USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა"
თარიღი:  

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 6 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა: რესპუბლიკელთა უარი იარაღის მიწოდებაზე კიევის არმიის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს წარმოადგენს“ (ავტორი - გიდეონ რიხმანი - პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორსაა - ნოემბრამდე 9 თვეა დარჩენილი, მაგრამ დონალდ ტრამპი უკვე ახორციელებს დამღუპველ გავლენას ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართ. პირადად დონალდ ტრამპის მითითებით რესპუბლიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა ბლოკავს იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც უკრაინისადმი განკუთვნილ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

კონგრესის ზედა პალატის - სენატის წევრ დემოკრატ სენატორებს აქვთ შესაძლებლობა შედარებით უფრო ლიბერალ რესპუბლიკელ სენატორებთან - უმცირესობასთან - ამ კვირაში უკრაინისადმი დახმარების პაკეტი შეათანხმონ, მაგრამ ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები აბსოლუტურად ურყევები რჩებიან. ამის შედეგად სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ დახმარების კანონპროექტი არჩევნებამდე ან სულაც წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

ამგვარი პოზიციის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს: უკრაინა უკვე განიცდის საბრძოლო მასალების, განსაკუთრებით კი საარტილერიო ჭურვების უკმარისობას. მიმდინარე წელს ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, მისგან გამომდინარე ყველა სახიფათო გარემოების მიხედვით.

ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯეკ უოტლინგი ხშირად იმყოფება ხოლმე უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მისი თქმით, სიტუაცია უკვე „უკიდურესად სერიოზულია“. საბრძოლო მასალების დეფიციტი უკვე იწვევს უკრაინის დანაკარგების ზრდას. გარდა ამისა, რადგანაც უკრაინელმა სამხედროებმა არ იციან როდის მიიღებენ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ახალ პარტიას, მათ სამომავლო ოპერაციების დაგეგმვა არ შეუძლიათ.

შეიარაღების უკმარისობა ნეგატიურ გავლენას ახდენს აგრეთვე იმ უკრაინელ მოქალაქეებზე, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ იმსახურონ არმიაში, მაგრამ ისეთ არმიაში, რომელიც მომარაგებული იქნება იარაღით. ისინი თავს არიდებენ ჯარში გაწვევასაც. ამ მხრივ სამხედროები მთავრობაზე მზარდ ზეწოლას ახორციელებენ. სწორედ ეს არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.

უკრაინისათვის ერთ-ერთი პოზიტიური ახალი ამბავი ისაა, რომ გასულ კვირაში ევროკავშირმა კიევს 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება გამოუყო, ოთხ წელიწადზე გათვლილი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის ოთხ სხვა ლიდერთან ერთად, ყველას მოუწოდა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაზარდონ.

სამწუხაროდ, ევროპის სამხედრო ქარხნებს ჯერ არ შეუძლიათ საბრძოლო მასალების უკმარისობის აღმოფხვრა და უკრაინის არმიის იარაღით უზრუნველყოფა. ამერიკელების გამო წარმოქმნილი დეფიციტის გამოსასწორებლად ევროპელებს თითქმის მთელი 2024 წელი დაჭირდებათ. შესაბამისად, უკრაინისათვის ყველაზე საშიში „უირაღო“ პერიოდი, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.

როგორც ჯეკ უოტლინგი თვლის, საბრძოლო მასალების უკმარისობის შედეგები „ჯერ  შედარებით დაყოვნებულად გამოჩნდება, შემდეგ კი სწრაფად“. იგი გამაფრთხილებლად ამბობს: „როცა შედეგი თვალსაჩინო გახდება, რაიმე ზომების მიღება უკვე ძალიან გვიან იქნება“. შესაბამისად, მოიმატებს კრემლის წარმატების შანსი.

დონალდ ტრამპსა და მის მომხრე რესპუბლიკელებს, როგორც ჩანს, რუსეთის გამარჯვების საკითხი მაინცდამაინც არ ადარდებთ. ისინი მზად არიან რისკზე წავიდნენ - მათთვის მთავარია დონალდ ტრამპი იქნას არჩეული პრეზიდენტად, ჯო ბაიდენის ნაცვლად.

რესპუბლიკელების უარი უკრაინის დახმარებაზე ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მათ ომის შედეგების მიმართ სერიოზული და გულწრფელი ეჭვი აქვთ, მაგრამ მათი შეყოვნება ძირითადად უფრო უბრალოდ შეიძლება აიხსნას: დონალდ ტრამპს არ სურს ჯო ბაიდენს არანაირი ისეთი არგუმენტი და შანსი მისცეს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მას „წარმატებად“ ჩაუთვლიან.

გასულ წელს რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ უკრანისადმი სამხედრო დახმარება „მიბმული“ ყოფილიყო აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების დაცვაზე. დემოკრატები მათ დაეთანხმნენ, მაგრამ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერი რესპუბლიკელები ახლა ცდილობენ, რომ  ყველაფერი ჯო ბაიდენს გადააბრალონ - დაწყებული სამხრეთი საზღვრის დაცვაში შექმნილი ქაოსიდან (იგულისხმება საზღვარი მექსიკასთან, საიდანაც ამერიკაში არალეგალურად შედიან მიგრანტები), დამთავრებული ქაბულითა და კიევით.

როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს თეთრ სახლში დაბრუნებას, ვიდრე უკრაინის თავისუფლებას და ევროპის უსაფრთხოებას. ანუ დონალდ ტრამპი თვლის, რომ ეს სრულიად მისაღები ფასია, რომელიც გადახდილი უნდა იყოს - მთავარია იგი ისე შევიდეს ოვალურ კაბინეტში. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის დამარცხება სურს - თუ კიევი კაპიტულაციას განაცხადებს საბრეზიდენტო არცევნების წინ. ასეთი სიტუაცია მას ნებას მისცემს დაადასტუროს თავისი საყვარელი თეზისი ჯო ბაიდენის სისუსტისა და დემოკრატთა ადმინისტრაციის ჩავარდნებზე.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მხოლოდ დონალდ ტრამპი ვერ გააკეთებს. კონგრესში რესპუბლიკელთა მდუმარე თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შტატებში გამართულ პარტიულ პრაიმერებში დონალდ ტრამპის გამარჯვებებმა რესპუბლიკელთა უმეტესობა დაარწმუნა, რომ იგი უალტერნატივოა და ამიტომ მის მიმართ მეტი „მონური მორჩილება“ უნდა გამოიჩინონ. თუ იგი მოითხოვს, რომ კონგრესში უკრაინისადმი დახმარების საკითხი საერთოდ არ გავიდეს (არ იქნას განხილული), წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები მის კარნახს დაეთანხმებიან.

ვაშინგტონში მოქმედ იმ ძალებს, რომლებიც სერიოზულად უყურებენ აშშ-ის გლობალურ ლიდერობას, გასაგები მიზეზების გამო თავზარი აქვთ დაცემული. სენატორმა მარკ უორნერმა, რომელიც სენატში დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, თავის „X-ქსელში” დაწერა: თუ ცვენ არ შევასრულებთ ვალდებულებას უკრაინის წინაშე, არცერთი ერი აღარ დარჩება - მეგობრულიც და მტრულიც - რომლებიც ჩვენ დაგვიჯერებს ან სრულად გვენდობა“.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარებაზე უარის თქმა დღევანდელ მომენტში „ისტორიული მასშტაბის მქონე შეცდომა იქნება“. უარის თქმა უგუნურება იქნებოდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ავღანეთისა და ვიეტნამისაგან განსხვავებით, უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან და არ იხოცებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ალბათ, მოვლენებით გაკვირვებულია და ფიქრობს, რომ იღბალი აქვს. იგი, ალბათ, კარგ ხასიათზეა. თუმცა მან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში „ბედი კი არ უღიმის“, არამედ წლების წინ გაწეული რუსეთის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი მოქმედებს. დონალდ ტრამპი „სიყალბეს“ უწოდებს იმას, რომ 2016 წელს იგი აშშ-ის პრეზიდენტად კრემლის დახმარებით აირჩიეს, მაგრამ არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ მოსკოვი ნამდვილად ჩაერია არჩევნებში დონალდ ტრამპის დასახმარებლად - მაგალითად, 2016 წელს რუსმა ჰაკერებმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატიული პარტიის ელფოსტა გატეხეს და შიდაპარტიულ მიმოწერას დაეუფლნენ.

ახლაც კი ვლადიმერ პუტინი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ დონალდ ტრამპის უკონტროლო თავმოყვარეობას როგორმე აამოს და მისი გული მოიგოს. რუსული სასკოლო სახელმძღვანელოები ადასტურებენ დონალდ ტრამპის საყვარლ კონსპიროლოგიურ თეორიას, რომ მან 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამა დემოკრატებმა ეს წარმატება მოპარეს.

ვლადიმერ პუტინს გრძელვადიანი ფსონი დონალდ ტრამპზე აქვს დადებული. თუ კონგრესში ბოლო წუთს  მაინც არ მოეშვებიან ჯიუტობას და არ დათანხმდებიან უკრაინისადმი დახმარებას, მაშინ ეს ფსონი, ალბათ, საბოლოოდ ანაზღაურდება. ეს ყველაფერი უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება.

წყარო: https://www.ft.com/content/18c5296a-f0d5-47d5-aacd-af5210d638fc

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.