USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს დაესწრო
თარიღი:  
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც პეკინში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

ბატონო თავმჯდომარე,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,

ძვირფასო მეგობრებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ სი ძინპინის, რომ მოგვიწვია მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩენგდუში. გასულ კვირას დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სისთან, სამაგალითო პოლიტიკოსთან, ბრძენ და მასშტაბური ხედვის მქონე ეროვნულ ლიდერთან, შეხვედრა.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სის და პრემიერ ლის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის. არსებული ურთიერთობების აყვანა  სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უზომოდ მოხარული ვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ასეთი პროდუქტიული და მეგობრული ვიზიტის გამო. ასევე პატივია, დღეს ვესწრებოდე ამ მნიშვნელოვან ბიზნესფორუმს, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას – საქართველოს და სიტყვით მივმართავდე გამორჩეულ ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს.

სიხარულით ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მოკლედ გაგაცნობთ ჩემს ქვეყანას.

უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო, სახელმწიფოებრიობის 3000-წლიანი ისტორიით, საუკუნეების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის გული იყო. ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიითა და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ისე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ უნიკალურმა მდებარეობამ საშუალება მისცა აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს საქართველოში შერწყმოდნენ ერთმანეთს, რამაც ამ ორი სამყაროს კულტურათა მიმზიდველი ნაზავი შექმნა.

ჩვენი მემკვიდრეობა ასახავს სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, მაგრამ მაინც გამოირჩევა უნიკალურობით. ქართულ კულტურას განსაკუთრებული და მუდმივი ხიბლი აქვს, ცოცხალი ტრადიციული ცეკვებიდან და სულისშემკვრელი პოლიფონიური სიმღერებიდან დაწყებული, იშვიათი გემოების მქონე კერძებითა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით გაგრძელებული, რამაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს, გაუთქვა სახელი.

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ – ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს – სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდესა და ტრადიციების პატივისცემას.

ეს ღირებულებები ქმნის ქართული იდენტობის არსს, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს იდენტობას. მათი დაცვით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას, რაც კიდევ უფრო აერთიანებს და ავითარებს ერს, ამასთანავე, ჩვენ ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს.

ამ გზაზე ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში. ჩინეთის დინამიკურმა ზრდამ, ინოვაციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებამ ის აქცია ძირითად პარტნიორად გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებითა და ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებით. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ ვაცხადებ, რომ ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მეგობრულ გარემოს და ყველა საჭირო მხარდაჭერას ასეთი მიზნების განსახორციელებლად.

საქართველო არის უცილობელი დამაკავშირებელი იმ 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, რაც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალითა და რეგიონულიი დაკავშირებადობით. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ჩემი ქვეყანა ამ ფართო რეგიონში მოიაზრება როგორც განსაკუთრებული კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესისათვის.

ბიზნესი საქართველოში პოულობს ფასდაუდებელ წვდომის ადგილს  არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წვდომა იქონიონ მრავალფეროვან ბაზრებზე. როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი მიმოქცევის ადგილი, საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ უაღრესად კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გაზარდონ ამ ფართო რეგიონში.

უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან), და კიდევ ბევრია მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც, დაახლოებით, 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს.

საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების ხაზგასასმელად, უვიზო მიმოსვლის უფლებას ვანიჭებთ 98 ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის – საშუალოდ, ჯამში 9.9-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. საქართველო გთავაზობთ მიმზიდველ შეღავათებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და გამარტივებული ბიუროკრატიით, რაც მას მიმზიდველ დანიშნულების ქვეყნად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც დიდ სარგებელს ეძებენ. უაღრესად მიმზიდველი ბიზნესკლიმატის გარდა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ისეთ მიმზიდველ მექანიზმებს, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი. საქართველოში მოქმედ და ექსპორტზე ორიენტირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს ვთავაზობთ შეღავათებს ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს, მხოლოდ 5% საშემოსავლო გადასახადი (ზოგადად არსებული 15% განაკვეთის ნაცვლად) და 5% მოგების გადასახადი (ზოგადად არსებული 20% განაკვეთის ნაცვლად).

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, შექმნა  უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა.

გასულ წელს დავამტკიცეთ საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030. ეს არის მასშტაბური ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის განვითარების ხედვას. ეს შორსმიმავალი პერსპექტივა აქცენტირებულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა  და შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და საეტაპო შედეგები გვაქვს. დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში.

შემდეგი სტატისტიკა ნათლად ადასტურებს ჩვენს პროგრესს. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი, ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით, მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, – მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10.1 პროცენტია 2022 წელს, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6 პროცენტია.

სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 – 2028 წწ.), პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%.

როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია გლობალურ გამოწვევად იქცა და ის კვლავაც მნიშვნელოვანი თავსატეხია მრავალი ძლიერი ეკონომიკისთვის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ქმედითი ღონისძიებები, რის შედეგადაც ივნისში ინფლაციამ მხოლოდ 0.6% შეადგინა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება.

გარდა ამისა, საქართველოს სუვერენულმა საკრედიტო რეიტინგებმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, რაც მიუთითებს  ჩვენი ქვეყნის მდგრადობასა და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებელზე. Fitch Ratings-მა საქართველოს პერსპექტივა BB „სტაბილურიდან“ გაზარდა BB „დადებითამდე“. ეს პოზიტიური ცვლილება ჩვენი მთავრობის ეფექტიანი მმართველობის შედეგია, ისევე როგორც ეკონომიკურ განვითარება და მაკრო-ფისკალური პოლიტიკის სანდო ჩარჩო. ეს დადებითი რეიტინგები ხაზს უსვამს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და დარგობრივი პოლიტიკის მართვის მიმართ.

ჩვენმა მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტისგან ამ მხარდამჭერი სამართლებრივი და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის. შედეგად, ჩემმა ქვეყანამ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები მოიპოვა:

  • მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის;
  • ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ღია ბიუჯეტის კვლევა საქართველოს პირველ ადგილზე ასახელებს;
  • Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პირველ თხუთმეტ ქვეყანას შორისაა და გლობალურად 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილს იკავებს;
  • Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსთ, 2023 წელს საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოზე ბევრად წინ დგას;
  • ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო მშენებლობის კვლევის ცენტრის ანგარიშის – „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს“ – მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია და გამჭვირვალობის ინდექსში 54-დან მე-17 ადგილზე დაწინაურდა 2023 წელს.

მეგობრებო, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. და მე ვამაყობ იმით, რომ გრძელვადიანი წარმატება უკავშირდება ჩვენი მთავრობის ძალისხმევას საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად გადაქცევაში.

ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან  რომლებშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები.

არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით, და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რომლებითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან.

უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან, ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას.

ძვირფასო მეგობრებო, გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ეს გზამკვლევი გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას.

ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის მონაწილეობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს, ამ პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX-ის ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, პოზიციებს.

ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრითა და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის  ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტიანი ინფრასტრუქტურითა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს.

ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და არსებობს დიდი პოტენციალი.

ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში. ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ, ევროპისა და აზიის ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა.

განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბისა და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა.

ძვირფასო მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრორესურსები. ჰიდროენერგეტიკაში, დაახლოებით, 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით, დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით.

სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალი სქემა ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა, რომელიც ჩემი ინიციატივაა და 2 წლის წინ გავაჟღერე, მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან ის შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას, განავითაროს განახლებადი რესურსები და უფრო მდგრადი ენერგეტიკა. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები და ზემოაღნიშნული პროექტები მჭიდრო კავშირშია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის მიზნებთან. ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული მასში და ადასტურებს ნაკისრ ვალდებულებას, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მისი წესდება.

მსურს გამოვხატო გულწრფელი სიხარული იმის გამო,   რომ დღეს, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის  ფარგლებში, ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთ-სასარგებლო თანამშრომლობას.

ასევე მინდა ვახსენო, რომ ჩემი ინიციატივით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო  წარმატებით ატარებს 2015 წლიდან მოყოლებული და უკვე სამი ასეთი ღონისძიება გაიმართა. ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესსა და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით. თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შეკრებს 2000-მდე დელეგატს, მთავრობათა მაღალჩინოსნებს და ბიზნესის წარმომადგენლებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნესწრეები მოვიწვიო ამ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში.

ცალკე მინდა აღვნიშნო ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩემი ქვეყნის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან განვითარებული მეთოდები არ მიუტოვებიათ და დღემდე გამოიყენება მეღვინეობაში. მისი კულტურული მნიშვნელობის დასტურად და UNESCO-ს პრინციპების შესაბამისად, თიხის ჭურჭელში – ქვევრში – ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძვირფასო მეგობრებო, ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა მეღვინეობაში. არქეოლოგიური აღმოჩენებით, ის 8000 წლით თარიღდება. საქართველოს უძველესი ტრადიციები და მისი ღვინის კულტურა გადაჯაჭვულია ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთან.

ქვეყნის გამორჩეულ ტრადიციებს განაპირობებს 525-ზე მეტი ძირძველი ვაზის ჯიშის საოცარი მრავალფეროვნება, რომელთაგან 10 გაშენებულია ჩინეთის ტერიტორიაზე, ნინგციას რეგიონში.

ბაზრის პოტენციალი, ეკონომიკური სარგებელი და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთს აქცევს ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილად. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის, ჩინეთში. ქართველი მეღვინეების გაზრდილი ჩართულობა საერთაშორისო გამოფენებში იმას ცხადყოფს, რომ ქვეყანა ერთგულია ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეისადმი და თან ხაზს უსვამს ქართული ღვინისადმი მზარდ ინტერესს. ჩვენ მოუთმენლად ველით აქ დამსწრე ქართული ღვინის კომპანიების მიერ ურთიერთობების დამყარებას, ბრენდის ცნობადობის გაზრდას და საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებსა და ასევე გაზრდილ საბაზრო წილს ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას, როგორც აღიარებულ და ღირებულ არჩევანს ჩინელ მომხმარებლებს შორის.

დაბოლოს, ნება მომეცით, განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის მოწოდებული დახმარება გაუწიოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციით დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებს. 2014 წელს ჩვენ დავაარსეთ ქვეყნის მოწინავე დაწესებულება – „აწარმოე საქართველოში“, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს სააგენტო მოქმედებს როგორც შუამავალი უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის და გთავაზობთ უახლეს ინფორმაციაზე წვდომას, თან ხელს უწყობს ეფექტიან კომუნიკაციას სამთავრობო ორგანოებთან. ის ფუნქციონირებს როგორც ყოვლისმომცველი „ერთი ფანჯრის“ სისტემა და მზადაა მხარი დაუჭიროს ინვესტორებს მთელი საინვესტიციო პროცესის განმავლობაში.

პრინციპში, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე სარგებლობს საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი გარემოთი და ყველა იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენი მთავრობა სთავაზობს კერძო სექტორს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობაში და ქვეყანაში უხვად  არსებული ბიზნესშესაძლებლობები გავაცნოთ მათ. მივესალმებით ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, ხოლო „აწარმოე საქართველოში“ მზადაა დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამეწარმეო შესაძლებლობებში გარკვევას ცდილობენ.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნესკლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით. ჩემი ქვეყანა არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.

საქართველო არის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის უცილობელი კვანძი. შესაბამისად, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვიწვიო ჩინური კომპანიები, შეისწავლონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით, მათ შორის, ისეთი სარგებლით, რომელიც მოაქვს (პირველადი, გადამმუშავებელი და საკომპლექტაციო) წარმოების საქართველოში გადმოტანას ან/და გაფართოებას.

ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავმჯდომარევ, დღეს მოკლედ წარმოვადგინე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, უზარმაზარი პოტენციალი და ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ჩინეთთან, ამ დიდებულ ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან, აგრეთვე მის ბიზნესსექტორთან პარტნიორობის გაზრდისაკენ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორმხრივია და საშუალებას მოგვცემს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები დიდი შემართებით გამოვიყენოთ.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ გრძელვადიანი მეგობრობის განმტკიცებისა და ჩვენი ერებისთვის ნათელი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.

დიდი მადლობა!

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის