USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველო საპროტესტო აქციის მონაწილეებს უსწორდება, რომლებიც პროევროპულად და ანტირუსულად არიან განწყობილნი“
თარიღი:  394

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო საპროტესტო აქციის მონაწილეებს უსწორდება, რომლებიც პროევროპულად და ანტირუსულად არიან განწყობილნი“ (ავტორები - ანასტასია სტოგნია და ენდი ბაუნდსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართული პოლიცია მკაცრად გაუსწორდა დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დაცვის მოთხოვნებით გამოდიან და არ ეთანხმებიან მთავრობის პოლიტიკას, მიმართულს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პრორუსული პოლიტიკის გაძლიერებისაკენ. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული.

ყველაფერი კი ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც, ოპოზიციური მიტინგის მონაწილეთა თქმით, რუსეთის გავლენით იქნა შემუშავებული. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავადა მას შემდეგ, რაც ოლიგარქი მილიარდერი, „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ხელისუფლების მხარდაჭერთა ხალხმრავალ მიტინგზე ((100 ათასი ადამიანის მონაწილეობით).

ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან იმ კანონს, რომელიც მათ თანხების მიღება-ხარჯვის გამჭვირვალობას აიძულებს და თუ ისინი იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირდებიან, დიდ ჯარიმებს გადაიხდიან.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს როგორც ოპოზიციის შემაკავებელ და პარლამენტში „ქართული ოცნების“ გაბატონებული მდგომარეობის შემნარჩუნებელ ინსტრუმენტს, მაგრამ ის ქართველები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების განწყობაზე არიან, პრორუსუსლი კანონის მიღებაში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ხელი არ მოაწეროს, მაგრამ მთავრობას, თავის მხრივ, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა შეუძლია. საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მას პარტიასთან უთანხმოება გაუჩნდა და ამჟამად იგი მმართველი პოლიტიკური ძალის მწვავე კრიტიკოსად ითვლება. სამშაბათს პრეზიდენტმა პოლიციის მიერ [მთავრობის ბრძანებით] განხორციელებულ ქმედებას „აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროპორციული რეპრესიები“ უწოდა.

საქართველოს ხელისუფლება დასავლელემა პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან აღნიშნა, რომ ყოველგვარი ანტიდემოკრატიული ქმედება საქართველოსთვის როგორც ევროკავშირის გზაზე მდგარი ქვეყნისათვის, უარყოფითი როლის შემსრულებელი იქნება. „სიტუაცია ძალიან ცუდია და ამიტომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან „ქართული ოცნების“ მოქმედებით“, - განაცხადა მან.

გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ ტოვებდნენ ანტისამთავრობო მიტინგს მონაწილეები, უმეტესად ქალები, დაწითლებული და ცრემლიანი თვალებით - პოლიციის მიერ მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენების შედეგად. ექიმებმა დახმარება 20-მდე მომიტინგეს აღმოუჩინეს. განსაკუთრებით დაშავდა ოპოზიციური პარტის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს - მას ცხვირი გაუტეხეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. „მე ტკივილს არ ვგრძნობ ყველაფერი მომირჩება და გაივლის, პუტინისტებთან ბრძოლა კი გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლიციელებს ვერ გადაურჩა ზოგიერთი ჟურნალისტი, მათ შორის „ფრანს პრესის“ სააგენტოს ფოტოგრაფი, რომელიც რეზინის ხელკეტების ქვეშ აღმოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ იგი მკაფიოდ იყო იდენტიფიცირებული როგორც პრესის წარმომადგენელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ იმიტომ გამოიყენა სპეცსაშუალებები, რომ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს ეურჩებოდნენ და შეურაცხყოფდნენ.

პროსამთავრობო მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებამ სპეციალურად ჩამოიყვანა თბილისში რეგიონებიდან. „ეს არის აქცია პუტინის სტილით“, - ასე შეაფასა ხელისუფლების მხარდამჭერთა დემონსტრაცია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ მიტინგის ზოგიერთ ხანში შესულ მონაწილეს „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტიც გაესაუბრა: მათი თქმით, ისინი რეგიონებიდან იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ მხარი დაუჭირონ „მამულს“, „ენას“ და „სარწმუნოებას“. ისინი მუდმივად იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თემებს საქართველოში დასავლური სპეცსამსაურების ანტიქართული მოქმედების შესახებ.

თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ნატოში მიღების ნაცვლად, ევროკავშირმა და ამერიკამ უკრაინა და საქართველო „ბედის ანაბარად მიატოვეს“. მისი მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილება „ომის გლობალურმა პარტიამ“ მიიღო, რომელმაც 2008 წელს საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისაკენ უბიძგა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ქვეყანა ევროკავშირში მიღებისათვის მზად 2030 წელს იქნება.

„ივანიშვილი იშვიათად აკეთებს მსგავს საჯარო განცხადებებს და მხოლოდ იმ სიტუაციებში, როცა მას სხვა არჩევანი აღარ აქვს“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლად მუშაობს.

წყარო: https://www.ft.com/content/f2867cff-b530-4081-b185-fd552aa3bb7d

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის