USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ირმა ინაშვილი NDI-სა და IRI-ს კვლევებს ტერორს ადარებს
Date:  835

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს ისევ დაუპირისპირდა. ის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ტერორს ადარებს, მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ის NDI-ს დირექტორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-ს და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა", — განაცხადა მან სპეციალურად ამ საკითხისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციების ქართული ოფისები კვლევებსა და გამოკითხვებს აყალბებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობისადმი მათი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ხდება". დისკრედიტაციისთვის ის იშველიებს მისივე პარტიის ჩატარებულ გამოკითხვას და ამტკიცებს, რომ 28 517 გამოკითხულიდან ვერ იპოვეს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც NDI-ს კვლევაში მიუღია მონაწილეობა. ამ არგუმენტზე დაყრდნობით ის ამტკიცებს, რომ NDI-ს დირექტორი ლორა თორნტონი კორუფციულ სქემაშია ჩართული.

"NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თორნტონის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს.

დეპუტატი, ასევე, აღნიშნავს, რომ "არ აპირებენ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას" და 26 იანვრიდან დაიწყება "NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანია". კერძოდ, ის ამბობს, რომ შეიკრიბებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, რადგან ორივე მათგანი ამერიკული ორგანიზაციებია და მოუწოდებენ შტატების ხელისუფლებას, რომ "შეაჩეროს ეს ტყუილი". მისივე თქმით, ამ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის ახალ ელჩს საქართველოში.

ინაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ ან საერთოდ აიკრძალოს ქვეყანაში ამ ორგანიზაციების საქმიანობა.

"ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს...საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან", — განახადა მან.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პატრიოტთა ალიანსს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმას. სწორედ ამ კვლევას გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, მათ კი აკლებს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way