USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Die Tageszeitung» (გერმანია): „ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კულტურის დაწესებულებები „მოაწესრიგა“, ახლა სამოქალაქო საზოგადოების დრო დადგა, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევს“
дата:  736

გერმანული გაზეთის „დი ტაგესცაიტუნგის“ (Die Tageszeitung) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპროტესტო აქციები საქართველოში: ახალგაზრდა, კრეატიული და მოწინააღმდეგე // „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კულტურის დაწესებულებები „მოაწესრიგა“, ახლა სამოქალაქო საზოგადოების დრო დადგა, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევს“ (ავტორი - ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის ვ.ლეიბნიცის ლიტერატურული და კულტურული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებმა საბერძნეთის გუნდზე გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობის უფლება, ქვეყანა ისტორიულმა ზეიმმა მოიცვა. ამ გამარჯვებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც სპორტული ჩარჩოებს სცილდებოდა: ეს იყო საქართველოს ევროპული სწრაფვის დადასტურება. გასულ წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

მაგრამ საზეიმო განწყობა მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, იმედები და ოპტიმიზმი ეჭვებმა და შეშფოთებამ შეცვალა: საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს, აპრილში დაიწყო განხილვა და მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. დოკუმენტის მიღება ითვლება არამხოლოდ საშინაო და საგარეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად, არამედ ის აჩენს მრავალმხრივ პრობლემებს: პოლიტიკურს, სოციალურს და კულტურულს - როგორც ავადმყოფობის სიმპტომებს. აღსანიშნავია, რომ იგივე კანონპროექტის მიღებას მმართველი პარტია შარშანაც ცდილობდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო უკან დაიხია.

ტარანი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

ქვეყნის საშინაო პოლიტიკისათვის, ისევე როგორც საქართველოს მეზობელ რუსეთში, კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ ტარანად შეიძლება ჩაითვალოს.

მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს ყველაზე მდიდარი ქართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება (საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი) რუსეთში დააგროვა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს, მისი მოქმედება სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს პარლამენტს, მთავრობას, სასამართლო სისტემას და ქვეყნის უმსხვილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. იმდენად, რამდენადაც მას ეშინია, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, იგი ეძებს და ყველა საშუალებას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. აღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „უცხოელი აგენტების შესახებ“, მოგვიანებით კი შეცვალეს. დოკუმენტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, [დაუმორჩილებელი] არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ.

ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად მეცენატისა და ქველმოქმედის, ქართული კულტურის მფარველისა და პროპაგანდისტის როლში გამოდიოდა. იგი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა კულტურის დაწესებულებების რეკონსტრუქციისათვის, გულუხვად აფინანსებდა ხელოვნების და სპორტის მოღვაწეებს, თუმცა სწორედ იმ ეტაპზევე გამოვლინდა ქველმოქმედის ნამდვილი სახე და მისი მიზანი: ბიძინა ივანიშვილი თავის შენაწირებს და ხარჯებს განიხილავდა როგორც სამომავლო მოგების მომტან ინვესტიციას. ასეთმა გაანაგარიშებამ გაამართლა 2012 წელს და მომდევნო პერიოდშიც, განსაკუთრებით კულტურის მოღვაწეთა უფროს თაობაში, რომელთაგან ბევრი მის მიმართ დღემდე ერთგულებას ამჟღავნებს, მაგალითად, ოდესღაც ლეგენდარული თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა.

კულტურის დაწესებულებების „მოწესრიგება“

ბიზინა ივანიშვილი არასდროს არ ზრუნავდა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების თავისუფლებაზე, მას მხოლოდ კულტურაზე კონტროლის განხორციელება აინტერესებდა. კულტურის ის დაწესებულებები, რომლებსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობდნენ და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, ადმინისტრაციულად დამოუკიდებლები იყვნენ, თუმცა სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ მილიარდერის რეჟიმის სამიზნეები.

ეს ეხება ქართული წიგნის ცენტრს, რომლის მიერ ჩატარებული ღონისძიება - 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის წარმატებული მონაწილეობა - ბოლო ათწლეულის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა, ასევე ეროვნულ კინოცენტრს, რომელმაც ქართული კინოხელოვნება (განსაკუთრებით დოკუმენტური) ააღორძინა, ასევე მწერალთა სახლს... კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც გასულ წელს გოეთეს მედლით დაჯილდოვდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ ნაცვლად ხელმძღვანელებად დაინიშნენ პარტიული კადრები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ქეთი დუმბაძე, „ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის პარლამენტში, რომელმაც გასულ წელს ხმა მისცა „უცხოელი აგენტების“ კანონს და ამის გამო, ჯილდოს სახით, მწერალთა სახლის დირექტორობა მიიღო.

ბევრი მხატვარი და მეცნიერი ამჟამად დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს და ორგანიზაციებს ქმნიან და ბოიკოტს უცხადებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აკონტროლებს.

ტალანტს და ნიჭს რეჟიმისადმი ერთგულება ანაცვლებს

ის რაც ქართული კულტურის სცენაზე ხდება, მთლიანად ასახავს საქართველოს მდგომარეობას. რეალობა ცხადჰყოფს, რომ თუ ქართული კულტურის დაწესებულებები დამოუკიდებელნი იქნებიან, მაშინ საქართველო ამ სფეროში დიდ წარმატებებს აღწევს - პროფესიონალიზმის, ღირსეული კონკურენციისა და ღია დისკუსიის პირობებში. სამწუხაროდ, დღეს ქართული კულტურის დაწესებულებები პოლიტიკურად კონტროლდება, რეჟიმი მათ  პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებად იყენებს და მთავრობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენისათვის ჯილდოვდებიან. მათ არ შეუძლიათ რაიმე ახლის შეთავაზება მხატვრული შემოქმედების თვალსაზრისით. ტალანტებისა და პროფესიონალების ჩანაცვლება რეჟიმის ერთგული ადამიანებით ხდება.

სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვა-ლიკვიდაცია ბიძინა ივანიშვილს იმისთვის ჭირდება, რომ მისი უცნაური მსოფლმხედველობა არავინ არ გააკრიტიკოს.

ნაციონალისტური და ანტიკოლონიური ლოზუნგები

თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ოლიგარქი ლაპარაკობდა „გლობალურ ომის პარტიაზე“ - ასე უწოდებს იგი დასავლეთს - რომელსაც, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, საქართველოში რევოლუციის მოხდენა და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წართმევა სურს. ისევე როგორც რუსეთში ხდება, საქართველოშიც ბიძინა ივანიშვილი მიზნის მისაღწევად იყენებს ნაციონალისტურ, კონსერვატიულ და ანტიკოლონიური ლოზუნგების პარადოქსულ ნარევს. იგი ლაპარაკობს საქართველოს სუვერენიტეტზე და ერის ღირსებაზე, რომლის შეზღუდვასაც თურმე დასავლეთი ცდილობს, საუბრობს კონსერვატიულ ქართულ ოჯახურ ფასეულობებზე, რომელსაც, მისი აზრით, დასავლეთისაგან თავსმოხვეული გენდერული იმიჯი ემუქრება, ხაზს უსვამს დასავლეთის კოლონიური გავლენის ისნტრუმენტების - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტიეროვნულ მოქმედებას, რომლებიც, ოლიგარქის რწმენით, უცხოური სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამგვარი მომწამლავი იდეოლოგიური ნარევი საზოგადოების მხარდაჭერით კი არ სარგებლობს, არამედ მხოლოდ მისი ხელისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება. ჯერ კიდევ კანონპროექტის მესამე მოსმენამდე რეჟიმმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებზე სატელეფონო თავდასხმები განახორციელა - ისევე როგორც ამას ბანდიტური დაჯგუფებები ახორციელებენ: დაშინებით, დაკავებით, შანტაჟით. რეპერტუარი რეჟიმს საკმაოდ ფართო აქვს.

ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ შესაფერისი დრო შეარჩია თავისი ხელისუფლების საბოლოო განმტკიცებისათვის, მაგრამ მან გათვლებში შეცდომა დაუშვა. კანონპროექტის მიღებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებით გამოვიდა - თბილისში და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში. იმიტომ, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია როგორც ოლიგარქული რეჟიმი, ასევე „ახალი რუსული რკინის ფარდისაკენ“ დაბრუნება. 

ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროტესტები

მასობრივი საპროტესტო აქციების ინიცირება მოხდა არა იმდენად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რამდენადაც ქართველი ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ბოლო დრომდე აპოლიტიკურად ითვლებოდნენ. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები თავიანთი მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მათი პროტესტი მშვიდობიან და შემოქმედებით ხასიათს ატარებს - ყოველი დემონსტრაცია და მიტინგი საქართველოს დიდი ქალაქების სცენაზე პერფომანსის სახით არის წარმოადგენილი.

ახალგაზრდები აქციებს უკვე ერთი თვეა ატარებენ - მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით სხვადასხვა ციფრები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან ასეთი ხალხმრავალი დემონსტრაციები არ მომხდარა. მრავალი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაფიცლები არიან. დღეს ქუჩაში გამოდიან არამარტო პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური და არტისტული ელიტები. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები საერთო-სახალხო გაფიცვის მოწყობის მიზნით. ის, რაც დღეს საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში ხდება, ბევრი ექსპერტი „ერის ნების გამოღვიძებას“ უწოდებს

რამდენიმე დღის წინ, როცა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი მსოფლიოში ცნობილ მევიოლინესთან - ლიზა ბათიაშვილთან ერთად იყო საქართველოში ისტორიულ გასტროლებზე, თბილისის ოპერის თეატრის შენობაზე ევროკავშირის დროშა ფრიალებდა. ევროკავშირი საქართველოსთვის უპირველესად [ევროპული] პოლიტიკური კულტურის ზიარებას და გათავისებას ნიშნავს - კულტურისა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება 70-წლიანი საბჭოთა და 30-წლიანი პოსტსაბჭოური პერიოდის კულტურისაგან.

ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ერთმანეთისაგან განასხვავებდა ქრონოლოგიურ და ისტორიულ დროებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება, ისევე როგორც უკრაინული, მოლდოვური და ბელარუსული, დღეს ახალი [საზოგადოებრივი] საფუძვლებისათვის იბრძვის: სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, სოციალური სამართლიანობისთვის და მოსახლეობის პოლიტიკური ხელისუფლების აღდგენისათვის. ეს ბრძოლა მიმდინარეობს იმ პირობებში, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ევროკავშირის დროშით.

წყარო: https://taz.de/Proteste-in-Georgien/!6008744/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати