USD 2.7236
EUR 3.1882
RUB 3.4609
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
თარიღი:  319
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.
აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. 2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს.
2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.
2023 წელს გაგრძელდება სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე და გეგმის შესაბამისად, მაგისტრალურ გზებს დამატებით 6 კმ შეემატება. ასევე, 2023 წლის ბოლოს არის დაგეგმილი ბათუმის უმნიშვნელოვანესი 13,3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება.
მთლიანობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება მხოლოდ 3-3.5 საათში გახდება შესაძლებელი.
უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი უნიკალური ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ პასუხს ყველა იმ მრავალწლიან გამოწვევაზე, რომელიც უკავშირდება კლიმატური პირობების გამო ხანგრძლივად ჩაკეტილ გზას, ადგილობრივი მოსახლეობის ელემენტარულ საჭიროებებზე შეზღუდულ წვდომას და მრავალ სხვა პრობლემას. პროექტზე მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება 2023 წელს, რომლის დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი.
ინტენსიურად გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს დაგეგმილია ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზის დასრულება. გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად, 2024 წელს დასრულდება კახეთის მაგისტრალის 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, წელს, დაიწყება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც.
ასევე ინტენსიურად გრძელდება რეგიონებში გზების რეაბილიტაცია. 2023 წელს დასრულდება კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის უმოკლესი გზით დამაკავშირებელი, თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია; იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებულ 35 კმ-იან მონაკვეთს შეემატება 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მთლიანად დასრულება დაგეგმილია 2025 წელს; ასევე, 2023 წლის ბოლოს იგეგმება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის ყველა ძირითადი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება, რაც გაანახევრებს გადაადგილების დროს.
გაგრძელდება თუშეთამდე მისასვლელი ფშაველი-აბანო-ომალოს 63 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები; ასევე, გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება გომბორის 34 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანობაში, 2023 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე 1022 კმ გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდება 450-500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება წყალმომარაგების მიმართულებას, საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ მდებარეობაში.
ამ მიმართულებით, 2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე მდებარეობაში, რის შედეგადაც, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით. მათ შორის, 2023 წელს დასრულდება:
• ქალაქ თელავისა და ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების პროექტები;
• დედოფლისწყაროსა და 14 სოფლის (ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი, ხორნაბუჯი, სამრეკლო) წყალმომარაგების პროექტი;
• თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი) წყალმომარაგების პროექტი;
• სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს) წყალმომარაგების პროექტი;
• ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების პროექტი და სხვა.
ასევე, 2023 წელს დაიწყება ქალაქ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხაშურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების და დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები; გაგრძელდება ფოთისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.
2023 წელს გაგრძელდება და დაიწყება სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში.
2023 წელს ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მეორე ფაზის სამუშაოები. პროგრამის დასრულებული პირველი ფაზის სამუშაოების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, 564 შენობა უკვე განახლებულია ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით, კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების შეცვლით, მოწესრიგებულია საინჟინრო ქსელები, განახლებული და აშენებულია 92 პარკი და სკვერი, რასაც ჯამში, უკვე მოხმარდა 400 მილიონი ლარი.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, აშენდება 330 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
ასევე, 2023 წელს დაგეგმილია 26 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება. დაიწყება 60 ახალი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისათვის, დასკვნით ფაზაშია 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს როგორც ახალი სტადიონების მშენებლობას, ისე არსებული სტადიონების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის, უეფას სტანდარტების შესაბამის, კაპიტალურ რეაბილიტაციას.
2023 წელს დასრულდება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის სპორტული კომპლექსის და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა კი, ინტენსიურად გაგრძელდება.
2023 წელს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყება ახალი პროგრამა ტურისტული მდებარეობების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს, როგორც არსებული საკურორტო მდებარეობების რეაბილიტაცია-განახლებას, ისე ახალი ცენტრების განვითარებას. პროგრამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი.
გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ველისციხის ურბანული განახლებისა და ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტებზე.
რაც შეეხება კიდევ ერთ - მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებას, სამინისტროს მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, 2023 წელს დაიწყება 2 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის პროექტის განხორციელება, სადაც გამოყენებული იქნება ნაჟური წყლების მაღალტექნოლოგიური გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, დაიწყება 12 ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობისა და 2 არსებული ნაგავსაყრელის დახურვის მოსამზადებელი სამუშაოები.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონული განვითარების მიმართულებით.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 4 საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი), 2020-2022 წლებში, გამოყოფილი იქნა 205 მილიონი ლარი, საიდანაც დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაახლოებით 150 პროექტი და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამის შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით.
ასევე გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის უახლესი ინსტრუმენტის - „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialization) მიმართულებით, რომლის საპილოტე რეგიონად განსაზღვრული არის იმერეთი და ასევე, გაგრძელდება მუშაობა ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის NUTS კლასიფიკაციასთან მიმართებაში.
აღინიშნა, რომ წარმატებით ხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია, როგორც თვითმმართველობებისათვის დამატებითი უფლებამოსილებების გადაცემა, ისე მათი ფინანსური დამოუკიდებლობისა და ანგარიშგებისთვის ღონისძიებების გატარება, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში მუნიციპალიტეტების შემოსავლებისა და უფლებამოსილებების ზრდის მიზნით. ასევე, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით მუნიციპალიტეტებში დანერგილია ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს 18 სერვისს და შექმნილია მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება.
გაგრძელდება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა. ამჟამად, 1801 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 264 306 ადამიანი. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სულ, გაცემულია, დაახლოებით, 505.6 მილიონი ლარი სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერისა თუ დანამატების სახით, საიდანაც 2022 წელს გაცემულია 103 მილიონი ლარი.
ამჟამად, მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს 53 ღონისძიებას დაახლოებით 968.5 მილიონი ლარის საერთო საპროგნოზო ბიუჯეტით. 2021-2022 წელს ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 450 მილიონი ლარი.
სამინისტრო 2023 წელს გეგმავს მაღალმთიანი დასახლებების 2024-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გაითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ტერიტორიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას.
ასევე გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მათ შორის, გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანკარში 28 დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები, რის შედეგადაც, მოსახლეობა დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებლებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, 250 მილიონი ლარის პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, ზოგიერთ მათგანზე კი, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. ასევე, დაწყებულია მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების გამოსავლენად.
სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
ანალიტიკა
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.