ეს იყო, ალბათ, 1837 წლის 9 ოქტომბერს: თბილისში, მადათოვის კუნძულზე, რუსეთის იმპერატორს, ნიკოლოზ პირველს, ერევნის პოლკის პირველი ბატალიონის მწყობრის აღლუმი უნდა მიეღო. კუნძულს აქეთ ნაპირზე შეკრებილიყო იმდროინდელი კავკასიის უფროსობა, ბარონ როზენის თამადობით, რასაც საბჭოთა დროს, ალბათ, „რესპუბლიკის ხელმძღვანელობას“ დაარქმევდნენ; მილეთის ხალხი იყო: აივნებზე ჩამომსხდარი ბანოვანები, უმაღლესი და უბრალო ოფიცრობა, თავადობა, დიდვაჭრობა, ეგზარქოსი, მისი კრებულით, ყოველი სხვა რწმენის მღვდელთმთავრები, უბრალო ქალაქელები.
თბილისი მაშინ პატარა იყო, მაგრამ იმპერატორს მოეწონა: სრულიად აზიურია, მაგრამ რამდენიმე ისეთი სახლი უკვე დაგვიდგამს, ყოველ ქალაქს რომ დაამშვენებსო. ხალხი კი აღტაცებული იყო: ეს პირველად მოხდა, რომ რუსეთის იმპერატორი თავის სამხრეთ სამფლობელოებს ესტუმრა: გემ „პოლარული ვარსკვლავით“ მოცურდა ყულევში, სადაც დაუხვდა კავკასიის სარდალი და მთავარმმართველი, ბარონი როზენი, და გაუძღვა იქამდე უხილავ სამფლობელოთა არა მხოლოდ სათვალიერებლად, არამედ შესამოწმებლადაც.
სამეგრელოში იმპერატორს დაჩოქილნი შეეგებნენ მთავარი, რუსის გენერალი ლევან დადიანი მეუღლითურთ. ლევანს ხელში პურმარილიანი ხონჩა ეჭირა, დედოფალ მართას ‒ ოქროს სურა და ოქროს დასაბანი ჯამი, მხარზე კი პირსახოცი მოეგდო. იმპერატორმა დაკოცნა ორივე და ლევანის თხოვნა შეიწყნარა: ზუგდიდს ოფიციალურად უწოდა გრიგორიოპოლი, მთავრის მამის ხსოვნის პატივსაცემად, თუმცა ქალაქის სტატუსი არ მიანიჭა: არ მჯერა, აქ ქალაქი გაიმართოს და, თუკი გაიმართება, სტატუსიც არ დაახანებსო.
იმპერატორს იმდენად მოეწონა მასპინძლობა, რომ ლევანის ჩაცმულობის თაობაზეც კი არ გამოთქვა შენიშვნა და მას სამოსის გამოცვლა არ უბრძანა. სამხედრო წესრიგის ფანატიკოსსა და პედანტს, რომელსაც ბიჭობაში აღმზრდელად გამწკეპლავი გენერალი ლამზდორფი ჰყავდა, სამყაროს არსად სამხედროობა მიაჩნდა, ხოლო სამხედროობისად ‒ სრული მორჩილება და სიზუსტე. მის გენერალ-ლეიტენანტ ლევანს კი საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის თავის ჭკუაზე შეექმნა სამოსი ‒ სამხედრო და სამოქალაქო-ეთნოგრაფიული იერისა, იმ დროების რუსის გენერალს ნამდვილად რომ არ უნდა სცმოდა იმპერატორთან შეხვედრისას.
ვინ იცის, ამ სამოსით, რომლის გამოც იმპერატორის ამალაში ხითხითებდნენ, ლევანს თავისი მთავრობის ჩვენებაც სურდა. „მასრებიან ჩოხის მხრებზე გენერალ-ლეიტენანტის ეპოლეტები ჰქონდა დაკერებული და კალმიანი სამკუთხა ქუდი ეხურა თავზედაო“. მერე ასეთი სამოსი რუსის ოფიცრობაში მოდადაც იქცა და სამხედრო ფორმის სახეობადაც გამოცხადდა, ისე, რომ მათ უკანასკნელ იმპერატორსაც ხშირად ეცვა, მაგრამ მაშინ ნიკოლოზმა თავი შეიკავა და ლევანი არ დაამცირა: ახლავე ისე წარმომიდექ, როგორც რუსის სამხედროს შეეფერებაო.
აღმოჩნდა, რომ ეს დიდი წყალობა იყო, რადგან, როგორც თავად ნიკოლოზი იხსენებდა, სიშორის გამო, ის მთელის უნარით ვერ მართავდა კავკასიას და იმის მხედრობას, რომელსაც სამოქალაქო საქმეც ებარა და, რახან იქ მოსულიყო, სიმკაცრე და სამეფო ძალა უნდა ეჩვენებინა, უმთავრესად უმაღლეს სამხედროთათვის: ამსიშორეს მიგვიწყნიათ, ვისი წარბის აზიდვაც წყვეტს თქვენს ბედსო. იცოდა კიდეც რაღაცები: იმ გაზაფხულზე სენატორი განი დაენიშნა კავკასიის საქმეთა შემმოწმებლად და იმისგან სულ ცუდი ესმოდა. საერთოდ კი შემოწმებაზე გიჟდებოდა. საუკეთესო და დაუნდობელი შემმოწმებელი იყო და ჩიოდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა საიმისოდ, ყველაზე კნინი მოხელეც თავად შეემოწმებინა. ერთხელ პუშკინმა შესჩივლა, ცენზორები მეტად მიჩეხავენ ნაწერსო და: ამაზე აღარ იღელვო, ავუკრძალავ, პირადად მე შეგიმოწმებ და გადასახაზს თავად გადავხაზავო. მგონი,
რუსეთში არ ყოფილა მეორე ასეთი იმპერატორი, რომელსაც, სალდათის ჩექმიდან პუშკინის ლექსამდე ყველაფერი მხოლოდ თავისად მიაჩნდა. მისი შეგრძნების გარეშეც ასე იყო: კურთხევითაც, კანონითაც და ტრადიციითაც, მაგრამ ის მეტად ხურდავდებოდა და ამას მთელი მოწადინებითა და განცდით აკეთებდა.
სამეგრელოში ნასიამოვნები იმპერატორი სურამს მოვიდა, იქედან კი სამხრეთით დაიძრა, მესხეთში შეყოვნდა, ერევნამდე ჩავიდა, გიუმრის ციხესიმაგრე მოიწონა, ერევნისას თიხის ქოთანი უწოდა, აღტაცდა ერთი პოლკის თეთრი სამოსით კარგ ამინდში, მიიღო სულთნის წარმოგზავნილი არზრუმის ფაშა, მოიხილა ეჩმიაძინი, მიიღო სპარსეთის ელჩი და შაჰის ერთი წლის მემკვიდრე ჩაისვა კალთაში… და ასე დაუსრულებლად. თან ჯარისკაცებს ყველგან დაუწუნა „ვიპრავკა“ ‒ გაჭიმულობა, სამოსის წესრიგიანობა და, მგონი, იერიც. შემდეგ წამოვიდა უკან, თბილისისკენ, რათა მხარის მთავარ ქალაქში გაერიგებინა საქმეები და კავკასიონის გადალახვით დაბრუნებულიყო შინ.
უამბობდა თუ სწერდა კიდეც ბენკენდორფს, მანდ რომ გადმოვდიოდი, ის მზიანი, ამწვანებული გარემო სულ ყინვამ და თოვლმა შეცვალაო. ეს ბენკენდორფი განთქმული მესამე განყოფილების შემქმნელი გახლდათ. მან აამუშავა პირველი ყოვლისმომცველი საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია რუსეთში, რასაც მერე რა სახელი აღარ ერქვა, სახალხოდაც და ისეც: ჟანდარმერია, ოხრანკა, ჩეკა, ოგეპეუ, შინსახკომი, ემგებე, კაგებე, ფეესბე. და თქვენ, ცისფერო მუნდირებო და ერო მორჩილო მათოო, როგორც იტყოდა რუსთა დიდი პოეტი ლერმონტოვი, რახან ბენკენდორფის ხალხს სწორედ მაგ ფერის სამოსი ეცვა.
იმ მადათოვის კუნძულზე კი, სისხამიდანვე, იმპერატორი ვერ იყო გუნებაზე. ერევნიდან წამოსულს ღამე კოდაში გაეთენებინა და იქიდან დაძრულიყო თბილისისკენ. ბარონ როზენს პირველად დაეტოვებინა იმპერატორი მარტო: ქალაქს წავალ შეხვედრის მოსამზადებლადო. მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში იმპერატორი დიდად აქებდა როზენს, რა კარგად საქმიანობ საქართველოშიო, რა კარგი ჰოსპიტლები გაგიმართავს და გზებსაც რაღაც ატყვიაო. სინამდვილეში სენატორ განისგან სულ სხვა ამბები ჰქონდა, და თანაც იცოდა, რომ როზენს რატომღაც აზროვნება დაეწყო და კავკასიის დროებითი მოწყობის საკუთარი გეგმაც შეემუშავებინა: პირდაპირი სამხედრო მმართველობა რუსული კანონებით, იმერეთში, ქართლსა და მესხეთში უვარგისია, სამოქალაქოც უნდა გავურიოთ და იქაური თავისებურებებიც გავითვალისწინოთო. დასანანი კი იყო, ამგვარი კაცი რომ სახელმწიფო ფიქრებს წაეღო. არადა, რა კაცი: პოლონეთის აჯანყების ჩამხშობი, საქართველოში შეთქმულების გამომვლენი, თუმცა კი მერე ისევ რაღაც სირბილის მრჩეველი. მაინც აქებდა და ვაჟსაც უქებდა, რა კარგ სამხედროდ დადგა თქვენი ვაჟი, ალექსანდრე ‒ ვარშავის შტურმისას თავგამოჩენილი კავკასიაშიც სახელს იხვეჭსო.
ამასობაში კი ოქტომბერი იდგა და წვიმას რა გამოლევდა საქართველოში. დილით კოდიდან თბილისისკენ რომ წამოსულიყვნენ, იმპერატორის აღალი მოყოლილიყო დიდ წვიმაში და მისი ეკიპაჟის ცხენები მალევე ჩაფლულიყვნენ გაუვალ ტალახში. იმპერიის ამბავია: მთავარია, დიდი იყოს და მის კიდეზე იმპერატორიც გაისვრის ფეხს. გლეხებს მოეყვანათ ხარები, შეებათ იმ პეტერბურგულ ეტლებში და ასე, ძველქართული სიჩქარით, მაგრამ ნაცადი ნაბიჯით ეტარებინათ თბილისამდე. მთელი ოცდახუთი ვერსტი ასე გავიარეო, მანამდე კიდევ ხარების ლოდინიო, შესჩიოდა ბენკენდროფს. რასაც დასცინოდნენ ეგენი საქართველოში, ჩარდახიან ურემში შებმული ხარ-კამეჩი და იმით მგზავრობა იყო. მერე უკვე ჩვენებიც დასცინოდნენ: რა გახდა, ტელეფონი გამოვიყვანეთ და გლეხობამ ხარ-ურემს თავი არ დაანებაო. იმ ხალხმა კიდევ იცოდა თავი ქვეყნის გზების. აგე, ერეკლემ, თბილისს რომ იბრუნებდა, გორიდან მოატანინა ერთი დიდი, განთქმული, ბოჭორმის ზარბაზანი და იმით შეუტია. დიდხანს მოჰქონდათ, ხარ-ურმით, მაგრამ მოიტანეს და ისროლეს.
მოკლედ, იმპერატორი შეწუხდა. მერე თბილისშიც მთლად მისი საკადრისი ამბავი ვერ მოხდა. ქალაქის შესასვლელში როზენი და გუბერნატორი ბრაიკო კი დაუხვდნენ და ამ უკანასკნელის რიხიანი პატაკიც მოსაწონი იყო, მაგრამ ვითარცა ცარი, ცეზარი, კეისარი მესამე რომისა, რისიც სათავისოდ ძალიანაც სწამდა ნიკოლოზ პირველს, შუაბაზრის დახლებისა და დუქნების გავლით გაეშურა სიონის ტაძრისაკენ, რათა მოელოცა ძველი წმინდა ადგილი, სადაც ოდესღაც რუსთ ერთგულებაზე აფიცეს იქ შეყრილი თავადობა. აი, იქ მოხდა, როგორც მაშინ იტყოდნენ, კონფუზი: რახან იმპერატორმა დაიგვიანა, ეგზარქოს ევგენის ესადილნა, სადილის შემდეგ კი გამოძინება ჰყვარებოდა. სიონის დიდი კარი კი ჩვეულებრივ ჩაეკეტა და გასაღებიც წაეღო. იმის გაღვიძება იმპერატორმა არ ქნა. როგორც ჩანს, ქვემდგომნი დიდად ვერც ბედავდნენ, თორემ იქამდე გააღვიძებდნენ, სამხედროებმა კი არ იცოდნენ, რომ სძინავს და იმპერატორის დასახვედრად წავიდნენ. ეგზარქოსმა კი, თავისი ძილით, თითქოს თავისი ძალა აჩვენა. ტამბოვის მეუფედ ყოფნისას ეს ევგენი დაცვით დაიარებოდა და მღვდელ-მონაზვნებს ბორკილითა და კაზემატითაც სჯიდა, დიაკვნები, მნათეები და სემინარიელები კი ასობით გაესტუმრებინა ჯარში. აი, ასე, იმ დღეს იმპერატორი გვერდითი, ვიწრო კარიდან შევიდა შეთეთრებულ სიონში.
მერე საღამოც რთული გამოდგა. როზენთან დაბინავებული, სანდო ხალხს უსმენდა და სიმკაცრისთვის ემზადებოდა. ამ სიმკაცრის არსი ეს იყო, რომ ჩემი კანონებით მართულ ჩემს პირად მამულში თქვენ თქვენი მამულები მოგიწყვიათო. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა, როცა იმპერატორთან მოვიდა სენატორი განი და ბარონი როზენი და მისი სიძე დაასმინა ‒ ერევნის პოლკის მეთაური თავადი და პოლკოვნიკი ალექსანდრე დადიანი, უფრო იმათებურად ‒ დადიანოვი.
დასმენის არსი იყო, რომ პოლკოვნიკი დადიანი თავისი პოლკის ჯარისკაცებს თავის მამულში ამუშავებს ყმა გლეხებივით, მეტიც, მონებივით ეპყრობა, საკუთარ ნახირს ამწყემსვინებს და მოსავლის ასაღებადაც ჯარისკაცები გაჰყავსო. ორასი რეკრუტი უხელფასოდ ჰყავსო, ხუთას რაღაცას ჯერ ვერც ჩააცვაო. რა მამული ჰქონდა ასეთი, ან რა ნახირი ჰყავდა, რომ ერევნის კარაბინერთა პოლკი ვერ გაწვდა. იმპერატორი კი აღშფოთდა და „აღშფოთდა“: გადაწყვიტა, იმავე საღამოს გამოეკვლია ეს ამბავი. ამისათვის იხმო თავისი ფლიგელადიუტანტი, მგონი, ვასილჩიკოვი, და გაგზავნა დადიანის მამულში, რომელიც, იმპერატორისავე მოწმობით, თბილისიდან თხუთმეტიოდ ვერსტზე მდებარეობდა.
საინტერესო ეს არის ‒ საიდან ჰქონდა პოლკოვნიკ დადიანს მამულები ქართლის გულში, რადგან ის დადიანთა გარუსებულ შტოს ეკუთვნოდა, სიმბრისკელი მემამულე დადიანოვი იყო და ქართულიც არ ეხერხებოდა. ალბათ იქიდან, რომ პირველ ცოლად ჰყავდა ფარნაოზ ბატონიშვილის ასული, ნინო, და ეგებ ეს მამული მის ნინოს მზითევად მოჰყვა.
იმ დროისათვის, როცა იმპერატორი დადიანის მამულში რუს ჯარისკაცთა მონურ შრომას იკვლევდა, ალექსანდრე დადიანს ერთი წლის შერთული ჰყავდა ბარონ როზენის ქალიშვილი, ლიდია. ნინოს სიკვდილის შემდეგ რვა წელიწადს ქვრივად მყოფს, ბარონისთვის ქალიშვილის ხელი ეთხოვნა და ისიც დათანხმებულიყო: ალექსანდრე დადიანი კავკასიის კორპუსის საუკეთესო და სახელოვანი ოფიცერი გახლდათ და კარიერა კორპუსის სარდლის სიძეობით არ გაუკეთებია: ფელდმარშალ პასკევიჩის ადიუტანტად ნამყოფი, 20-იანი წლების ყველა სამხრეთულ ომში მონაწილეობდა, ყარსის, ერევნის, ახალციხის აღების გმირი გახლდათ და ასე შემდეგ, შესაბამისი ორდენებით და საიმისო ბრილიანტებით. მოკლედ, როგორც არის, და ასეთი სამხედროები, იმ თავიანთ გაჯგიმულ იმპერატორს, რომელიც მათ მუნდირზე ღილების მწკრივის სისწორეს უკვირდებოდა, სიმამაცითაც აჯობებენ და ეგებ ბევრი სხვა რამითაც, მაგრამ მის გვერდით ვერც კი ამოიოხრებენ. ესეც უნდა ითქვას, რომ სამხედრო დამსახურებათა გამო, იმავე ნიკოლოზ პირველმა დადიან-დადიანოვს თავისი ფლიგელადიუტანტობა მიანიჭა, რაც იმპერატორის ამალის წევრობას გულისხმობს და შესაბამისი განმასხვავებელი ჯინჯილებით აღინიშნება მუნდირზე.
ვისაც რუსეთის ძველ არა და საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, იცის, რასაც დადიანოვი თავის ქართლის მამულში აკეთებინებდა თავის პოლკის კარაბინერებს. ეს საბჭოთა დროსაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, განსაკუთრებით, სამშენებლო ბატალიონებში, სადაც სალდათები ხშირად ოფიცერთა სახლების რემონტითა და მათი ოჯახების მომსახურებით იყვნენ დატვირთულნი. ქართულ ჯარში კარგად ყოფნის ერთი ურბანული ლეგენდა ასეც იწყებოდა: „გამაგზავნა კამანდირ პალკამ თავის სახლშიი...“ გვარიან ხშირად არცთუ პირველი სასწავლებლების სტუდენტებიც კი ჩიჩქნიდნენ ხოლმე მიწას ლექტორთა სააგარაკე ნაკვეთებზე. ეს საუკუნეებს გადამწვდარი რუსული უფროსუმცროსობის ამბავია და ნიკოლოზ პირველი რომ აღშფოთდა, ჩემს ჯარისკაცებს რა დღეში აგდებს ვიღაც უგვანი დადიანოვიო, ეგ სულ ტყუილია.
ამ იმპერატორმა კარგად იცოდა, რომ მსოფლიოს ყველაზე მექრთამე ქვეყნის ცეზარია.
ისიც იცოდა, რომ ის ქვეყნაში მოქმედი კრეპოსტნიჩესტვოს მსგავსი ბატონყმობა, ვისაც ეტოქება, იმათთან ან არ არსებობს, ან აღარ არსებობს; და ისიც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ მისი ჯარისკაცი არაფრით განსხვავდება ყმა გლეხისგან, რადგან მიწას მოწყვეტილი ყმა გლეხია და სხვა არც ვინმე, მისი ძმა კი საერთოდაც სამხედრო სოფლების შექმნას ცდილობდა, სადაც ბიჭი დაბადებიდანვე ჯარისკაცად გაიზრდებოდა.
იმდენი რამე იცოდა, რომ გაუკვირდებოდათ. ისიც იცოდა, რომ დადიანოვი როზენის სიძეა. ასეთ ქორწინებებს მხოლოდ იმპერატორი ამტკიცებდა, ნებართვას იძლეოდა და ლოცავდა. ალბათ დადიანოვი იყენებდა თავის ჯარისკაცებს თავის მამულში, თუ ყმები მუშახელად არ ჰყოფნიდა. ეს დარღვევა კია, მაგრამ დადიანოვი მაღლა-მაღლა მავალი კაცი იყო, აშკარა გენერლობა ჰქონდა წინ და კავკასიის მმართველის ოჯახის წევრიც შექნილიყო.
იმპერატორი კიდევ ერთი რამის გამო იყო ცუდ ხასიათზე: ერევანში საწოლი არ მოეწონა. დიდხანს იწრიალა და მერე უბრძანა, ახალი თივა დაეგოთ. თივა ‒ ეს ადამიანურია, ახალი თივა ‒ ცოტა არ იყოს, საწვალებელი. ჰოდა, ამდენი რამის გამო იყო ცუდ გუნებაზე და თანაც იმპერატორობა უნდა ეჩვენებინა: ბატონმა ჩამეიარა. ფხიზელმა. ეუჰ...
ძნელი სათქმელია, რა გამოიძია პოლკოვნიკ დადიან-დადიანოვის მამულში ვასილჩიკოვმა ჩირაღდნების შუქზე, დაკითხა თუ არა ჯარისკაცები და ყმები, მაგრამ იმ დილის სისხამზე იმპერატორს მოახსენა იმ გაუგონარ „ბოროტგამოყენებულობათა“ შესახებ, გათამამებულ მამაც პოლკოვნიკ დადიანს წესად რომ გაუხდია.
ჰოდა, გამწკრივდა ერევნელ კარაბინერთა ბატალიონი მადათოვის კუნძულზე და ქალაქს მოსული სხვა ჯარის ნიმუშებიცა. პოლკოვნიკი დადიანი გაიჭიმა თავისი ერევნელების წინ, თუმცა ჯერ არ სცოდნოდა, რომ ამ ერევნელების ამხანაგებმა უკვე არაერთგზის დაასმინეს, ვითარცა მონათმფლობელი, და ეგებ ამათაც, თუმცა ესენი არავის დაუკითხავს.
გამოვიდა იმპერატორი და ის იყო, თბილისის კომენდანტს აღლუმი უნდა დაეწყო, რომ ომახიანად, მტკიცედ და მრისხანედ უბრძანა კომენდანტს, დაუყოვნებლივ მოეხსნა დადიანისთვის ფლიგელადიუტანტის პორტუპეა და იმპერატორის ბაფთიანი ინიციალები, ოფიცრისთვის უგვანი საქციელის გამო. კომენდანტი დაიბნა, მოისმა გმინვა, როზენი გაშავდა, ხოლო დადიანის სიდედრი და ცოლი გულწასულნი გადაქანდნენ აივანზე. კომენდანტს გაუჭირდა, წამხდარ დადიანს აქსელბანტი დროულად ვერ მოხსნა, რადგან თვითონაც წამხდარი იყო, დაიწყო წვალება. ამის შემხედვარე მეფის თანმხლებ-ძმაკაცმა გრაფმა, კავალერიის გენერალმა ალექსეი ორლოვმა ვეღარ მოითმინა, რადგან, როგორც ამბობდნენ, ყოველთვის მზად იყო ჯალათის როლის აღსასრულებლად; ეტაკა დადიანს და აქსელბანტიც მოგლიჯა და პოლკოვნიკის სამხრეებიც. ეს ორლოვი ბენეკენდორფის შემდეგ შეიქნა მესამე განყოფილების უფროსი, თუმცა ჟანდარმობა ეზარებოდა და მურდალ საქმეს უფრო ჭკვიანი ლეონტი დუბელტი უძღვებოდა.
დადიანის სახალხოდ დამცირების დაბოლოება იყო იმპერატორის ბრძანება: დაუყოვნებლივ ბობრუისკში! სამხედრო სასამართლოზე!
და დადიანი, გულწასულ თუ უკვე მოსულიერებულ ცოლსა და ოჯახობასთან გამოუმშვიდობებლად გაიყვანეს მადათოვის პლაციდან, ჩასვეს კიბიტკაში და გასწიეს თბილისიდან ბობრუისკისკენ ‒ცხადია, გადასხდომებით.
იმპერატორმა დასჯილ დადიანს გააყოლა ერთი თავისი ფლიგელადიუტანტი, ცხადია, საქმის ბოლომდე მისაყვანად, და იმათ ერთად გაიარეს ორიათას ხუთასზე მეტი კილომეტრი, ანუ ორიათას ოთხას რაღაცა ვერსტი, რათა ჩასულიყვნენ ბელარუსიის ქალაქ ბობრუისკში და სწორედ იქ გაესამართლებინათ ალექსანდრე დადიანი, საუცხოო მეომარი და იმ დროისთვის ჩვეულად მოქმედი მემამულე-პოლკის უფროსი.
ეჰ, ჩემო ბენკენდროფ, არ იცი, რარიგ გამიჭირდა და როგორ დამწვა გული ჩემმა ამგვარმა მოქმედებამ, მაგრამ განა სხვა გზა მქონდაო? ხომ უნდა მეჩვენებინა მათი მბრძანებლის ძალა და გაქანება: ის, რომ შორს კი ვარ, მაგრამ მეხი ვარ მათ თავთა ზედაო. კი მომეწონა ჯარების ოსტატობა ერევნიდან თბილისამდე და საქებარია რუსის მხედრული სული, მაგრამ აბა, უამისოდ როგორ იქნებოდა, ხომ არ შევარჩენდი ამ გაზულუქებულ ხელქვეითებს რუსის სალდათის წვრთნისგან მოცდენასო.
ეს ბენკენდორფი იმის ჩიტი არ იყო, ამგვარი ახსნა-სინანულები რაიმე მაინცდამაინც წრფელ საქმედ მიეღო. იცოდა, ეს მადათოვური თეატრი უბრალოდ მოქმედების ხერხი იყო და მორჩა. მითუმეტეს, იმპერატორი იმით იმშვიდებდა თავს, რომ როცა ეს მრისხანე რამ მოვახდინე, წამსვე დავანახე ყველას, რომ ჩემი მრისხანება მხოლოდ დიადი ცარის ხუშტური კი არა, აუცილებლობაა, რადგან იქავე ოფიცერთაგან გამოვიხმე სარდალ როზენის ვაჟი, ძვირფასი ალექსანდრე, და მას მივანიჭე ჩემი ფლიგელადიუტანტობა, რითაც გავსჭერ ჭეშმარიტად მეფური სამართალიო.
ეგ ამბავია. ოღონდ როზენის ვაჟის დაჯილოდოება სიძის დამცირებისა და განადგურების წამს ვერ გამოდგა დამამშვიდებელი. საყოველთაო ზაფრამ დაისადგურა.
იმპერატორი კიდევ სამ დღეს იყო თბილისში. მერე გაემგზავრა და ქალაქიდან გასული კინაღამ დაიღუპა: მეეტლემ ცხენები ვერ დაიმორჩილა იქ, სადაც ახლა გმირთა მოედნის მიდამოა და, სწორი ნახტომი რომ არა, ეს ყოვლისშემძლე, ყოვლისმფლობელი დაიღუპებოდა კიდეც. იქ მერე ჯვარი აღმართეს ამ საოცარი გადარჩენის აღსანიშნავად. ამის გადარჩენის ამსახველი ტილოები კი დღესაცაა დადიანების სასახლეში, ზუგდიდში: ერთზე სწორედ იმპერატორის გაქროლებული ეტლია აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე ‒ მისი ვაჟის, ალექსანდრე მეორის ვიზიტი იმ ადგილთან, სადაც მამამისი არ დაიღუპა.
მცხეთამდე ცხენით ვიარე, სანამ ახალი ეტლი არ დამაწიესო.
თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ იყო შემოწმებისა და შეშინების დღეები, ასევე, სადილ-ვახშამ-მეჯლისები. მეტიც, იმავე საღამოს იყო მეჯლისი. არადა, მაშინდელ თბილისში სამეჯლისო ადგილი ძნელი საპოვნელი იყო. თუ ძალიან არ ვცდები, სწორედ იმ საღამოსთვის გაამზადეს ზუბალაშვილის ახალი ქარვასლის პირველი სართული. დიდი ზაფრა კი იყო. წვიმაც. მოკაზმული ბანოვანები მეკურტნეებს მიჰყავდათ ეტლიდან ახალი ქარვასლის კარამდე. სწორედ იმ საღამოს აჩუქა იაკობ ზუბალაშვილმა ეს ქარვასლა გამოძინებულ ეგზარქოსს, ევგენის, რომელმაც იმპერატორის წინაშე დაიჩივლა, სასემინარიოდ შენობა არ გვაქვსო.
იმპერატორს იქ უცეკვნია სოლოღაშვილის ქალთან, ქალაქის თავ სარაჯიშვილის ცოლთანაც, ოღონდაც მთავარი სხვა რამ იყო: მეჯლისის გამხსნელ ცეკვაზე ნიკოლოზმა პოლონეზზე გამოიწვია ბარონ როზენის ცოლი, ლიზა, რომელიც ნამტირალევი, ჩაწითლებული თვალებით ეცეკვებოდა და რომელიც ძალით, უმაღლესი ბრძანებით მოიყვანეს ამ მეჯლისზე, თავად სარდალი როზენი კი იდგა გაშავებული და, როგორც ერთი იმ დროის კაცი იხსენებს, საერთოდაც იმის სახე დილის აქეთ აღარ ჰგავდა იმ კაცის სახეს, იქამდე რომ ვიცნობდითო. ცხადი იყო, რომ ეს იმპერატორის აჩემებით მოხდა, მოიყვანეთო. ამით კიდევ უფრო დაამცირაო.
რა ვქნა, ჩემო ბენკენდორფ, საბრალო როზენი დაზარალდა, მაგრამ მე აგრე ვარ: გაუგონარი დანაშაულისთვის გაუგონრადვე ვსჯიო. სამაგიეროდ, მისი ვაჟი დავაწინაურეო. ეს მისი ვაჟი, ალექსანდრე, რამდენიმე წელიწადში, იმპერატორის მოტყუების გამო, პოლკოვნიკობიდან ჩამოაქვეითეს და სადღაც გადაისროლეს. თავად როზენმა მალევე ითხოვა კავკასიიდან გადაყვანა „საკუთარი განცხადების საფუძველზე“, როგორც ამ ამბებიდან საუკუნისა და მეტის შემდეგ იტყოდნენ ამავე მიწებზე. იცოდა, რომ ამ სამართლიან ხელმწიფეს ასე უნდოდა და თითქოს დაასწროსავით.
ნამეჯლისევს იმპერატორი კოჯორში წაიყვანეს და იქაურ გარნიზონში ეძინა. ამ კოჯრის ღამეს ჩვენში ზეპირი, მწარე გადმოცემა ახლავს ‒ ის ყველა ქართველს გაუგონია, ოღონდ მის დასტურს მეცნიერება არ იძლევა. მაიკო ორბელიანის ცხოვრება იმავე დროში დიდი ტრაგედიის დაწერის საფუძვლად შეიძლებოდა ქცეულიყო, მაგრამ ტრაგედია არავის დაუწერია. რატომღაც უფრო ჯავრი იყო სიცილით. პლატონ იოსელიანი რომ ამბობს ძველ გადმოცემათაგან, იმ ომსა და უბედურებაში „დიდი სიცილიც“ იყოო და ამის არავის რცხვენოდაო, ჩვენი წესი მასეთიაო. თუმცა, იმპერატორის ამ მოგზაურობას ქართული იუმორი არ ახლავს. ღიმილი კი არა, ჩქამიც არ ისმის. გამცინებელი კი არა, ხმის ამომღები უკვე ან გადასახლებული იყო, ან მკვდარი, ან ჯერაც ახალდაბადებული.
მადათოვის პლაცის ამბავი კი, მგონი, იმიტომაა გასახსენებელი, რომ მასში ქართველობა თითქმის არ არის გარეული და საქმე უფრო იმ მართვა-ბატონობის სტილს ეხება, რომელიც ამდენი ხანია ცოცხლობს. ერთი ეგაა, პოლონეზს აღარ ცეკვავს ვინმე, თორემ ისე მოშლა აღარ ეღირსა.
საერთოდ, იმპერატორი, რაც უფრო შორს არის, უკეთესია.
ამ ნიკოლოზისნაირების გამო კი ჰაკლბერი ფინი აღნიშნავდა: „რა უნდა ვთქვა. მეფეები მეფეებია და მორჩა. მიმტევებლურად უნდა მოვექცეთ. რომელსაც ხელს დაადებ, ყველა გულბოროტია. ასე აღზარდეს“.
ალექსანდრე დადიანი-დადიანოვი სამ წელიწადს მარტო იჯდა ბობრუისკის ციხესიმაგრის კაზემატში. სამხრეების ახევა არ აკმარეს, თავადობაც აართვეს და ჯილდოებიც. მეტიც მიუსაჯეს, მაგრამ იმპერატორმა წელი ჩამოაკლო, როგორც 1832 წლის შეთქმულებს, ჯერ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა და მერე მოურბილა. იქიდან გამოსულს მოსკოვში ცხოვრების ნება დართეს, დღევანდელი ენით, „გაუსვლელობის ხელწერილით“. ნიკოლოზის სიკვდილის წელიწადს, ანუ მადათოვის ამბიდან თითქმის ოცი წლის თავზე, თავისი გამეფების აღსანიშნავად გაღებულ წყალობათა შორის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ დადიანიც გაიხსენა: დაუბრუნა ყველა ჯილდო, ბრილიანტებით, ბანტებითა და უბანტებოდ, კვლავ აღიარა თავადიშვილად და პოლკოვნიკის სამხრეებიც გამოუგზავნა.
ანუ რა? წყალობა. მეტი არაფერი. თორემ ჭიანჭველა ხომ დამნაშავეა, როცა შენი სუფრიდან ნამცეცს ექაჩება თავისი მიწისქვეშეთისკენ? ასეც გასრეს და ისეც, თუმცა, სჯობს, ეგ ნამცეცი წამოკიდებული ჰქონდეს. მაშინ იტყვი, რომ სამართლიანად დასაჯე. ეგ კია, რომ ნიკოლოზ პირველის თბილისურ მრისხანებას მის იმპერიაში არაფერი შეუცვლია. ასე რომ არ ვაკავებდე ჩემი მოხელეების ძალმომრეობას „ამ ბრმად მორჩილებას მიჩვეული ხალხების მოთმინების ფიალაც აივსებოდაო“.
რა შორს იყო, როგორც სულ სხვა კაზემატებში იტყვიან, და რა ახლოს ეგონა თავი.
ილუსტრაციები: ანანო ტაბაღუა