ოთხი ათწლეულის წინ, 16 წლის ჯადავ „მოლაი“ პაიენგმა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე მდებარე, მსოფლიოში უდიდეს კუნძულ მაჯულისზე უამრავი გვალვის გამო დახოცილი გველი ნახა. მაშინ, ჯერაც ბავშვს, დააინტერესა, ერთ დღეს ადამიანებსაც იგივე ბედი ხომ არ ელოდათ.
ნანახმა იმდენად შეძრა, რომ საკუთარ სახლთან ახლოს მან ნერგების დარგვა დაიწყო. ამ საქმეს მან თავისი სიცოცხლის 40 წელზე მეტი მიუძღვნა; ტყის კაცმა, დაახლოებით 550 ჰექტარ ტერიტორიაზე, სრულიად მარტომ დარგო ხეები.
ჯადავ პაიენგმა თავი დაანება სწავლას, რათა მთელი დრო და ენერგია ტყეების განაშენიანებისთვის დაეთმო. კამეჩებით მოვაჭრის ოჯახში დაბადებული ჯადავი წარმოშობით ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, ასამში მცხოვრები თემიდანაა.
მან მდინარე ბრაჰმაპუტრას მშრალ, ქვიშიან სანაპიროზე დაიწყო მცენარეების თესლების და ნერგების დარგვა. ადგილობრივები ურჩევდნენ, რომ ისეთი ხის ჯიშები დაერგო, რომლებიც მკაცრ კლიმატურ პირობებს გაუძლებდნენ. თავიდან ჯადავმა 25 ნერგითა და მცირე ოდენობით თესლებით დაიწყო.
ჯადავის ამბავი პირველად 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ჯითუ კალიტამ, ველური ბუნების ფოტოგრაფმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მისი საქმიანობის შესახებ დაწერა. ამ ფაქტს მალევე საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ხალხმა მისი ტყის მოსანახულებლად ჩამოსვლა დაიწყო, სადაც 120-ზე მეტი ფრინველის სახეობა ბინადრობს, მათ შორის მრავალი გადამფრენი ჩიტიც.
ამ ადამიანის ხელით გაშენებულ ტყეში კაზირანგას ტყის ნაკრძალიდან ხშირად ისეთი დიდი ცხოველებიც გადმოდიან, როგორიცაა ვეფხვები და სპილოები. ტყის კაცის თქმით, სპილოების დიდი ჯოგი აქ ყოველწლიურად 3 თვეს ატარებს.
პაიენგი ხეების ნერგების დარგვას ტროპიკული წვიმების დადგომამდე 3 თვით ადრე იწყებს, რომელიც, როგორც წესი ყოველწლიურად, ივნისში იღებს სტარტს. წლის დანარჩენ დროს იგი ტყიდან თესლების შეგროვებას უთმობს. მისი თქმით, ბრაკონიერები კვლავ რჩებიან მისი ტყის მთავარ საფრთხედ, თუმცა ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტი მას ტყის დაცვაში ეხმარება. ჯადავი ამბობს, რომ აუცილებელია, მომავალ თაობებს ვასწავლოთ ტყის მასივების შემცირებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ. მათ უნდა უყვარდეთ ბუნება. მისი თქმით, ტყეს უკვე შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, თუკი მას ადამიანები არ შეეხებიან.
ტყის მცველს თავისი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული აქვს ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, პადმა შრი. მის საყვარელ ტყეს მის პატივსაცემად „მოლაი“ უწოდეს. ამ ადამიანის ისტორია შეტანილია ეკოლოგიურ სასკოლო პროგრამებში, მათ შორის, აშშ-შიც. იგი მიწვეულია მექსიკაში, რათა დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციას Fundacion Azteca, რომლის მიზანია ქვეყანაში 7 მილიონი ხის დარგვა. ის თავის მდიდარ გამოცდილებას მექსიკელებს გაუზიარებს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.