USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
ილია II - სააღდგომო ეპისტოლე
თარიღი:  627
სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ
ილია II- ის
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე,
ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.“ (ინ.11.25)
აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!
ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.
ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.
მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, - წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა - ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო.
განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს.
* * *
სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი.
უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, - მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ.
იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) - , ვითარება რადიკალურად შეიცვალა; უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, - ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ.
დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა.
მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.
ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს.
პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა...
* * *
იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, - დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.
გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:
იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.
წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.
პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას - ჯვარს ეცვათ იგი.
სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
* * *
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:
როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა...
ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.
თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.
ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა.
„დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).
ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.
მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.
ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.
ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.
* * *
უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.
ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.
ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
* * *
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, - ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.
ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.
უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.
ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, - ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.
დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან - განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!
სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2024 წ.
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის