USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Financial Timеs» (დიდი ბრიტანეთი): „ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“
თარიღი:  

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Tims) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის გიდეონ რიხმანის სტატია სათაურით „ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებულია კუნძულის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. დღის წესრიგშია მთავარი კითხვა - შეიჭრება თუ არა ჩინეთი ტაივანზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მსგავსად?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სი ძინპინი თვლის, რომ ისტორია პეკინის სასარგებლოდ ვითარდება. როცა იგი გასული წლის მარტში ვლადიმერ პუტინს კრემლში ესტუმრა, ჩინეთის ლიდერმა რუს პრეზიდენტს უთხრა: „ჩვენ ახლა უშუალოდ ვუყურებთ და მოწმენი ვართ იმ მოვლენებისა, რომლებიც 100 წელიწადში ერთხელ ხდება და ჩვენ ორივე ამ ცვლილებებს ვმართავთ“.

ორი დიდი სახელმწიფოს მეთაურების პოზიციები მთელმა მსოფლიომ გაიგო: სი ძინპინის სიტყვები აღქმული იქნა როგორც აშკარა მხარდაჭერად რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმართ... და იმის ვარაუდად, რომ ჩინეთი ძალიან მალე შეასრულებს „კონკრეტულ როლს ამ ცვლილებების სტიმულირებისათვის“. შესაბამისად, გაჩნდა შიში იმისა, რომ ჩინეთი მართლაც შეასრულებდა თავის დიდი ხნის მუქარებს კუნძულზე შესაჭრელად, რომელსაც თავის ნაწილად თვლის.

პეკინის მუქარების რეალიზების კონტურები აშკარად გამოიკვეთა ტაივანზე ამ ორი დღის წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. ჯერ კიდევ ხმის მიცემამდე ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტაივანე ამომრჩევლებს მოუწოდა „სწორი არჩევანი“ გაეკეთებინათ მშვიდობასა და ომს შორის, მაგრამ ტაივანმა, პეკინის თვალსაზრისით, „არასწორი არჩევანი“ გააკეთა, როცა პრეზიდენტად ხმა მისცა დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ლიდერს ლაი ცინდეს (უილიამ ლაის), რომელსაც პეკინი სახიფათო სეპარატისტად თვლის.

მართლაცდა, ტაივანის დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად ჰგავს უკრაინის მდგომარეობას 2022 წლამდე.

პირვლე რიგში უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც უკრაინასა და ტაივანს იმ ტერიტორიებად თვლიან, რომლებიც ისტორიული სამართლიანობის მიხედვით, მათ სახელმწიფოებს ეკუთვნით. თავის დროზე ვლადიმერ პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას მხოლოდ რიტორიკულად აღიარებდა, ხოლო კონტინენტური ჩინეთი კუნძულს ყოველთვის თავის ნაწილად თვლიდა, ანუ ჩინეთთან ტაივანის გაერთიანება პეკინის დიდი ხნის პოლიტიკურ კურსს წარმოადგენს.

მეორე მომენტი იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მტკიცებით, არც უკრაინას აქვს რეალური სუვერენიტეტი და არც ტაივანს, ორივეს აშშ იყენებს თავის ჰეგემონური და აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტებად. ამრიგად, „განდგომილი“ უკრაინის//ტაივანის დაბრუნება თავიანთი ისტორიული სამშობლოების - რუსეთის//ჩინეთის - შემადგენლობაში ორ მიზანს ემსახურება: ამით რეალიზებული იქნება მოსკოვისა და პეკინის ისტორიული დანიშნულება - ყველა იმ ტერიტორიის მიერთება, რომლებსაც ისინი ფლობდნენ. შესაბამისად, ამით მასირებული დარტყმა მიადგება ამერიკის გლობალურ ძლიერებას საომარი მოქმედებების ორ საკვანძო თეატრში - ევროპაში და აზიაში. აქედან გამომდინარე, განხორციელდება ის ცვლილება, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“.

უეჭველია, რომ ყოველი ძლიერი ლიდერისათვის მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად გადაქცევის შანსი მიმზიდველია. ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც ძლიერი ადამიანების სახეეებს წარმოადგენენ. რუსმა და ჩინელმა ლიდერებმა თავიანთი ქვეყნების კონსტიტუცია  შეცვალეს, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაეგრძელებინათ - სავარაუდოდ, სიკვდილამდე. ორივე ხელს უწყობს პიროვნების კულტის პროპაგანდას და გარემოცვას შიშს უნერგავს.

ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს ხოლმე კამერების წინაშე „ღიმილით“ თავისი უახლოესი თანაშემწეების დაშინება, რომლებმაც კარგად უწყიან რუსეთის პრეზიდენტის რეალური საქმეები - იგი თავის მოწინააღმდეგეებს კიდევაც აპატიმრებს და კიდევაც კლავს. თავის მხრივ, სი ძინპინსაც არაერთხელ აქვს ჩატარებული ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების წმენდები. რაც უფრო მეტ ხანს იმყოფება ორივე ლიდერი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად იხრებიან იმისკენ, რომ ისინი ჩაციკლულნი აღმოჩნდნენ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად. ამ „ისტორიულმა საზრუნავმა“ ორივე ლიდერი II მსოფლიო ომის შედეგების გაფეტიშებამდე მიიყვანა: ვლადიმერ პუტინი რუსეთს „ევროპის გადამრჩენლად“ თვლის გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ ომში, ხოლო სი ძინ პინი კომუნისტური ჩინეთის გადამწყვეტ როლზე აცხადებს პრეტენზიას აზიის რეგიონში, [გერმანელი ფაშისტების მოკავშირე იაპონიის წინააღმდეგ].

თუმცა აუცილებელია ითქვას: იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი თვლიან - ისტორია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდებაო, ორივე მაინც ერთგვარ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ სინამდვილეში ისტორია შეიძლება მათი ინტერესების წინააღმდეგ განვითარდეს. რუსეთის ლიდერის მიერ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის მიზნით, სავარაუდოდ, ნაკარნახევია შიშით, რომ კიევი სამუდამოდ გავიდოდა რუსეთის კონტროლის არეალიდან. და რომ მას სწრაფად არ ემოქმედა, იგი ისტორიაში შევიდოდა ისეთი მეფედ, რომელმაც „უკრაინა დაკარგა“.

არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ სი ძინპინიც იგივე დასკვნას გააკეთებს ტაივანთან მიმართებით. ჩინეთს იმედი ჰქონდა, რომ კუნძულზე [პროამერიკული] დემოკრატიული პარტიის ლიდერის ცაი ინვენის რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ამ არჩევნებში ქანქარა უფრო პროპეკინური პარტიისაკენ - გომინდანისაკენ გადაიხრებოდა (გომინდანი ჩინეთს 1949 წლამდე მართავდა), მაგრამ ლაი ცინდეს (უილიამ ლაის) გამარჯვებამ ცხადჰყო, რომ ტაივანის მართვას კვლავ პროდასავლელი პრეზიდენტი და მისი მთავრობა გააგრძელებს.

ეს ფაქტი ჩინეთისათვის გრძელვადიანი არასასურველი შედეგების მომტანი იქნება. პეკინისათვის შემაშფოთებელი ხდება ის ტენდენცია, რომ სწრაფად იზრდება ტაივანელთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ჩინელებად კი არა, „ტაივანელებად“ თვლიან. ამ შემთხვევაშიც ჩანს პარალელი უკრაინასთან, სადაც მზარდი ყურადღება უკრაინული კულტურისადმი რუს ნაციონალისტებს აშფოთებდათ და შეურაცხმყოფელად მიაჩნდათ.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ სი ძინპინი საბოლოო ჯამში გადაწყვეტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და სამხედრო ძალა გამოიყენოს პირადული და ნაციონალისტური ამბიციების მისაღწევად?

უნდა ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს დააფიქრებს ის კატასტროფული ზარალი, რომელიც რუსეთს უკრაინაზე ავბედითმა თავდასხმამ მოუტანა. ჩინელი ოფიციალური პირები ზოგჯერ აცხადებენ, რომ მათი არმია უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ვიდრე რუსული ჯარი, მაგრამ სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში ისეთი დივიზიები და ისეთი რუსი ჯარისკაცები არიან, რომლებიც გამოწრთობილნი არიან ბოლო წლების ბრძოლებში - ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში... ჩინეთის არმიას კი, 1979 წლის ვიეტნამთან კონფლიქტის შემდეგ,  დიდი ხანია არავისთან არ უბრძოლია, ანუ რეალური საომარი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, კორუფციის ბრალდებით განხორციელებულმა ხშირმა წმენდებმა ჩინეთის არმიის ხელმძღვანელობა დაასუსტა.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე აშშ-ის პრინციპული პოზიციაც: ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკა უკრაინის დასაცავად თავის ჯარს არ გაგზავნის. ტაივანთან მიმართებით კი სიტუაცია პირიქითაა: აშშ არ აღიარებს კუნძულის დამოუკიდებლობას (რაც ახლახან, არჩევნების შემდეგაც დაადასტურა), მაგრამ ჯო ბაიდენს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამერიკა ტაივანის დასაცავად იბრძოლებს.

არსებობს გეოგრაფიული ფაქტორიც: რუსეთი უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას, სადაც მისი შეჭრა სახმელეთო გზებით განხორციელდა და მაინც „ჩაეფლო“, ჩინეთს კი, თუ ის ტაივანს თავს დაესხმება, საზღვაო გზით შეჭრა მოუწევს, რაც ბევრად რთულია.

როგორც ვაშინგტონი თვლის, სი ძინპინმა თავის გენერლებს უბრძანა, რომ არმია ტაივანზე შესაჭრელად უკვე 2027 წლისათვის მოამზადონ. აშშ-ისა და ტაივანის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როცა „შეჭრის“ თარიღი მოახლოვდება, სი ძინპინი დარწმუნდეს, რომ კუნძულზე თავდასხმა ჯერ კიდევ სარისკოა. ჩინეთის ლიდერი, ალბათ, ვერასოდეს ვერ ნახავს იმ „ცვლილებას“, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“, მისი ოცნება განუხორციელებელია.

წყარო: https://www.ft.com/content/d77ec25e-8d78-43d8-acc5-359dad4a158f

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.