USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს?“
თარიღი:  1045

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს?“ (ავტორი - ფელისია შვარცი), რომელშიც აშშ-ის მომავალი მთავარი დიპლომატის პოლიტიკური პორტრეტის შტრიხებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი თავის ძირითად შიდაპარტიულ მეტოქეს რესპუბლიკელი მარკო რუბიოს „პატარა მარკოს“ უწოდებდა, ზოგჯერ კი „მგუდავ მახრჩობელას“. თავის მხრივ, არც მარკო რუბიოც არ აკლებდა შეფასებებს - ჰიუსტონში გამოსვლისას მას თქვა, რომ დონალდ ტრამპი ვაჭარია და რომ არა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, მას თავის რჩენა იაფფასიანი საათების გაყიდვით მოუწევდა მანჰეტენზეო“. მართალია, სულ მალე მარკო რუბიოს საპრეზიდენტო კამპანია დასრულდა, მაგრამ მათი მწარე დაპირისპირება არავის არ დავიწყებია.

და ამ დროს გასულ თვეში, რამდენიმე კვირით ადრე თეთრ სახლში დაბრუნებამდე, დონალდ ტრამპმა ძველი მოწინააღმდეგე თავის ახალ ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა - აშშ-ის სახელმწიფო მდივნად.

არჩეული პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი იმდებად მოულოდნელი იყო, რომ უცხოელმა მოკავშირეებსაც კი გაუკვირდათ, თუმცა გარკვეულწილად შვებითაც კი ამოისუნთქეს. შვებით იმიტომ, რომ მარკო რუბიო ბევრად სჯობს დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატურებს სხვა თანამდებობებზე, მაგალითად, ეროვნული უშიშროების სფეროში პიტერ ჰეგსეთს („ფოქს ნიუსის“ კომენტატორს, რომელიც თავდაცვის საკითხებში მრჩეველი იქნება) და ტულსი გაბარდს (ეროვნული დაზვერვის დირექტორს, რომელსაც მისი რუსეთუმე პოზიციის გამო არკიტიკებდნენ).

„გულახდილად თუ ვიტყვი, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ზოგიერთი პიროვნების გამო გაოცებისაგან ყბა კინაღამ ჩამოგვივარდა, მაგრამ არა მარკო რუბიოს მიმართ“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ნატოს წევრი ქვეყნიდან, - მარკო რუბიოს დიდი გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკაში და კარგად აცნობიერებს ძლიერი სამხედრო ალიანსების მნიშვნელობას“.

რასაკვირველია, მარკო რუბიოს სიტუაციაში გარკვევა დაჭირდება: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მემკვიდრეობას ძალიან ბევრ პრობლემასა და ამოცანას ტოვებს, რუსეთ-უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომების ჩათვლით, აგრეთვე სირიის არასტაბილურობის პოტენციურ გაძლიერებას, რომ არაფერი ვთქვათ გეოპოლიტიკურ უთანხმოებას ჩინეთთან (აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში) და სავაჭრო დავას ისეთ მოკავშირეებთან, როგორებიც არიან კანადა, მექსიკა და ევროკავშირი.

კონგრესის ზედა პალატის - სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ვეტერანი და მთავარი რესპუბლიკელი დაზვერვის კომიტეტში მარკო რუბიო კაპიტოლიუმში ყველაზე მეტად არის ცნობილი ჩინეთის მიმართ გამოხატული აგრესიული პოზიციით. იგი ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც თავის დროზე ამერიკა იმ საფრთხეზე გააფრთხილა, რომელსაც ჩინეთის ლიდერად სი ძინპინის არჩევა გამოიწვევდა.

მართალია, თავის დროზე სწორედ თავისი განცხადებების გამო განეწყო მის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროინდელი გარემოცვა და უთანხმოება შეიტანა რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთაში, რომელიც „ამერიკისათვის ძველი დიდების აღდგენის“ (MAGA) მომხრე იყო, მათ შორის დონალდ ტრამპ-უმცროსთანაც (არჩეული პრეზიდენტის ვაჟი პირველი ცოლისგან), რომელიც საჯაროდ გამოდიოდა ფლორიდელი სენატორის კრიტიკით და მამას ეუბნებოდა - რუბიო სანდო კაცი არ არისო.

სხვათა შორის, თვითონ ტრამპ-უმცროსსაც ჰყავდა თავისი კანდიდატურა აშშ-ის უმაღლეს დიპლომატიურ პოსტზე - რიჩარდ გრენელი, მაგრამ მამამისმა მას, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის ნაცვლად, რაღაც გაურკვეველი თანამდებობა შესთავაზა - „დესპანი სპეციალური მისიისათვის“.

ასეა თუ ისე, MAGA-ს მომხრე რიგ თანაპარტიელთა უკმაყოფილების მიუხედავად, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად და მაიკ უოლცის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დანიშვნებმა აშშ-ის ბევრი მოკავშირე დაამშვიდა.

„მათ აშკარაა, რომ მემარჯვენე შეხედულებები აქვთ, მაგრამ სწორად აზროვნებენ“, - ამბობს ევროპელი დიპლომატი, - მათ ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებსაც მე პირადად არ ვეთანხმები, მაგრამ ისინი არ გამოდიან ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩარჩოებიდან. მთავარია, რომ ორივე ალიანსების მომხრეები არიან, მათ შორის ნატოს მხარდამჭერები“.

უცხოელ დიპლომატთა მსგავსად, ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ ისტებლიშმენტსაც აინტერესებს, თუ როგორი გავლენიანები იქნებიან მარკო რუბიო და მაიკ უოლცი და როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ  პიტერ ჰეგსეთთან (მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში) და ტულსი გაბარდთან (დაზვერვის დირექტორთან) ან სებასტიან გორკასთან (ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილესთან), რომელსაც რუბიო და უოლცი ისლამოფობიის გამო აკრიტიკებდნენ.

ამასთან, ნატოს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანს მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმი არ გამოუხატავს  მარკო რუბიოს მიმართ: „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნებიან მისი მოადგილეები და რამდენად ძლიერი იქნება მისი პოზიცია აშშ-ის  ეროვნული უშიშროების საბჭოში“.

„ბევრ ახალ საკმაოდ მოძრავ ფიგურას ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ხალხი თავიანთ როლს კარგად აცნობიერებენ. დრო იქნება საჭირო, რომ ისინი თავიანთ მოვალეობებში გაერკვნენ და ეჭვი მაქვს, რომ საქმე საკმაოდ ჩაიხლართება“, - ამბობს აარონ დევიდ მილერი, რომელიც კონსულტაციას უწევდა რამდენიმე რესპუბლიკელ და დემოკრატ სახელმწიფო მდივანს, ამჟამად კი კარნეგის ფონდში მუშაობს.

მარკო რუბიო წარმოშობით კუბელია, მისი მშობლები კუნძულიდან აშშ-ში 1956 წელს წამოვიდნენ, ფულჰენსიო ბატისტას რეჟიმის დროს, კუბის ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლამდე ორი წლით ადრე. მარკო მაიამიში (ფლორიდას შტატი) დაიბადა, ბავშვობის პერიოდის ნაწილი კი ლას-ვეგასში გაატარა, სადაც მამამისი მარიო კაზინოს ბარმენად მუშაობდა, ხოლო დედა ორეალესი - სასტუმროს მნედ (ეკონომად). მოგვიანებით დედამისმა მუშაობა ფაბრიკაში დაიწყო და იმავდროულად თავის ოთხ შვილს ზრუნვას არ აკლებდა. სიყმაწვილეში მარკო რუბიო მისურის შტატის ტარკიოს კოლეჯში ფეხბურთსაც თამაშობდა. 1993 წელს მომავალმა სენატორმა და სახელმწიფო მდივანმა ფლორიდის უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით „პოლიტოლოგია“.

კუბელი ემიგრანტების ვაჟი აშშ-ის კონგრესში - სენატში პირველად 2011 წელს იქნა არჩეული, ანუ სანამ 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიას დაიწყებდა. სწორედ იმ პერიოდში ჩამოუყალიბდა მარკო რუბიოს სკეპტიციზმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

„ჩვენ შევდივართ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ეპოქაში, რომელშიც მსოფლიო სწრაფად იცვლება. ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ჩინეთი და რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ერთიანდებიან. მათი პოლიტიკა სულ უფრო კოორდინირებული ხდება“, - ამბობდა მარკო რუბიო ჯერ კიდევ 2016 წელს CNN-ის ეთერში გამოსვლისას, - ეს ჩვენგან ასევე პრაგმატულ მოქმედებას ითხოვს: კარგად უნდა ვიცოდეთ, ვის ვაფინანსებთ საზღვარგარეთ, რას ვაკეთებთ და როგორ მიდგომა გვაქვს მოვლენების მიმართ“.

კონგრესში ფლორიდის შტატიდან არჩეული სენატორი ყველაზე მეტ აგრესიას ჩინეთის მიმართ ამჟღავნებდა. იგი სენატში გამოსვლისას აუცილებლად იხსენებდა და ხაზს უსვამდა პეკინის ანტიხალხურ პოლიტიკას უიღურების მიმართ სინძიანში. დემოკრატი აქტივისტების დევნას ჰონკონგში და ტაივანის მიმართ ზეწოლას. ამის საპასუხოდ კომუნისტურმა ჩინეთმა მარკო რუბიოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა (სხვა ამერიკელ ჩინოვნიკებთან ერთად) - მისი „შეუწყნარებელი“ მოქმედების გამო ჰონკონგში. კონგრესის წევრად ყოფნის პერიოდში მარკო რუბიომ დაწერა ორი მოხსენება ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ უპირატესობას ემუქრებოდა.

მარკო რუბიო ნეოკონსერვატორად ითვლებოდა, როცა იგი 2016 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი პარტიული კანდიდატი გახდა და ამერიკას „შეუცვლელ სახელმწიფოდ“ თვლიდა, თუმცა როცა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნა არჩეული, ლაპარაკი დაიწყო აშშ-ის შეზღუდულ რესურსებზე“.

„მსოფლიოში ბევრი ცუდი ამბავი და მოვლენა ხდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ თითოეულ მათგანში. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის“, - თქვა მან ინტერვიუში კათოლიკური ტელეარხისათვის (EWTN) მიმდინარე წლის 7 ნოემბერს.

მაგრამ, ზოგიერთი ამერიკელი დემოკრატისა და უცხოელ დიპლომატთა სასიხარულოდ, იგი უკანდახევისაკენ [იზოლაციონიზმისაკენ] არ მოუწოდებს. „მსოფლიოსთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ამერიკის წასვლა მსოფლიო დიპლომატიიდან უსაფრთხოების სენარჩუების მიზნით, სისულელე იქნებოდა“, - წერს მარკო რუბიო თავის წიგნში სახელწოდებით „დაცემის ათწლეული“, რომელიც 2023 წელს დაისტამბა. მისი აზრით, აშშ-ის როლი ევროპაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ იმავდროულად, დონალდ ტრამპის მსგავსად, იგი თვლის, რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფას.

„რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს თავის მონაწილეობას ევროპის საქმეებში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთს დიდწილად საკუთარ თავზე აიღებენ“, - აღნიშნავს მომავალი სახელმწიფო მდივანი „დაცემის ათწლეულში“, [რომელშიც აშშ-ის დასუსტების მიზეზებია განხილული დემოკრატ ბარაკ ობამას ორვადიანი პრეზიდენტობის პერიოდში].

„მარკო რუბიო ის კაცია, რომელიც მოკავშირეებზე ზრუნავს და მათთან ურთიერთობებს აწყობს, მთელ მსოფლიოში“, - ამბობს სენატორი ჯიმ რიში, სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.

მარკო რუბიო თავიდანვე იყო უკრაინის მტკიცე მოკავშირე რუსეთთან ომში, თუმცა მოგვიანებით, მიმდინარე წელს, მან მხარი არ დაუჭირა კიევის დამატებით დაფინანსებას  და ომის მიმდინარეობა შეაფასა როგორც „პატური სიტუაცია“.

„ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამისათვის რთული არჩევანის გაკეთება მოგვიხდება“, - ამბობს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი.

მაგრამ ისევე როგორც დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო „ქორად“ რჩება ირანთან მიმართებით, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობის წყაროდ თვლის. იგი ისრელის მტკიცე მხარდამჭერია და სურს, რომ აშშ-ის ახლოაღმოსავლელმა მოკავშირემ „ჰამასი“ ძურ-ფესვიანად ამოძირკვოს. მარკო რუბიო სწორედ „ჰამასის“ დაჯგუფებას თვლის დამნაშავედ ღაზას სექტორში უამრავი ადამიანის დაღუპვაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეტევა დაიწყო.

წყარო: https://www.ft.com/content/a35a416c-5998-4241-8e65-9e7b77a123aa

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის