დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ არ უნდა შეეშინდეთ. მისივე თქმით, „ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას“.
“ჩვენთან არს ღმერთი!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას, უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი“. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ასეთი მოთმინებით მივჰყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექით, ეს არის საშუალება ეს არის მცირე საშუალება რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. აი, ჩვენ სამღვდელოებას ვუთხარი მე, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. ვმადლობთ უფალს, რომ უფალი ასეთი მოწყალეა.
ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია, სასუფეველშია. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ღვთისგანგებითაა ეს ყველაფერი. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ რომ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა.
დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა დღეთა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვლილი იყავით, გახარებული იყავით. „ჩვენთან არს ღმერთი“.
მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი, თქვენ შვილებს, თქვენ ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. გაიხარეთ“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.