USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Time» (აშშ): „უკრაინას მშვიდობა დაუყონებლივ ჭირდება“
дата:  479

„უკრაინის მოსახლეობას აღარ აქვს იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ დაუსრულებელი ომის პირობებში იცხოვროს, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრეს-მდივანი იულია მენდელი ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინას მშვიდობა დაუყონებლივ ჭირდება“. როგორც ავტორი აღნიშნავს, „იმ პირობებში, როცა უკრაინის არმია უკანდახევას აგრძელებს, კიევისათვის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება იქნება სასწრაფო დაზავება მოწინააღმდეგესთან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნა არჩეული, რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი დარეგულირების აუცილებლობა უკრაინული საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე გადაუდებელ საკითხად გადაიქცა - ისეთ საკითხად,  რომელიც უმწვავეს დებატებს და სერიოზულ უთანხმოებას იწვევს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ასეთი გარიგების დადება ძალიან ძნელი იქნება - იგი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის დამყარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი მშვიდობის მიღწევა. რა თქმა უნდა, სამართლიანობაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინულ საზოგადოებაში სხვა გამომაფხიზლებელი ჭეშმარიტებაც ჩანს: ომმა ადამიანები საფუძვლიანად დააუძლურა და მოსახლეობას ჯან-ღონე გამოულია.

სოციოლოგიური გამოკითხვებით ირკვევა, რომ უკრაინელების 38% მზად არის დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა სინამდვილეს არ ასახავს, რეალურად დაზავება უფრო მეტს სურს. ამას წინათ კიევის ერთ-ერთ კლინიკაში ვიყავი და ნაცნობმა ექიმმა თითქმის ტირილით მითხრა - ჩემი კოლეგები ყველა სამსახურიდან მიდის და მეც წასვლას ვაპირებ უპერსპექტივობის გამოო. ლვოვში, დასავლეთ უკრაინაში, რომელიც ფრონტიდან შორს მდებარეობს, ყველა მეკითხებოდა - საომარი მოქმედებების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით. ჩემმა ჩერნიგოველმა ნაცნობმა ყველაფერი მიატოვა - სახლ-კარი, აგარაკი, უდენობა, სიცივე, უხელფასობა და ესპანეთში წავიდა, ცხოვრება „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყო. უკრაინელების მიერ გამოვლენილი იშვიათი ამტანობისა და გამძლეობის მიუხედავად, აუცილებელია გავაცნობიეროთ ერთი ჭეშმარიტება: ჩვენ ვეომებით ისეთ სახელმწიფოს, რომლის დაძლევა მხოლოდ სამხედრო ძლიერებით შეუძლებელია. დიახ, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები გვეხმარებიან, მაგრამ მათი დახმარება ჩვენი ისეთი მომავლის გარანტია არ არის, როგორსაც ვესწრაფვით. რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ადამანს გამარჯვების იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ გამარჯვება მიუღწეველია. დროა, ჩვენ საკუთარ თავს ვკითხოთ: კიდევ რა ფასის გადახდა მოგვიწევს ბრძოლის გასაგრძელებლად.

უკრაინის ხელისუფლება ითხოვს თავისი ტერიტორიების დაუყონებლივ დაბრუნებას და ჯიუტად ეჭიდება ნატოს პერსპექტიულ წევრობას, რომელიც სულ უფრო მიუღწეველი ხდება. არადა, დრო მიდის, ქვეყანა მოსახლეობას კარგავს. საზღვარგარეთ, როგორც მინიმუმი, 7,5  მილიონზე მეტი ადამიანია გაქცეული საომარი მოქმედებების გამო, თანაც მხოლოდ გასულ 2024 წელს უცხოეთში წავიდა 440 ათასი მოქალაქე. ეს რაოდენობა 3,3-ჯერ აჭარბებს 2023 წლის მონაცემებს. (...)

რუსეთის არმია აგრძელებს ნელ, მაგრამ პერმანენტულ ულმობელ შეტევას დონბასში და ფრონტის ხაზის რიგ ადგილებში უკვე დნეპროპეტროვსკის ოლქს მიადგა. სანამ ჩვენ დაუსრულებელ დებატებს ვეწევით ომში სამართლიანობის დაცვისა და ზავის სწრაფად დადების შესაძლებლობებზე, რუსები სულ უფრო მეტ ჩვენს მიწა-წყალს იკავებენ და სულ უფრო მეტი თანამემამულეები გვეღუპება.

უკრაინის შეიარარებული ზალების დანაკარგების ციფრები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან; პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, მხოლოდ 40 ათასი მებრძოლი დაიღუპაო, ამერიკული „უოლ სთრით ჯორნელი“ კი აცხადებს, რომ დაღუპულია მინიმუმ 80 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ყოველდღიურად იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. გაეროს შეფასებით, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსების დაბომბვების შედეგად 12 ათასზე მეტი მშვიდბიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილ-დასახიჩრებულების რაოდენობა ასეულობით ათასს აღწევს. მხოლოდ 2024 წელს, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დაბომბვებით და დრონების შეტევით სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი 30%-ით გაიზარდა.

ომი გრძელდება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ადამიანების ძალ-ღონე უსასრულო არ არის. უკრაინულ საზოგადოებაში მატულობს მათი რაოდენობა, რომელთა პატრიოტული განწყობა მცირდება. ასეთ სიტუაციაში მთავარი ხდება სიცოცხლის წყურვილი - როგორმე თავი დააღწიოს ყოველდღიურ გაჭირვებას და სტრესულ ყოფა-ცხოვრებას.

მოიძებნება კი ისეთი კონკრეტული დასავლელი ლიდერი - დონალდ ტრამპი ან სხვა ვინმე - რომელიც ამ კონფლიქტის დასრულებას შეძლებს? მე ეს არ ვიცი. მაგრამ ის უკვე ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე დაწყებულია დისკუსია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე - ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე. დაე, ეს იყოს არასრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც არ პასუხობს სამართლიანობის დაცვის შესახებ ყველა ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ეს არ არის მოწოდება თვითდამშვიდებისაკენ. ეს არის მოწოდება სიცოცხლის შენარჩუნების სახელით.

ალბათ, ვიღაცა იტყვის, რომ მე მიამიტი ვარ: რუსეთის არმია დროებით შეჩერდება, მაგრამ შემდეგ ძალებს მოიკრებს და ისევ შეტევაზე გადმოვაო. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ცეცხლის დროებითი შეჩერება ჩვენთვის სასარგებლო იქნება თავდაცვის გასამტკიცებლად, რომელიც ადრე შევძელით - მუდმივი დაბომბვების პირობებში თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა თითქმის შეუძლებელია. ცეცხლის თუდაც დროებითი სეწყვეტა შესაძლებლობას მოგვცემს მეტი ყურადღება დავუთმოთსაზღვრების დაცვას, არმიის გაძლიერებას, იარაღის არსენალის რაოდენობის გაზრდას... მოკლედ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მოვემზადოთ იმისათვის, თუ რა იქნება შემდეგ. თუ რუსეთი შეტევას განაახლებს, ჩვენ ხომ, უკიდურეს შემთხვევაში, შედარებით უფრო მყარად ვიდგებით ჩვენს მიწაზე - გვექნება უფრო მტკიცე ფრონტის ხაზი, მეტი სანგრებითა და ზღუდეებით, მეტი ბეტონის ბუნკერებით და საყრდენი პუნქტებით და არა დანგრეული ფუნდამენტით.

ცეცხლის შეწყვეტისაკენ სწრაფვა სისუსტის გამოხატულება არ არის. ომმა გვასწავლა, თუ რამდენად დამღუპველია უსაფუძვლო ოპტიმისტური განცხადებები. ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ მომავალი თაობის სახელით, რომლებსაც აუცილებლად წინ დაუხვდებათ ჩვენი დღევანდელი არჩევანი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პრაგმატული და გონივრული მიდგომა. ეს არ არის კაპიტულაცია, ეს არის მოწოდება დავადგეთ იმ სამოქმედო სტრატეგიას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ძლიერი მხარეები და ჩვენი ნაკლოვანებებიც. უკრაინამ სავსებით დაიმსახურა მშვიდობიანი მომავალი, რომელშიც ომის ადგილი აღარ უნდა იყოს.

ტერიტორიბის დაბრუნება ჩვენი საერთო ტკივილია. მაგრამ 2023 წლის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ ჩვენ მწარე სიმართლე დავინახეთ: უკრაინას არ აქვს რეალური შანსი იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაუყონებლივ დაიბრუნოს. ამასწინანდელმა დანაკარგებმა ნათლად გვაჩვენა, რომ სოციალური ქსელებიდან და საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ვერანაირი მხარდაჭერა სამხედრო რეალიებს ვერ ჩაანაცვლებს.

მე ამას იმიტომ ვწერ, რომ გავაბათილო რწმენა, თითქოსდა უკრაინას მხოლოდ ბრძოლის გაგრძელება გადაარჩენს. რუსეთს რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ჩვენ იარაღის გარდა  უფრო მეტი და უფრო ძლიერი რამ გვჭირდება - ინტელექტუალური ძლიერება, მდგრადი დემოკრატია დ, სტაბილური ეკონომიკა და იმის გაბედულება, რომ საკუთარი ნაკლოვანებები და დაშვებული შეცდომები ვაღიაროთ. სამწუხაროდ, ამჟამინდელი რეალობა ისეთია, რომ ტვინების გადინების, სიღარიბის დონის ზრდისა და დემოკრატიის დასუსტებით ჩვენი გამძლეობა ძალზე მყიფე ხდება.

ყოველდღიური სისხლისმღვრელი ბრძოლები უკრაინას ასუსტებს და ამაში მხოლოდ დასავლეთი არ არის დამნაშავე. ჩვენი მოკავშირეები რომ ჩვენზე არ ზრუნავდნენ, ვერანაირ იარაღს და კოლოსალურ ფინანსურ დახმარებას ვერ მივიღებდით. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი მიწა-წყლის დასაბრუნებლად მხოლოდ უხეში ძალით სარგებლობა არ უნდა გვჭირდებოდეს.

მე მოვუწოდებ ჩვენ მოკავშირეებს, ცვენს ლიდერებს და უპირველესად ჩემს თანამოქალაქე უკრაინელებს: დაფიქრდით ცეცხლის შეწყვეტის პოზიტიურ შედეგებზე, ზავის სიკეთეზე და მის ფასეულობაზე. მოდით, დავადგეთ ამ რთულ გზას, რომელიც კაპიტულაციის გზა კი არ იქნება, არამედ აუცილებელი ნაბიჯი უკრაინის მომავლისათვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხის მომავლისათვის, ჩვენი დაღუპულების მიერ ჩადენილი გმირობის უკვდავსაყოფად, მათი ხსოვნისათვის და მათთვისაც, ვინც დღევანდელი უკრაინის სამომავლო მემკვიდრე იქნება და ვის დაცვასაც ვცდილობთ.

წყარო: https://time.com/7210702/ukraine-needs-a-ceasefire/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати