საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ საქართველოში მმართველობის რამდენიმე მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური. პირველი ვარიანტი, ეს არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა დაფუძნებული კონტროლის უძლიერესი მექანიზმები. მეორე ვარიანტია კონსტიტუციური მონარქია, რომელიც გოგავას განცხადებით, საინტერესო მოდელია, რადგან მონარქის და ნებისმიერი მმართველის მთავარი ფუნქციაა ჩაიბაროს, შეინარჩუნოს, გაამრავლოს და გადასცეს. მისი თქმით, რომ გადავხედოთ მსოფლიო მონარქიებს და ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკებს ძლიერი მაკონტროლებელი სტრუქტურებით, სწორედ ისინი არიან ყველაზე განვითარებული ქვეყნები.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
დამოუკიდებელმა საქართველომ სახელმწიფო მმართველობის ფორმად საპრეზიდენტო რესპუბლიკა აირჩია, შემდეგ სააკაშვილმა ეს შეცვალა და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი შემოიღო. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ეფექტურია?
ირაკლი გოგავა: სახელმწიფო მმართველობის ფორმა განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოების სისტემის მოწყობის მიხედვით. ამ ორგანოების ჩამოყალიბების, დაკომპლექტების, კომპეტენციის, ურთიერთდამოკიდებულების წესით. თანამედროვე სამყაროში არსებობს შემდეგი ძირითადი ფორმა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო, შერეული, საპარლამენტო მონარქია, აბსოლუტური მონარქია, დუალისტური მონარქია, ერთპარტიული სისტემა, სამხედრო დიქტატურა. საპარლამენტო რესპუბლიკას კიდევ ორ ნაწილად ყოფენ: სადაც პრემიერია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და მეორე, სადაც - პრეზიდენტია.
არისტოტელე 6 ფორმას ასახელებდა და მათ ორ ჯგუფად ყოფდა. მონარქიას, არისტოკრატიას და პოლიტია ის მიიჩნევდა ხალხისთვის უფრო დადებით ფორმებად, რადგან სამივე ფორმა ცდილობს გააუმჯობესოს საერთო კეთილდღეობა, ხოლო ტირანიას, ოლიგარქიას და დემოკრატიას არისტოტელე მიიჩნევდა მმართველობის უარყოფით ფორმებად, რადგან მმართველები ასეთ ფორმებში პირად სარგებელს უფრო ეძებენ. არისტოტელეს სწავლება მიჩნეული იყო ეტალონად მე-16 საუკუნემდე. შემდეგ კი იწყება გლობალისტების თანამედროვე ვერსიის პირველი ფაზის ინტერესანტთა ორგანიზებული მოქმედება.
გვიანი რენესანსის ეპოქიდან ანუ მე-16 საუკუნიდან იწყება არისტოტელეს, კლასიკური ბერძნული ფილოსოფიური აზრების და სამყაროს შესახებ მიღებული, მათ შორის რელიგიური წარმოდგენების ორგანიზებული ტორპედირება. დაიწყო გალილეო გალილეით, ამას მოყვა „განმანათლებლები“, დარვინი, მარქსი, ტროცკი, ფრანკფურტის სოციოლოგიური სკოლა, პოპერი და დღეს რასაც ვუყურებთ იმით გრძლედება.
ამ პროცესების წამოწყების უკან ვენეციის და ფლორენციის სავაჭრო გილდიები და სავახშო სახლები იდგნენ. ერთის მხრივ ისინი ებრძოდნენ მონარქიებს, მეორეს მხრივ ეკლესიას და მის ფუნდამენტს ანუ ბიბლიურ წარმოდგენებს სამყაროს, ადამიანის შექმნის, მისი რაობის, დანიშნულების შესახებ. ჩატარდა ლუთერის რეფორმაცია, ანგლიკანური ეკლესიის გამოყოფა და 1648 წელს დაიდო ვესტფალიის ზავი.
რომლითაც ეკლესიის გავლენა ევროპულ პოლიტიკაში მინიმუმამდე დავიდა...
- სანაცვლოდ ჩამოყალიბდა ეროვნული სახელმწიფოები სისტემა ანუ ის სისტემა რომელშიც ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ. ამავე პერიოდს გამალებული ბრძოლა ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლები სხვადასხვა პერიოდში ევროპის 10-ზე მეტ სახელმწიფოს მართავდნენ და მათ საკუთარი ორდენიც კი ჰქონდათ - „ოქროს საწმისის ორდენი“. ეს მოვლენები შემთხვევით არ ხდებოდა, იმ დროს ევროპაში ერთიანი ევროპული პოლიტიკა იყო, სადაც სავაჭრო და სავახშო ცენტრები ებრძოდნენ ეკლესიას და მონარქიებს. ვესფალიის ზავით ვატიკანი, კარდინალები ჩამოიშორეს, შემდეგ კი მონარქიების ჩამოშორების დრო დადგა. სწორედ მე-17 საუკუნის ბოლოდან იწყება „განმანათლებლობა“: ლოკი, კანტი, დიდრო, მონტესკიე, რუსო, იუმი, ვოლტერი, ლესინგი, შილერი, გოეთე და სხვა.
ამ პროცესმა გამოიწვია რევოლუციები და ევროპის მრავალ ქვეყანაში მონარქების თავები დაცვივდა. ეს ყველაფერი ისევე როგორც დღეს თავისუფლების, ჰუმანიზმის ლოზუნგებით ხდებოდა. მოკლედ რა მინდა ვთქვა: გვიანი რენესანსის პერიოდიდან იწყება ის პროცესები, რომლის ერთ-ერთ ეტაპზე ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ეს არის ბრძოლა გლობალიზაციისთვის, სადაც ერთის მხრივ, გამოდის ტრანსნაციონალური კაპიტალი, ხოლო მეორეს მხრივ ეროვნული ელიტები. ბრძოლა ტრანსნაციონალურ კაპიტალს და ეროვნულ ელიტებს შორის უკვე 500 წელია მიმდინარეობს. ეკლესიები, ძირითადად, ეროვნული ელიტის ნაწილია, თუმცა დღეს უკვე არა ყველა. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გვესმოდეს იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა ხდება დღეს.
თქვენ ახსენეთ ვენეცია და ფლორენცია, ეს სახელმწიფოები უკვე აღარ არსებობს და ვინ აგრძლებს ამ ბრძოლას?
- მართალია, ვენეცია და ფლორენცია აღარ არსებობს. 1453 წელს მეჰმედ მეორემ კონსტანტინეპოლი აიღო. ეს ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი მარცხი და სირცხვილია, ალბათ, იერუსალიმის სალაჰედინის მიერ აღების შემდეგ. ოსმალებმა მალე ბალკანეთი დაიპყრეს, ვენეციას გაუმეზობლდნენ და დაუწყეს შევიწროვება. თურქებმა დიდი ფლოტი შექმნეს და ვენეციის საზღავო ქარვანებს უსაფრთხოება დაურღვიეს. ვენეციის მმართველები მიხვდნენ, რომ მოდის ძალა, რომელსაც შეუძლია მათი განადგურება, ამიტომ მოახდინეს საკუთარი კაპიტალის დივერსიფიკაცია და გაააგზავნეს ხალხი უკვე მუდმივად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: ჰოლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანული სახელმწიფოები, შვეიცარია და ა.შ.
ყველგან, სადაც ისინი ჩავიდნენ შემდეგ რევოლუციები ანუ სახელმწიფო გადატრიალებები მოხდა და ფინანსური სისტემები ამათ ჩაიგდეს ხელში. მართალია ვენეცია და ფლორენცია აღარ არსებობდა როგორც სახელმწიფო, მაგრამ დარჩნენ უმდიდრესი ოჯახები და მათი კაპიტალი კი ტრანსნაციონალური გახდა. უკვე შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მათ დახურულ კლუბში სხვა ოჯახებიც შევიდნენ. საბოლოო ჯამში, დღევანდელი ფინანსური სისტემა არ არის დამყარებული კორპორაციებზე, კერძო ფირმებზე, ბანკებზე და ასე შემდეგ. ყველა ამ სტრუქტურის უკან დგანან ტრადიციული მდიდარი ოჯახები და ამიტომაც არის, რომ ეს ბრძოლა სამყაროს გლობალიზაციისთვის მემკვიდრეობით გადადის და უკვე 500 წელია გრძელდება. ცხადია, ამ ბრძოლას ზოგი მეტაფიზიკურ ახსნასაც უძებნის და შესაძლოა, მართლებიც არიან, მაგრამ ამ კუთხით ჯობია სხვებმა ისაუბრონ. ფაქტი ერთია, რომ დღეს მათ ამოცანას ეროვნული სახელმწიფოს, ეკლესიის მაქსიმალური დასუსტება და შემდგომში სრულად გაუქმება წარმოადგენს, რადგან ტრანსნაციონალური კაპიტალისთვის ისინი დაბრკოლებაა, მიუხედავად იმისა, რომ „თაფლაკვერის და მათრახის პოლიტიკის“ მეშვეობით თითქმის ყველა სახელმწიფოს ელიტა უკვე კონტროლს ექვემდებარება. ამ პროცესს კი ჩვენ დღეს შესანიშნავად ვხედავთ პლანეტარული მასშტაბის სცენარის მსვლელობაზე დაკვირვებით.
გამოდის, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმის ცვლილება ჩვენთან ანუ ის რომ ჩვენ საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე ამ პროცესებთან არის დაკავშირებული?
- რა თქმა უნდა. ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა იძლევა საშუალებას სახელმწიფომ ძალების სრული კონსოლიდაცია მოახდინოს და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს. არის ერთი კაცი, რომელიც პასუხიმგებელია და თუ არსებობს მისი კონტროლის მყარი მექანიზმები: პარლამენტი, სასამართლო, აუდიტი, თავისუფალი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ომბუდსმენი, ანტიმონოპოლიური სამსახური, ეფექტურად შეიძლება აკონტროლო ხელისუფლება. ჩვენთან კი მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობს სასამართლო - დანარჩენი კი პროფანაცია ანუ იმიტაციაა.
თავისუფალი მედია სულს ღაფავს უფულობისგან და თუ რომელიმეს გაუმართლებს და შემთხვევით წარმატებას მიაღწევს - რომელიმე ინტერესების ჯგუფს მიეყიდება, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს, მაშინ როდესაც პარტიული ანუ მიკერძოებული ტელევიზიები ტყუილის აღლუმს გვიტარებენ „ნონ-სტოპ“ რეჟიმში და დიდწილად ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან. აუდიტი ფიქციაა და ზრდილობისთვის დაწერს ხოლმე რამდენიმე შენიშვნას, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა სახელმწიფოს სამთავრობო სექტორია რეალურად. რეალური სამოქალაქო აქტივიზმი კი ყველანაირად იჩქმალება.
ომბუდსმენი უცხოეთის სამსახურშია. პარლამენტში პოლიტიკა და ამ პოლიტიკისთვის საჭირო კანონები არ იქმნება, ისინი ნოტარიუსებივით უმტკიცებენ მთავრობას ყველაფერს, რასაც შეიტანს. ასეთ ვითარებაში საერთოდ მმართველობის ფორმებზე საუბარს, არ ვიცი თუ აქვს აზრი. ჩვენთან იმიტაციური დემოკრატიაა.
საერთოდ ღარიბ ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი რთულია, თუ შეუძლებელი არა.
ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე მშპ არის $5000-მდე და ესეც არ ნაწილდება სამართლიანად, „ჯინის ინდექსით“ მაჩანჩალები ვართ. მინიმუმ $15,000 უნდა იყოს, თანაც სამართლიანად განაწილებული, რომ ვისაუბროთ დემოკრატიის რეალურ განვითარებაზე. მილიონი ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, 600,000 ღებულობს. აქ რა დემოკრატიაზე უნდა ვილაპარაკოთ?! 30 ლარად მიდიან და მიშას მიტინგზე დგებიან. განათლება?! განათლების დონით მსოფლიოში ასეულს მიღმა ვართ. ვის უნდა ველაპარკოთ მაღალ მატერიებზე?!
არ ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტოზე გადასვლა სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო, რადგან ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პრემიერი გამხდარიყო?
- ცხადია, ასეა. იეშმაკა თავისი ჭკუით. გამოუვიდა მაოხრებელი გზირივით: თვითონაც ვერ იხეირა და ქვეყანას საქმე გაუფუჭა. პრემიერების თვლას ვეღარ ავუდივართ, არავინ არაფერზე არ არის პასუხსმგებელი. ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება ის, რომ გაუქმდა მაჟორიტარული არჩევნები და 2024 წელს მხოლოდ პარტიული სიებით უნდა ავირჩიოთ. ეს ნიშნავს, რომ ძლიერი, ავტორიტეტული პიროვნებები ჩამოაშორეს პოლიტიკას, 5 ცნობად სახეს დაგვანახებენ პარტიულ სიაში და დანარჩენი ვალოდია ჯინჭარაძეები იქნებიან. პირადი პასუხისმგებლობა არავის არაფერზე ექნება ამომრჩევლის წინაშე. ეს პოლიტიკის შემდგომ დეგრადაციას გამოიწვევს, ხალხი საერთოდ ჩამოაშორეს პოლიტიკას და არჩევნებს.
ჩვენ გვგონია, რომ ფსკრეზე ვართ, მაგრამ ფსკერის ქვემოდან მომავალი კოალიციური მთავრობა გვიკაკუნებს. კოალიციური მთავრობა ძალიან აადვილებს გარედან მართვას, ამიტომაც მოაშორეს მაჟორიტარული არჩევნები და მიაღებინეს ეს ცვლილება. წარმოიდგინეთ კოალიცია, სადაც ერთმა პარტიამ აიღო 49% და იძულებულია 1%-იანს მისცეს თითქმის ყველაფერი, რასაც მოითხოვს. ამ 1%-იანი პარტიის ხასიათზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა. დიდი ალბათობით, ამ 1%-იან პარტიას გარედან ურჩევენ და ნებისმიერ მთავრობას ან პრემიერს „დააყირავებენ“, თუ არ იქნება დამჯერი და არ გაატარებს სხვის დღის წესრიგს. ასეთი 1%-იანი რამდენიმე რომ დასჭირდეს კოალიციას?! ეს კი ნიშნავს შემცირებული სუვერენიტეტის კიდევ უფრო შემცირებას. ქვეყნისთვის ეს კატასტროფაა.
რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის?
- ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოს და აზერბაიჯანის შედარებითი ანალიზი. აზერბაიჯანმა მიაღწია განუზომლად დიდ წარმატებას. იქ მმართველობამ აჩვენა, რომ სუვერენულ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ალტერნატივა არ აქვს.
მაგრამ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი და გაზი...
- აქ არ არის საქმე მხოლოდ ნავთობში. მიდგომა უფრო მნიშვნელოვანია. ნავთობის და გაზის სექტორის გარდა უზარმაზარი მრეწველობა განავითარეს, მხოლოდ ქიმიურ მრეწველობაში 100 ქარხანა გუგუნებს, ათასობით ჰექტარზე მეაბრეშუმეობა წამოიწყეს, ჩაის ინდუსტრია ააღორძინეს, საკუთარ ბაზარს იმპორტს არ უთმობენ, რაც შეუძლიათ ცდილობენ თავად აწარმოონ და განავითარეს ბევრი სხვა რამ, 2019 წელს მხოლოდ პომიდორს ყიდდენ $360 მილიონის ექსპორტზე.
ყველა უცხო სახელმწიფო „ბატონობით“ ელაპარაკება აზერბაიჯანს. ჩვენ კი კუბილიუსების, კარიულანდები და რამდენიმე პენსიონერი ყოფილი ელჩი ჭკუას გვასწავლიან მენტორული ტონით. ეს განსხვავება მოიტანა აზერბაიჯანში ხელისუფლების კონსოლიდაციამ და სუვერენული პოლიტიკის გაატრებამ. ასეთმა მიდგომამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც კი მოაგვარებინა, თან ისე, რომ რუსეთის სატელიტი არ გამხდარა.
ჩვენთან რამდენიმე მოდელი შეიძლება იყოს ეფექტური. პირველი ვარიანტი: საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მხოლოდ აქ თუ არ იქნა დაფუძნებული კონტროლის უძლიერესი მექანიზმები, ძალიან ძლიერი ორპალატიანი პარლამენტი, სადაც სენატში რეგიონებიდან მაჟორიტარები იქნებიან და ქვედა პალატაში პარტიები, მივიღებთ „სააკაშვილი-2“-ს ანუ დიქტატორს, რომელიც ხალხს ხოცავს, ქვეყანას ძარცვავს და ტერიტორიებს ყიდის.
მეორე ვარიანტია კონსტიტუციური მონარქია. ეს საინტერესო მოდელია, თანაც არისტოტელე მონარქიას განიხილავს როგორც ხალხისთვის დადებით ფორმას. მონაქრია არის გაიგივებული ეროვნულ სახელმწიფოსთან. მონარქიის ფორმულა - მეფობს, მაგრამ არ მართავს, თანამედროვე მსოფლიოში ეფექტურია. უმწვავესი კრიზისების დროს მონარქს შეუძლია განმუხტოს ვითარება.
ასე მოხდა მაგალითად ტაილანდში 2014 წელს. ქვეყნის ოკუპაციის ჟამს კი სამეფო ოჯახი ატარებს სამართალმემკვიდრეობას და ლეგიტიმურობას. ჟან-ჟაკ რუსო კი იყო განმანათლებელი (ფრანგულად ილუმინატი), მაგრამ ისიც მონარქიას უძლიერეს მმართველობის უძლიერეს ფორმად თვლიდა. მონარქი ერთიანობის სიმბოლოც არის, უფრო გახსნილია მონარქია გრძელვადიანი გეგმებისთვის, გამორიცხულია შემთხვევითი ადამიანის მოსვლა სახელმწიფო მეთაურად.
მონარქის და ნებისმიერი მმართველის მთავარი ფუნქციაა ჩაიბაროს, შეინარჩუნოს, გაამრავლოს და გადასცეს. მოკლედ ჩვენთვის ეს ორი ფორმა არის ყველაზე მისაღები, რადგან, სწრაფი განვითარება და მდგრადი ეროვნული ფუძის გაძლიერება ამ ორი სისტემით შეიძლება. გადავხედოთ მსოფლიო მონარქიებს და ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკებს ძლიერი მაკონტროლებელი სტრუქტურებით. სწორედ ისინი არიან ყველაზე განვითარებული ქვეყნები. დანარჩენი დაგვაზიანებს.