USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ირაკლი კობახიძე - საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის
თარიღი:  65
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფანში და ამ როლის გაძლიერებაში ფიზიკური დაკავშირებადობის, ისევე როგორც ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარების მნიშვნელობას.
„საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა.
„10 წლის წინ მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც. ნდობა მკაფიოდ გამოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია. კორპორაციული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა. ეს მომწიფებულ ეკოსისტემაზე მეტყველებს, სადაც ქართული ბიზნესსუბიექტები მზად არიან კონკურენციისთვის, ხოლო გლობალური ინვესტორები - პარტნიორობისთვის. ამავდროულად ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და ქვეყანაში დაგროვდა მნიშვნელოვანი კაპიტალი. მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა 9 მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. პარალელურად ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაფინანსების ინსტრუმენტების გაფართოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობაზე. ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს ვუდასტურებ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ჩვენ მათ არამხოლოდ ბაზარს ვთავაზობთ, არამედ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კონფერენცია „თიბისი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მართავს, 450-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, რომელთა შორის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებისა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და მარეგულირებლები არიან.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის