არ მიმართავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.

„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს, სამართალდარღვევების შემცირების კუთხით, ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია დეველოპერებს ახალ სერვისს შესთავაზებს. კერძოდ, მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს.

თბილისის მერის განმარტებით, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც მშენებლობის პროცესს ყველა ეტაპზე სანებართვო პირობების თანახმად წარმართავს.

„იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება - სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობების დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული სფერო ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე. იცით, როგორ დავუპირისპირდით იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული და არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით, ხელს ვუწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. პარალელურად, ხელს ვუწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით, უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ სამშენებლო პროცესი წარმართონ დარღვევების გარეშე. გვინდა, ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს. კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი ისარგებლებს ახალი სერვისით.

„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის