USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის ეკონომიკური „თამაშის“ მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული“
дата:  534

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 7 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული“ (ავტორი - ევან მედეიროსი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ გაურკვევლობითა და წინააღმდეგობრივად ხასიათდება, სი ძინპინის სტრატეგია აშშ-ის მიმართ გაბედულად და მკაფიოდ უნდა ჩავთვალოთ. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მიდგომა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისადმი არავისთვის საიდუმლო არ არის - პეკინმა არჩევნების შემდეგ საკმაოდ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია და სავარაუდო საპასუხო ზომები თეთრი სახლის მოსალოდნელი ნაბიჯების წინააღმდეგ.

სი ძინპინი არამარტო რეაგირების მოხდენას გეგმავს, არამედ თვითონ დონალდ ტრამპის მოქმედებით სარგებლობასაც. ბევრს ემახსოვრება, რომ დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს პეკინი მთელი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ძლივ-ძლივობით ცდილობდა ვაშინგტონის ნაბიჯებზე რეაგირებას, ახლა კი ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს „სისუსტის“ განმეორება არ დაუშვას: სი ძინპინი კარგად მოემზადა „მკლავჭიდისათვის“ და ამ მხრივ მინიშნებებს აკეთებს.

ჩინელი ანალიტიკოსების უმრავლესობისათვის მოულოდნელი არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტად დონალ ტრამპის არჩევა - პეკინელმა პოლიტოლოგებმა თეთრ სახლში მისი დაბრუნება პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გლობალურ ტალღას დაუკავშირეს. ჩინეთი თვლის, რომ ახლა მან - პეკინმა - კარგად იცის, თუ თამაშის როგორი წესებით ხელმძღვანელობს დონალდ ტრამპი და შესაბამისად, როგორ შეუძლია თავისი ადმინისტრაციით მანიპულირება. ჩინეთის რწმენა ემყარება დასკვნას - სხვა საქმეა, ზუსტია თუ არა - რომ 2025 წლის ჩინეთი ძალიან განსხვავდება 2017 წლის ჩინეთისაგან - ისევე როგორც აშშ და მსოფლიო მთლიანობაში.

ჩინელების მტკიცებით, მათი ლიდერი სი ძინპინი პოლიტიკურად დონალდ ტრამპზე უფრო ძლიერია, ხოლო მათი ეკონომიკა - უფრო მდგრადი, გარკვეული გამოწვევების მიუხედავად. ამერიკული ეკონომიკა მყიფეა, პოლიტიკა კი დარღვეულ-დანაწევრებული. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით პეკინი თვლის, რომ აშშ-ის დიპლომატია და საგარეოპოლიტიკური გავლენა გლობალურ სამხრეთზე და აზიაზე სულ უფრო მცირდება, ხოლო მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩინეთის კონცეფციის მიმართ პირიქით, სულ უფრო მატულობს.

სი ძინპინმა უკვე მიანიშნა, რომ მისი დამოკიდებულება დონალდ ტრამპისადმი მხოლოდ სუფთა საქმიან მიდგომას წარმოადგენს - დონ კარლეონეს მსგავსად [მოქმედებს ტრადიციული სტილით, მაგრამ განსაზღვრულ ჩარჩოებში]. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, იგი პირადად მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპს და საპასუხო მკაცრ ზომებს სწრაფად მიიღებს, ზემოქმედების ბერკეტების შესაქმნელად (პეკინმა ფაქტიურად უარყო მიწვევა ტრამპის იანუგურაციაზე), მეორე მხრივ, პეკინი გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს, რომ სურს დიალოგი და ღიაა გარიგებების დასადებად, მაგრამ პრინციპულად თავს აარიდებს მისთვის მიუღებელ წინადადებას, თუნდაც გარეგნულად მომგებიანს. ჩინეთის ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმას, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახლო მომავალში პოზიციას არ შეიცვლიან და კვლავ მტრულად იქნებიან განწყობილნი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინი უარს არ იტყვის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებაზე - მას შესვენება (სულის მოთქმა) ჭირდება, რომ თავისი ძალების მობილიზება მოახდინოს გრძელვადიანი კონკურენციისათვის. რა თქმა უნდა, პარალელურად გაგრძელდება კლასიკური დაპირისპირება: პეკინი ძველებურად შეშფოთებული იქნება იმით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეწყვეტს  მცდელობას ჩინეთში კომუნისტური ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ასევე არ შეწყვეტს ტაივანის მხარდაჭერას - ჩინეთის დესტაბილიზაციისა და შეკავების კონტექსტში.

ბუნებრივია, ჩინეთს აქვს თავისი „წითელი ხაზები“ აშშ-სთან მიმართებით, რომელიც სი ძინპინმა მონიშნა ნოემბერში ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, პერუში. ეს იყო მკაფიო სიგნალი  დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისათვის.

დონალდ ტრამპის ნაბიჯების „გასანეიტრალებლად“ პეკინის სტრატეგია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: საპასუხო ზომები, ადაპტაცია და დივერსიფიკაცია. აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მოსაგერიებლად, პეკინმა ბოლო წლებში ზომები მიიღო ექსპორტის გასაკონტროლებლად, განახორციელა [ანტიამერიკული] საინვენსტიციო შეზღუდვები და დაიწყო ამერიკული კომპანიების საქმიანობის გამოძიება. რასაკვირველია, პეკინს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მომატებას იგივე მოქმედებით უპასუხოს, მაგრამ პეკინი შეეცდება სხვა სფეროებში ამერიკას მაქსიმალური ტკივილი მიაყენოს. ჩინეთისათვის საპასუხო ზომების მიღების უუნარობის აღიარება წარმოუდგენელია - ჯერ ერთი, რომ ეს ქვეყნის შიგნით რეჟიმის სისუსტედ იქნება აღქმული და მეორე - ამით ხომ დონალდ ტრამპი წახალისდება.

შეიძლება ითქვას, რომ პროცესები უკვე დაიწყო:

ა) საპასუხო ზომები: 2024 წლის ბოლოს პეკინმა დაბლოკა აშშ-ში მნიშვნელოვანი წიაღისეული მინერალების ექსპორტი, რომლებიც ჩიპების (ინტეგრალური მიკროსქემების) წარმოებისათვის გამოიყენება, შეამცირა დრონებისათვის აუცილებელი დეტალების მიწოდება და დაიმუქრა, რომ „შავ სიაში“ შეიტანდა ცნობილ ამერიკულ კომპანიებს (მაგალითად, ტანსაცმლის წარმოებაში) და ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო  ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის Nvidia-ს მიმართ. ასეთი მოქმედებით პეკინი წინასწარ აჩვენებს თავის შესაძლებლობას და სამომავლოდ კოზირებს აგროვებს;

ბ) ადაპტაცია - 2023 წლის შემოდგომიდან პეკინი შეუდგა აქტიურ საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სტიმულირებას ჯერ საწარმოების, ახლა კი მომხმარებლის დასახმარებლად. საფინანსო პოლიტიკის ასეთ ცვლილებას დადებითი და შეიძლება ითქვას, ჩინეთისათვის საკმაოდ უჩვეულო შედეგები მოაქვს. ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, მისი მასშტაბები და მიმართულებები სავაჭრო ომის გათვალისწინებით შემუშავდა.

გ) დივერსიფიკაცია - სტრატეგიის ამ ნაწილში იგულისხმება ეკონომიკური კავშირების გაფართოება მსოფლიოში. პეკინი განიხილავს სავაჭრო ტარიფების ცალმხრივ შემცირებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებზეც აშშ-ის გავლენა ნაკლებად იგრძნობა. პერუში ვიზიტის დროს სი ძინპინმა გახსნა ღრმაწყლიანი ნავსადგური, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ლათინური ამერიკასთან - კონტინენტთან, რომელიც საკვანძო წყაროა ჩინეთისათვის როგორც სურსათის, ასევე ენერგიისა და სასარგებლო წიაღისეულის სფეროში, აშშ-ის გავლენის არეალის მიღმა. 2024 წლის დასასრულს სი ძინპინმა ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაში. მისი გამოსვლის დედააზრი მკაფიო და ნატელია: ჩინეთი არის და იქნება ისეთი წამყვანი ძალა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას, აყვავებას, ღია ეკონომიკურ სისტემას და გამოდის ყველა სახის პროექციონიზმის წინააღმდეგ.

რასაკვირველია, ბევრი რამ შეიძლება ზუსტად ასეთნაირად არ მოხდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სი ძინპინის დამაჯერებლობა არანაირად არ ჩამორჩება დონალდ ტრამპის გუნდის რწმენას და იდეებს. ორივე მხარე თვლის, რომ უპირატესობა მათ მხარეზეა და რომ შეუძლიათ დიდ ხარჯებზე წასვლა, აიტანენ და გაუმკლავდებიან ეკონომიკური კონფრონტაციის თანმდევ „ტკივილებს“. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქმნის რთულ და ზოგჯერ მადესტაბილიზებელ წინამძღვრებსაც, რომლებმაც სამომავლოდ შეიძლება კონფლიქტის შეწყვეტაც (ან შესუსტება) გამოიწვიოს. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს და არა ვთქვათ, ტაივანს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიას, ან ბირთვული ძალების მოდერნიზების პროცესს... მოკლედ, ცივი ომი გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ, ადრინდელთან შედარებით.

წყარო: https://www.ft.com/content/ca79e423-7c0f-4883-a295-6fe1c73a2819

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати