USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ფრონტის, ომში ჩათრევის, გარეშე მტრული ძალების, მეხუთე კოლონის, მოღალატეების და აგენტების შესახებ
თარიღი:  686

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე სიტყვით წარსდგა.

მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ემსჯელა.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების: - თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და არმაზ ახვლედიანის ხელმოწერით საინტერპელაციო კითხვები პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ იანვარში გაეგზავნა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ და მისგან პასუხს შემდეგ კითხვებზე ითხოვენ:

რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება? რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც? რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს თქვენი მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?

სამწუხაროდ პრემიერმა, თავის გამოსვლაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და გამოსვლის ძირითადი ნაწილი ტრადიციულად ომში ჩათრევის, მეხუთე კოლონის, ჯაშუშების და აგენტების თემატიკას მიუძღვნა.

რეალური საფრთხე არის ის შეთქმულება, ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა

„რაც შეეხება ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას - ყველა კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ახლაც, უკვე აქვს გავლენა უკრაინის ომს. მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო საზოგადოებას - ომის დაწყების დღიდან და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. ფრაზა „მეორე ფრონტი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან გაჟღერდა. ბატონი დანილოვი გამოვიდა და განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი და ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი. აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგი უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი იმ გამოსვლის, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ამის შემდეგ ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.

ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას შეუერთდებოდა და საქართველოს ჩართავდა ომში. შეგახსენებთ გამონათქვამს ვანო მერაბიშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველია. ის უკრაინულ არხზე რუსულ ენაზე საუბრობდა და თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის მტკიცებულებები, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და ე.წ. მეორე პოლიგონის, მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი არაა, არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს. ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერაა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული.

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში მოდის მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან და გეგმებთან. ქალბატონმა თეონამ [აქუბარდიამ] მომიწოდა, არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე - მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. ამას არ ვაპირებ, პირიქით - მინდა ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო და კითხვები დაგისვათ თქვენ, სად დგახართ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად - ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს

„უკანონოდ შემოსული და შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, მისი მიამიტური გათვლებით. აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი უყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელმაც რამდენიმე თვით გადაიწია რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩვენი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე იმყოფება და ასეთ ვითარებაში ჩვენი მთავარი საზრუნავი არის საქართველოს გადარჩენა

„მინდა ჩვენ პატივცემულ დეპუტატებს, ჩვენ ხალხს მივმართო და ვესაუბრო რეალურ გამოწვევებზე, უსაფრთხოების იმ რისკებზე, რომელიც დღეს ჩვენი ხალხის წინაშეა და რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას ამ ურთულეს ვითარებაში. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითიდღე მატულობს, მძაფრდება და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა .

მინდა, მოკლედ გითხრათ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ყველა ვადევნებთ თვალს, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენ ქვეყანაზე, მთლიანად რეგიონზე, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი: 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის საუბედუროდ ქალები, ბავშვები, დანგრეულია და მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები. ექსპერტების დათვლით, ზარალი შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს გადაქცეულია პოლიგონად. ასევე, გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონ უკრაინელმა მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, რაც, რა თქმა უნდა, ურთულესი გამოწვევაა, ეს არის ტრაგედია. ამ სიტუაციას ყოველდღიური გაანალიზება სჭირდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!

„მინდა შეგახსენოთ ყველას ე.წ. თვითმფრინავების საქმე. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ოფიციალური ნებართვა, მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები უკრაინიდან, რომლებიც წაიყვანდნენ მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე იყო გასული. გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი ზესახელმწიფოს ლიდერი მოუწოდებდა საკუთარ მოქალაქეებს არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ მხარდაჭერა. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება. ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ ის უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომსა და კონფლიქტში, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო ერთი - რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ, ამის შემდეგ ე.წ მეხუთე კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება, დემონსტრაციები დაიწყეს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფრონტზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ? ეს გეგმაც გახსოვთ, რომ ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა. დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა. ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რომელი პატრიოტი ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა რეგიონში ურთულესი კრიზისია? - ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს

„რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გეგმაც გახსოვთ, რომ ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა. დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა. ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ეს მოხსნის სპეკულაციებს და დაასრულებს ოპოზიციის დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს

„მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს. ეს არის აშშ, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ კითხვა უნდა დავუსვათ საზოგადოებას და ოპოზიციას - რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას - მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასევე ვნახეთ დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ, ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები - შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები

 

„ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი, დესტრუქციული ძალების, შიდა მტრების, ე.წ. მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა და ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და ე.წ. რევოლუციის მოწყობა. კარგად გახსოვთ ე.წ. აქციები „შინ ევროპისკენ“ და მათი გაცხადებული მიზანიც ასევე იყო ხელისუფლების შეცვლა. მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს ეს გეგმაც ჩაუვარდათ. შეგახსენებთ, ბოლო მცდელობა, ახლა უკვე რამდენიმე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები.

„ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმები. ყველამ კარგად ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებით და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი  ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები წამახალისებელი იყო.

„შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ, ჩვენ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ მათი თქმით, ახლა არის ამ რეჟიმის დამხობის დრო და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა. მინდა გითხრათ, რომ საბოლოო გამოწევა არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება, რომ არ დავუშვათ კონფრონტაცია და მისი გადმოტანა. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა, მთავარი საზრუნავი და მადლობა ღმერთს, ამას წარმატებით ვაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოპოზიცია ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა - ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, მორალური უფლება არ აქვს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე ესაუბროს, ეს დაცინვაა

„ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩამოვთვალე ჩვენი მიღწევები. ევროპული პერსპექტივა ისტორიული გადაწყვეტილებაა. მანამდე სკეპტიციზმი არსებობდა ევროპულ დედაქალაქებში. ზოგი გეოგრაფიაზე საუბრობდა, ბევრი კრიტიკაზე, რუსულ ოკუპაციას ახსენებდა. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კი სპეკულაცია და ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსი, რომელიც სიმბოლური, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილია ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რაც პოლარიზაციას უკავშირდება, ეს არის ერთობლივად შესასრულებელი - ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის და ოპოზიციის მიერ.

 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ. ოპონენტები თავისი შინაარსით, მოქმედებებით მმართველობის სტილით ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა. თუ გადავხედავთ, რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება - ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს ატერორებდა, არ იმსახურებს არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან დიდი დაცინვა ჩვენი ხალხის. ხალხს ეუბნებიან, რომ არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდეთ, გაწამებდით, მაგრამ დღეს ევროპულ ინტეგრაციაზე უნდა გესაუბროთო“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიცემა უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

„ე.წ. კანდიდატის სტატუსის არმიცემა - ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან, თუ მათი მიდგომა დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებაა, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. არავის ვედრებით, მაგრამ ინფორმაცია საჯაროა და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ბევრად -2-3-ჯერ უსწრებს წინ უკრაინასაც და მოლდოვასაც ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ. ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების შიდა ე.წ. მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა, ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და ე.წ. რევოლუციის მოწყობა“, - განაცხადა

გვიკიჟინებენ, უკრაინის ომის გამო რუსეთს ეკონომიკური სანქციები დავუწესოთ, დავანგრიოთ ეკონომიკა, ვაზარალოთ მოსახლეობა, ეს არის უბედურება და ტრაგედია

„კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს [„ნაციონალური მოძრაობამ“] ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, აწამეს და დატანჯეს ჩვენი ხალხი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუს ოკუპანტს . რუსეთის ბოლო ჯარი ქვეყნიდან გავიდა 2007 წელს. რამდენიმე თვეში, ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდა და კიდევ უფრო ძლიერად დააბრუნეს. ბაზები ააშენებინეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მანამდე ხომ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. გესმით ხომ რამხელა უზნეობა, ამორალური და ანტიეროვნული, მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა. ომში რა გვაჩვენა და რა სახე გვაჩვენა, ყველამ კარგად იცის. ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთს. დღეს, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, გვეუბნებიან, ჩვენ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი რუსებისთვის, რომელიც თავად გააუქმეს ჩვენი ომის შემდეგ. ვკითხე, ვის ემსახურებით-მეთქი, რომ გაუკვირდათ. რომელ ქვეყანას ემსახურებიან. უბედურება და ტრაგედია არ არის, რომ კაცი [მიხეილ სააკაშვილი] 9 წელი პრეზიდენტი იყო, თავისი ნებით დათმო ქართული პასპორტი და ახლა, რამდენიმე კვირის წინ ჩართვაზე განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო და საუბარი უკრაინულად დაიწყო, თარჯიმანი მოითხოვა. რატომ ვიმეორებ ამ ყველაფერს, ომის შემდეგ, ისევ სააკაშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა და სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღეს გვეუბნებიან, რომ გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ტურისტებისთვის და შევწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. მოდი, საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ ომის შემდეგ, როცა რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოში, მომხდარიყო საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზება, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტების, ზოგიერთი ევროპარლამენტარის და ა.შ, რომლებიც დღეს გამოდიან და ლექციებს გვიკითხავენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაწესებულიყო. საერთოდ ვინმემ რამე გააკეთეთ ამ მიმართულებით? - არავითარი. მცდელობაც კი არ გვახსოვს არავის. დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო, ჩვენ დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა, ხალხი, ჩვენი მილიონობით მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, აი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია. თუმცა, ეს არის სრული ლუსტრირება იმის, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური ოპონენტი“,-განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტარების, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებს. ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ, მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. მათ პირდაპირ თქვეს, თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას, საქართველოს. აქ, პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი]კლავდა, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო. დემოკრატიის არანაირი ნიშან-წყალი ქვეყანაში აბსოლუტურად არ არსებობდა. ის არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში სასჯელს იხდის. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია. რა გვითხრეს კეზერაშვილზე? ადამიანი, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროკურატურები გამოძიებას აწარმოებენ და ჩვენ ჩართული და კოორდინაციაში ვართ.

კეზერაშვილზეც გვეუბნებიან, არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ის არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი.

ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს მედიამენეჯერის, გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის, ის იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული, მაგალითად, „იმედის“ წართმევის საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა, თავისი კერძო კომპანია, 5 მილიონზე მეტი მოიპარა, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა, როდესაც ეს ფაქტები ჩემთან ერთად გამოსვლისას მოვიყვანე და მათი ეს ჩართულობა და განზრახვა პირდაპირ დავუკავშირე ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს. ვთქვი, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდის ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე

„გვესმის ძალიან ბევრი ბრალდებები, კრიტიკა, დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. აბრალებენ მთავრობას, ათას ცილს სწამებენ, გვეძახიან პრორუსულს და ა.შ. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ის კონკრეტული მიღწევები, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ პრორუსულ ძალას. ახლა მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე, რომ ეს არის რეალობა და შედეგები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ.

ახლა რა გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში - პრაქტიკულად არაფერი. სამი წლის დაგვიანებით დაიწყეს პრაქტიკულად მათ პროცესი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების. უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საერთოდ გადაწეული იყო მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება მოუწევდათ , რომლის სურვილი მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, რომ მათი გაცხადებული, დეკლარირებული მიზანი იყო ქვეყნის არა ევროპეიზაცია, არამედ, სინგაპურიზაცია. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მათმა ბელადმა შეცვალა კონსტიტუცია, აპირებდა პრემიერ-მინისტრად გადასვლას და ქვეყნის მართვას მრავალი, 20-30 წლის განმავლობაში დიქტატორული, ავტორიტარული მეთოდებით. ეს რეალობა დაგვხვდა ჩვენ. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის