USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
ინანო მუშკუდიანი-იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი
თარიღი:  3599
კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი ოპერა დიზაინში, საიდანაც ხშირად მიწევდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგისთვის ჩავედი ქალაქ ბაზელში, კომპანიაში ,,ვიტრა”, რომელიც ავეჯის და განათებების ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა,სადაც გარდა მარკეტინგული ტრენინგისა, დაგვათვალიერებინეს თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია... აღფრთოვანებული დავრჩი და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. იქიდან რომ დავბრუნდი, მალევე გადავწყვიტე, ერთწლიანი კურსი გამევლო დიზაინის მიმართულებით და რომში ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
 
სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის დირექტორმა, ფილიპო პერნისკომ, დარჩენა შემომთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი ამეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. დავთანხმდი. ძალიან რთული წელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად სადიპლომო პროექტზეც ვმუშაობდი - მუხრანის სასახლეში გავაკეთე კულტურული ცენტრი, სადაც გალერეა, საკონცერტო დარბაზი, დიდი ბიბლიოთეკა და ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული. დისერტაციის დაცვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. მამაჩემი, ლევან მუშკუდიანი, არქიტექტორია და მასთან ერთად დავიწყე რესტორან ბერნის პროექტზე მუშაობა. ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის, ,,ნაბა”-ს დაფინანსების პროგრამას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. სიმართლე რომ ვთქვა, დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ჩემი ნამუშევრები გავაგზავნე. 100%იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავედი, ასე მოვხვდი მილანში ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურაზე.
 
აქედან დაიწყო ჩემი ძალიან დიდი პროფესიული განვითარება და ზოგადად გემოვნების, სტილის და შეხედულებების ჩამოყალიბება. მაგისტრატურის პარალელურად, ვმუშაობდი რამდენიმე დიზაინის სტუდიაში, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ სტილით და მიდგომით. ეს ალბათ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო საკუთარი თავისთვის, რომ უკეთ მივმხვდარიყავი თუ რისი კეთება უფრო მაინტერესებდა და გამომდიოდა. მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გავაფორმე კონტრაქტი ჯგუფთან ,,პიზა”. ეს კომპანია მოიცავს არაერთ ბრენდს სამკაულებისა და საათების წარმოებაში. უამრავი მაღაზია და შოურუმი აქვთ მილანში, მონტე ნაპოლეონეზე. ჩემი პოზიცია ძალიან მრავალფეროვანი იყო. უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის და ავეჯის დიზაინს ვუკეთებდი ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის ,,როლექსი”, ,, ვაშერონ კონსტანტინი”, ,,პატეკ ფილიპი”, ,,დე გრიზოგონო”, ,,უბლო” და ა.შ. გარდა კონცეფციებზე მუშაობის, მშენებლობის ზედამხედველობა და პროექტის მენეჯმენტიც მე მებარა, რაც ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვდა, მაგრამ ამასთანავე იმხელა გამოცდილება, ცოდნა და უნარი შემძინა, რომ დღემდე ვთვლი, ყველა უნივერსიტეტის ლექციაზე დიდი გაკვეთილი ამ კომპანიაში მუშაობამ მომცა.
 
მოგვიანებით, ნაბას უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დავიწყე ბრენდ დიზაინის განხრით. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის მემუშავა. საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის.
ასე დავიწყე მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან. თავიდან ესეც ისეთივე ნაბიჯი იყო, როგორიც ნაბას მაგისტრატურა: დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ გავრისკე. გასაუბრებაზე დამიბარეს და მეორე დღეს მუშაობა დავიწყე.
 
დე კოტის სტუდია ყველასგან რადიკალურად განსხვავებულია, რადგან თავად ვინჩენცო დე კოტისის ყველა არქიტექტურული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშივითაა. სტუდიამ წელს მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის სტუდიის ჯილდო მიიღო.
დე კოტისში საკმაოდ ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მრავალფეროვნება აუცილებელი ელემენტია საქმეში. არის პროექტები, რომლებსაც მე ვიბარებ და ვხელმძღვანელობ, რაც პროექტის მენეჯმენტის გარდა, ტექნიკურ ნახაზებს და ვიზუალიზაციებსაც მოიცავს. არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პროექტისთვის ავეჯი და განათებებია შესაქმნელი, შესაბამისად პერიოდულად სახელოსნოში, რომელშიც წარმოება გვაქვს, ვინჩენცოსთან ერთად ვმუშაობ. მისგან ვსწავლობ სხვადასხვა მასალაზე მუშაობის ტექნიკას, ვატარებთ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. ჩემთვის ეს პროცესი ყველაზე სასიამოვნოა, თავს ყველაზე ბედნიერად სახელოსნოში ვგრძნობ. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, შეგეძლოს ცოცხალი ლეგენდის (როგორც აქ ეძახიან) გვერდით ამხელა საქმის კეთება.
 
მეოთხე წელია დე კოტის სტუდიაში ვმუშაობ და დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვუყურებ ჩემს თავს რამდენიმე წლის წინ, რადიკალურ გარდაქმნას ვხედავ ყველა ასპექტში, რაც ჩემს პროფესიას ეხება. გემოვნება, ხედვა, დეტალებზე ორიენტირი, მასალების აღქმა, შერწყმა, ბალანსი... ეს ყველაფერი სტუდენტობისას სულ სხვანაირად მესმოდა და აღვიქვამდი.
აუცილებელია, მთელი გულით გიყვარდეს შენი საქმე და იქამდე ეძებო შენი, სანამ არ იპოვი. გგონია, რომ დროს კარგავ და არ გამოვა, მაგრამ როდესაც იპოვი, არცერთი წამი დაკარგული აღარ გეჩვენება. იმაზე მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გაგვაჩნია და ხშირად დანებების პირას მივყავართ, თუმცა თუ გავუძლებთ, მსგავსი სიამოვნება და კმაყოფილება ცოტა რამეს მოაქვს ცხოვრებაში.
მსოფლიო
ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ დარტყმები ორი კვირით შეაჩეროს -შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უზრუნველყოს, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისა და მსოფლიოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის მტკიცებით, აშშ-მა ისრაელს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ის ერთგულია იმ საერთო მიზნების მიღწევის მიმართ, რომელსაც აშშ, ისრაელი და ისრაელის რეგიონული მოკავშირეები იზიარებენ.

ამასთან, ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტასთან დაკავშირებით ლიბანს არ მოიცავს.

„ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ მოიცავს“, - აღნიშნულია ისრაელის პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის