USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინაში, დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე, ხელფასებისა და პენსიების გადახდა დაგვიანდება“
თარიღი:  507

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სათაურით „უკრაინაში, დასავლეთის დახმარების გარეშე, ხელფასებისა და პენსიების გადახდა დაგვიანდება“ გამოქვეყნებულია ინტერვიუს შინაარსი ვიცე-პრემიერთან იულია სვირიდენკოსთან, რომელიც    უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობაზე და დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე ჟურნალისტ ბენ ჰოლს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ხელისუფლებას, ალბათ, მოუწევს, რომ თუ 2024 წლის დასაწყისში აშშ და ევროკავშირი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას ვერ გაუწევენ, მილიონობით თავისი მოქალაქე - სახელმწიფო მოსამსახურეები - ხელფასებით და პენსიონერები - პენსიით ვერ უზრუნველყოს. ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ, რომ იმავდროულად ეკონომიკის მინისტრის ფუნქციებსაც ასრულებს.

ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინის ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო (საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 2023 წლის ბოლოს 4,5%-ს შეადგენს), მაგრამ თუ საგარეო დახმარების დეფიციტი გაგრძელდება, ეკონომიკა ისევ უკან, კრიზისულ რეჟიმში დაბრუნდება. „ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება და თანაც დაუყონებლივ“, - ხაზი გაუსვა იულია სვირიდენკომ.

უკრანის მთავრობა ჩქარობს ფული როგორმე მოაგროვოს, რადგან უამრავი ადამიანი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მომავალ წელს კიევს დასავლეთიდან, მხოლოდ ხელფასებისა და პენსიებისათვის, 37 მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდება. 

უკრაინელთა სამწუხაროდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დასაფინანსებლად მოთხოვნილი თანხა 60 მილიარდი დოლარის ოდენობით, კონგრესმა არ დააკმაყოფილა. კიევს ვერც ევროკავშირმა ვერ მისცა ფული 50 მილიარდი ევროს ოდენობით (ოთხწლიანი პაკეტის სახით), რადგან მას უნგრეთმა ვეტო დაადო. ევროკავშირის ლიდერები პირველ თებერვალს შეიკრიბებიან „ჭირვეული“ ვიქტორ ორბანის „მოსარჯულებლად“ და თუ მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდება, ისინი იძულებულნი გახდებიან ალტერნატიული გეგმით ისარგებლონ, რომელიც ბუდაპეშტის გვერდის ავლით, კიევისათვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

იულია სვირიდენკოს თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი თავდაპირველად უკრაინას იმდენ ფულს მაინც მისცემს, რომ მარტის ბოლომდე იმყოფინოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისი იქნება.

მას შემდეგ, რაც დასავლურ მხარდაჭერას შესუსტება დაეტყო, კიევი ცდილობს ეკონომიკურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ფული და დამატებითი შემოსავლები მიიღოს გადასახადების გადიდებით, თუმცა ეს მეთოდი ჯერ-ჯერობით არ ამართლებს. დეკემბრის ბოლოს, ანუ ახალი წლის წინ, მთავრობას 5 მილიარდი დოლარი ჭირდება, რომელიც ვერსად ვერ მოიძია.

როგორც იულია სვირიდენკო ამბობს, უკრაინისათვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება სამხედრო სფეროს დაფინანსება და საგარეო ვალების მომსახურება. ბუნებრივია, ეს აჩენს იმის დიდ რისკს, რომ სოციალური სექტორი უფულოდ დარჩება. ვიცე-პრემიერის თქმით, ალბათ, ხელფასები დაუგვიანდებათ 500 ათას სახელმწიფო მოსამსახურეს, 1,4 მილიონ პედაგოგს და პენსიები - 10 მილიონამდე პენსიონერს.

ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თუ უკრაინა გარედან ფულს ვერ მიიღებს, მას შეუძლია შიდა ვალი აიღოს და რამდენიმე თვის განმავლობაში ცენტრალური ბანკის კრედიტებით იცხოვროს, მაგრამ... არის ერთი „მაგრამ“: ასეთი ნაბიჯის გადადგმისას შეიძლება ინფლაცია უკონტროლო გახდეს.

უკრაინა მძიმე არჩევანის წინაშე დგას: სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება ან ინფლაციის მკვეთრი მატება საგადასახადო ბაზას შეასუსტებს და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკას „კალაპოტიდან ამოაგდებს“, რის შედეგადაც უკრაინა დასავლეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება. რასაკვირველია, მთავრობა ცდილობს, რომ მეტი რაოდენობის გადასახადები ამოიღოს და არცთუ წარუმატებლად: მიმდინარე წლის 11 თვეში გადასახადების სახით შეკრებილია 4,4 მილიარდი დოლარით მეტი თანხა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება აუცილებელია იმისათვის, რომ მილიონობით ლტოლვილი უკან დაბრუნდეს და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდეს, - ამბობს ვიცე-პრემიერი. მართალია, უკრაინაში 18%-იანი უმუშევრებრობის დონეა, მაგრამ ქვეყანა მაინც განიცდის პროფესიული სამუშაო ძალის ნაკლებობას ბევრ სექტორში.

იმდენად, რამდენადაც უკრაინის საექსპორტო მარშრუტები ომით არის შეზღუდული, ხოლო ევროკავშირთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები გადატვირთულია, მთავრობა ცდილობს ექსპორტი მხოლოდ ნედლეულით კი არ გამოიხატოს, არამედ უკრაინაში გადამუშავებული და დამზადებული სამრეწველო პროდუქციის სახით.

უკრაინამ უკვე მიიღო ეკონომიკური სარგებელი „მარცვლეულის საზღვაო დერეფნის“ გახსნით, როცა რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. უცხოური გემები უკვე შედიან უკრაინის ნავსადგურებში - ოქტომბერთან შედარებით ტვირთბრუნვა ნოემბერში 70%-ით გაიზარდა, თუმცა რისკი მაინც არსებობს. ვიცე-პრემიერის თქმით, უნდა გაძლიერდეს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იულია სვირიდენკომ პოლონეთის ახალ მთავრობას მოუწოდა სასაზღვრო პუნქტების განბლოკვა მოახდინოს უკრაინელი მძღოლებისათვის - პოლონელები პროტესტს აცხადებენ, რომ უკრაინა თითქოსდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ახორციელებს. პოლონელი ფერმერების საპროტესტო აქციებით - სასაზღვრო პუნქტების დაბლოკვით - უკრაინაელმა ექსპორტიორებმა 160 მილიონი დოლრაი დაკარგეს, იმპორტიორების ზარალმა კი 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: https://www.ft.com/content/925d2d15-57bf-4a1b-b010-4e009be85f5a

 

ეკონომიკა
„2025 წელს ფოთის ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა“ – APM Terminals-ის შედეგები

2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დატვირთვა გაიზარდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 12 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 636 466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.

"ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია", - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წელს საკონტეინერო გემების მიღებაც 16%-ით გაიზარდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. 2024 წელს ეს რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში 302763.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164 631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს 96 434 ტონა 2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18 871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509 მანქანიანი კონტეინერი.

ჯამში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ 2025-ში დამუშავდა 73 864 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის