USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Tbilisi
Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინის მასმედია ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა „საინფორმაციო არმიის“ სამიზნე გახდა
Date:  492

ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლობის კამპანიის გამო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეპუტაციას მასმედიის თავისუფლების დაცვის საქმეში ჩრდილი მიადგა.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „მედიარუხი“ - უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ასოციაცია - იშვიათად აკეთებდა განცხადებებს, თუმცა ორი დღის წინ ორგანიზაციამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაგმოს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები და მათი გამოძიება კონტროლზე აიყვანოს, დამნაშავეთა გამოსავლენად.

„უცნობი აგრესორები ცდილობენ არაობიექტურად წარმოადგინონ უკრაინელი ჟურნალისტების საქმიანობა და ისინი „ხალხის მტრებად“, „რუსეთის აგენტებად“, „ნარკომანებად“ შერაცხონ და მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინონ“, - ნათქვამია განცხადებაში, - „დაფიქსირებულია ჟურნალისტთა დევნისა და თვალთვალის, უკანონო სატელეფონო მოსმენების ამსახველი ფაქტები, რაც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევასა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას წარმოადგენს. ეს ყველაფერი მიმართულია ზეწოლის განსახორციელებლად დამოუკიდებელ მასმედიაზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასოციაციის განცხადების პასუხად, აღნიშნა, რომ ნებისმიერი ზეწოლა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია და რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება მომხდარი ფაქტების თაობაზე.

უკრაინაში მასმედიის თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია რუსეთთან ომის გამო, რასაც ქვეყნის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოებისა და უკრაინის ინტერესების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ამასთან,ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კიევის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ომის გამო [დაწესებული შეზღუდვები] ხელს უშლის უკრაინული მასმედიის არსებობას.

უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ცილისმწამებლური კამპანია [სოციალურ ქსელებში] ადრეც ხორციელდებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ასეთი ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა რეალურ ცხოვრებაში. ჟურნალისტი-გამომძიებელი იური ნიკოლოვი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციის შესახებ წერს, ამას წინათ რამდენიმე უცნობი მამაკაცის აგრესიის სამიზნე გახდა - ისინი ჟურნალისტს ბინასთან მიეჭრნენ და კარზე უკაკუნებდნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ მას დაიჭერდნენ და ფრონტზე გაგზავნიდნენ. უცნობმა პირებმა მისი ბინის კარზე ააკრეს პლაკატები - „აქ ცხოვრობს ქვეყნის მოღალატე“ და „პროვოკატორი ჟურნალისტი“.

თავის დროზე იური ნიკოლოვის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გადადგომამდე მიიყვანა - სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პირდაპირ იყო დადანაშაულებული, რომ იგი ხელს უწყობს  მექრთამეობისა და კორუფციის აყვავებას სამინისტროს სტრუქტურებში.

ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე მამაკაცების ფოტოსურათები პროსამთავრობო Telegram-არხებში იქნა ნაპოვნი, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ინციდენტი ერთ-ერთი სამართალდამცველი ორგანოს „ლოცვა-კურთხევით“ განხორციელდა.

ნატალია ლიხაჩოვა - Detector Media-ს მთავარი რედაქტორმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადრე არასასურველი ჟურნალისტების მიმართ მთავრობის კარნახით და ნებართვით ონლაინ-შეტევები ვირტუალურად ხდებოდა, ახლა კი ეს შეტევები რეალურად, ფიზიკურად ხორციელდება.

პროსამთავრობო ონლაინ-გამოცემები, რომლებიც საკუთარ თავს „საინფორმაციო არმიას“ უწოდებენ, ყველაზე მზაკვრული სახით მოქმედებენ - ისინი ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მთავრობის მოქმედებას [სამართლიანად და ობიექტურად] აკრიტიკებს, რუსეთის აგენტებსა და ქვეყნის მოღალატეებს უწოდებენ და პრეზიდენტის მტრებად წარმოაჩენენ.

იური ნიკოლოვს თავსგადახდენილი ინციდენტის შემდეგ მსგავსმა პროსამთავრობო გამოცემებმა ყურადღება მიაპყრეს საინფორმაციო სააგენტო Bihus.info-ს საქმიანობას, რომელიც დაკავებული იყო უკრაინის მთავრობაში კორუფციის ფაქტების გამოვლენა-გამომჟღავნებით.

როგორც სააგენტოს დამაარსებელი დენის ბიგუსი ამბობს, მისი რამდენიმე თანამშრომელი ხელისუფლების სტრუქტურების თვალთვალის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვყნეს. სულ მალე ინტერნეტში ვიდეოკადრები დაიდო - ჟურნალისტები კერძო საახალწლო საღამოზე იყვნენ მიწვეულნი, კიევის ახლოს, ერთ-ერთ სახლში და ისინი თითქოსდა  აკრძალულ ნარკოტიკებს იყენებდნენ. დენის ბიგუსის თქმით, კოტეჯში ფარულად იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა, მფლობელის ნებართვის გარეშე. ისმინებოდა სატელეფონო საუბრებიც.

საქმე იმაშია, რომ Bihus.info-ს ჟურნალისტებმა მიაკვლიეს და მოიპოვეს ბიუჯეტიდან მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის ანგარიში, რომელსიც გაანალიზებული იყო უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალები, რომლებშიც გაკრიტიკებული იყო პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ქვეყნის მთავრობა და სხვა სახელმწიფო უწყებები. კომპანიას აკონტროლებს ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო იმ საახალწლო საღამოს კადრების ნახვა, მაგრამ ეს ფაქტი, თავის მხრივ, იმასაც ადასტურებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს ფულიც ბევრი აქვთ, დროც და შთაგონებაც მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე ამგვარი სისტემატური თვალთვალის განსახორციელებლად, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ამბობს დენის ბიგუსი.

თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა განცხადება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე Bihus.info-ს თანამშრომლების სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ ჩაწერის გამო. მასში აღნიშნულია, რომ „დამოუკიდებელი მასმედიის გამჭვირვალე და პროფესიული მუშაობა უკრაინის დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს“.

ვიდეოკადრები ატვირთული იყო „იუთუბ-არხზე“ სახელწოდებით „ხალხის სიმართლე“, რომელსაც, უკრაინელ „ფაქტჩეკერთა“ (Ukrainian fact checkers) აზრით, ქალი ხელმძღვანელობს. მისი გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

„ხალხის სიმართლე“ გარეგნულად და ტაქტიკით 2013 წლის პროექტს მოგვაგონებს, სახელწოდებით „უკრაინული სიცრუე“, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც იმდროინდელ პრორუსულად განწყობილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აკრიტიკებდნენ.

იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ათი წლის წინათ „უკრაინული სიცრუის“ სამიზნეში მოხვდნენ, ოქსანა რომანიუკიც იყო - იგი იმ დროს არასამთავრობო ორგანიზაციის „მასობრივი ინფორმაციის ინსიტიტუტის“ დირექტორად მუშაობდა. მას ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს და ყველა პირადი ხასიათის მასალა  ინტერნეტში გამოუქვეყნეს.

„ძალზე სამწუხაროა, რომ მომხდარი ფაქტები ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდს გვაგონებს. მათი ადგილი 2024 წელს არ უნდა იყოს““, - აღნიშნა ოქსანა რომანიუკმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში.

პოლიტიკოსებმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო უკმაყოფილონი არიან, ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და შეშფოთება გამოხატეს.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო (იგი ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა) ამბობს, ასეთი ფაქტები მთავრობისათვის არასასურველი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას წარმოადგენს. „ის, რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს ერთიანობასა და მისი არსებობის დემოკრატიულ პრინციპებს ანგრევს. ეს არის უკრაინის რეპუტაციისადმი მიყენებული ზიანი“, - დაწერა კიევის მერმა თავის Telegram-არხში.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვის თავისუფლების საკითხებში იროსლავ იურჩიშინმა განაცხადა, რომ „Bihus.info-ს ჟურნალისტების მიყურადება და თვალთვალი მათზე განხორციელებულ უკანონო ზეწოლას წარმოადგენს“.

„თუ უკრაინის ხელისუფლების სამართალდამცველი ორგანოები გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს ვერ დაადგენენ, ამით დადასტურდება ეჭვი - ისინი უკანონოდ ხელისუფლების ზოგიერთი მოღვაწის სახელით მოქმედებდნენ“, - ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

წყარო:

https://www.ft.com/content/ab63a4d1-8a30-44c3-990a-02abe4884238?fbclid=IwAR0iL9DGha6oeKj3zPryUbk-phfYS1d7z9S91ntVXlMUKMMaoM_UHWKlNs8

 

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way