USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Guardian»: „ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება“
თარიღი:  481

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება“ (ავტორი - შონ უოლკერი). „უკრაინის საზოგადოებაში ვრცელდება ხმები ხელისუფლების ზედა ფენებში არსებული დაძაბულობისა და არმიის დაქანცვის თაობაზე, კონტრშეტევის ჩაშლით გამოწვეულ იმედგაცრუებაზეც, რაც  კიევის მდგომარეობას ასუსტებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დღეისათვის კიევში ჯერ-ჯერობით ოდნავ, მაგრამ გარკვეული უიმედობა მაინც შეიმჩნევა და ეს არამარტო ზამთრის სიცივეების მოახლოების გამო. უკრაინელთა გულგატეხილობა ძირითადად განპირობებულია საშინაო და საგარეო ფაქტორების  ერთობლიობით, რომლებმაც შექმნეს ყველაზე რთული და მძიმე პერსპექტივა ომის დაწყებიდან, მიმდინარე წლის ზაფხულის ჩათვლით, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი სწრაფად გაიმარჯვებდა რუსეთზე.

აღტაცებამ და ეიფორიამ გაიარა

„გასული წლის ბოლოსა და ამ წლის დასაწყისში ყველა ეიფორიაში იყო, იმედი ჰქონდათ, რომ არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ მეორე უკიდურესობის მოწმენის ვართ - დაცემისა და უიმედობისა. ვფიქრობ, რაღაც დროის შემდეგ ჩვენ კიდევ დავინახავთ გარკვეულ აღმაფრენას და დაცემას ქვეყნის საზოგადოების განწყობებში“, - ამბობს ბარტოშ ციხოცკი, რომელმაც გასულ თვეში დაასრულა პოლონეთის  ელჩად ოთხწლიანი ყოფნა უკრაინაში.

დადის ხმები პრეზიდენტის გუნდში შექმნილ დაძაბულობაზე, აგრეთვე ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის მომხდარ შეხლა-შემოხლაზე. ყველასათვის სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა ზაფხულში დაწყებული და დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა - უკრაინის არმიამ ვერ გადალახა რუსეთის გამაგრებული ზღუდეები, ფორტიფიკაციები და დანაღმული ველები.

ორწლიანი ბრძოლებით გამოწვეული ჯარის დაქანცვა, აგრეთვე ჯარისკაცთა დიდმა მსხვერპლმა და დასავლელი მოკავშირეებისაგან იარაღის მიწოდების ნელმა ტემპმა ისეთი კუმულატიური ეფექტი გამოიწვია, რომ პირველად ომის დაწყებიდან, უკრაინაში გაისმის ხმები, რომ დადგა დრო ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობაზე დაფიქრდეს, თუმცა  ბევრი აღიარებს, რომ მოლაპარაკება სარისკო იქნება და შეიძლება მეტი სარგებელი რუსეთმა მიიღოს.

უკრაინის ფრონტებზე კიევისათვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას ემატება ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც. „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა იმ საშინელი ტრაგედიას წარმოადგენს, რომელმაც უკრაინისაგან ყურადღება ისრაელზე და პალესტინაზე გადაიტანა. დასავლეთისაგან საბრძოლო მასალებით დახმარება ისრაელსაც დაჭირდა და ამიტომ სასწრაფოდ მოხდა შეიარაღების მიწოდების გადამისამართება. დასავლეთის დედაქალაქებში მატულობს „უკრაინით დაღლა“, ხოლო კიევის მთავარ მხარდამჭერ აშშ-ში, დიდი ალბათობით, შეიძლება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთაურად უკრაინის ძველი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი დაბრუნდეს, რაც დიდი დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

თუმცა არის რამდენიმე დამაიმედებელი მომენტიც: ბრძოლის ველიდან მოდის ცნობები, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა მოახერხეს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა და პოზიციების გამაგრება, აგრეთვე ის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს შეტევები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე. რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, სიტუაციის გარკვეული გამოცოცხლება მოახდინა  ევროკავშირის განცხადებამ, რომ ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებას იწყებს.

და მაინც ამჟამად, როცა უკრაინელები კიდევ ერთი ცივი ზამთრისათვის ემზადებიან, როცა, დიდი ალბათობით, განახლდება რუსეთის საჰაერო შეტევები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რაკეტებისა და დრონების მეშვეობით, ექვსი თვის წინანდელი ოპტიმიზმი, რომ რუსეთი დამარცხდება და „ყირიმ-დონბასის დაბრუნება ერთ ან ორ დღეში გადაწყდებაო“, ფაქტიურად უკვე გაქრა.

„ეს არ იქნება ის გამარჯვება, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით. ბრძოლები უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, - ამბობს ოფიცერი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი, რომელიც ომის დაწყებისთანავე უკრაინის არმიის რიგებში ჩაეწერა და ფრონტზე იბრძვის, კაპიტნის ჩინით.

„მოლაპარაკება“ - აკრძალული სიტყვა

უკრაინელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი იმყოფება, უკრაინისთვის მტკიცე მშვიდობა მიუღწეველი იქნება და საბრძოლო მოქმედებების დროს ყოველ პაუზას კრემლი თავისი არმიის გადაიარაღებისათვის გამოიყენებს. გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით კი ისეთი მოლაპარაკებისა, რომელიც ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.

იმავდროულად აშკარაა, რომ უკრაინას ძალები ნამდვილად ელევა, არმია განუწყვეტელი ბრძოლისაგან სუსტდება, იღლება, შეიარაღება არასაკმარისია, გართულდა არმიაში გაწვევა და რაც მთავარია, ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლამ ბევრს გული გაუტეხა. ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ზოგიერთებმა უკვე ფრთხილი ლაპარაკი დაიწყეს, კიევის ამჟამინდელი მიდგომები უნდა შეიცვალოსო.

„არჩევანი ძალიან მარტივია: თუ ჩვენ მზად ვართ ყირიმისა და დონბასის გათავისუფლებას კიდევ 300 ათასიდან 500 ათასამდე ჯარისკაცის სიცოცხლე შევწიროთ, თუ ჩვენ დასავლური ტანკების და F-16-ების საკმარის რაოდენობას მივიღებთ, მაშინ შეგვიძლია კიდევ ერთი კონტრშეტევა დავგეგმოთ“, - ამბობს კაპიტანი ვლადიმერ ომელიანი, - მაგრამ მე ვერ ვხედავ დამატებით 300-500 ათას ჯარისკაცს და ვერც დასავლეთის ძალისხმევას იმდენი იარაღი მოგვცეს, რამდენიც გვჭირდება. ამის ალტერნატიული ვარიანტია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა მშვიდობიანი პერიოდი დადგეს და მასშტაბური რეფორმები გატარდეს, გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და დაველოდოთ, როცა რუსეთი ომის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, სწორედ მაშინ უნდა დავიბრუნოთ ყირიმი და დონბასი“.

მაგრამ ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი კაპიტანის ნათქვამი, როგორც ჩანს, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკება „წყალს მხოლოდ რუსების წისქვილზე დაასხამს“ - იმის გათვალისწინებით, რომ კრემლის საბოლოო მიზანს უკრაინის მთლიანად დამორჩილება წარმოადგენს.

იმავდროულად კი, როგორც ამას წინათ ამერიკულ „თაიმში“ გამოქვეყნებული ჟურნალისტ საიმონ შუსტერის სტატიით ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ უკრაინის გამარჯვების მესიანურ რწმენაში: „ჩვენ არანაირი ვარიანტი აღარ გვაქვს. ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ აბა სცადეთ და ეს პრეზიდენტს უთხარით...“, - ამბობს საიმონ შუსტერთან საუბარში პრეზიდენტის ერთ-ერთი თანაშემწე.

კიევი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული შეტევა უკრაინისთვის მძიმე აღმოჩნდა სამი მიზეზის გამო: პირველი - ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებამ კიევს ის შედეგი მოუტანა, რომ პირველად 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის თემამ დასავლელი პოლიტიკოსების გონებაში უკანა პლანზე გადაიწია და მათთვის დღეს მთავარ საგარეოპოლიტიკურ საკითხს აღარ წარმოადგენს - ალბათ, ასე იქნება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მეორე - პრეზიდენტის აღიარებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდება შემცირდა და ამით კიდევ უფრო გამწვავდა საბრძოლო მასალების დეფიციტი, რომელიც ისედაც არსებობდა. მესამე - ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ მკვეთრი პროისრაელური პოზიციის დაკავების თაობაზე და იმ განცხადებამ, როცა მან „ჰამასს’“და რუსეთს „ერთნაირი ბოროტება“ უწოდა, ახლო აღმოსავლეთის [არაბული ქვეყნები] გაანაწყენა და ამით უკრაინას მხარდამჭერთა წრე შეუმცირა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის აღიარებით, ბევრ არადასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობაში უკრაინისათვის „აცივება“ დაიწყო, რაც კიევისათვის შემაშფოთებელ სიგნალს წარმოადგენს.

კიევი და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერსპექტივა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პოტენციური დაბრუნება (რომელიც ხშირად აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტს სწრაფად შეწყვეტს), ბევრისთვის კიევში შემაშფოთებელ პერსპექტივას წარმოადგენს.

მართალია, უკრაინელი ჩინოვნიკები საჯაროდ აცხადებენ, რომ დარწმუნებულნი არიან -  „თეთრი სახლის მხარდაჭერა ყველა სიტუაციაში გარანტირებული იქნება, ნებისმიერი პრეზიდენტის მხრიდანო“, მაგრამ კერძო საუბრებში შეშფოთებას გამოხატავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. „ამ საკითხის განხილვა კიევში ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს ხდება ხოლმე“, - ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობს და ხშირად ხვდება პრეზიდენტს და მის გარემოცვას კიევში.

რეალობა ისეთია, რომ ამერიკელ რესპუბლიკელებს დონალდ ტრამპის გარეშეც შეუძლიად ჯო ბაიდენის მთავრობისათვის ხელის შეშლა უკრაინის დახმარების საკითხში. ამ მხრივ კონგრესი პარალიზებულია - რესპუბლიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, „შატდაუნის“ არცერთ ბიუჯეტში უკრაინისადმი დახმარება გათვალისწინებული არ არის. პრობლემა იმდენად შემაშფოთებელია, რომ მისი მოგვარების მცდელობის მიზნით, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გაემგზავრა.

„ჩერჩილის ფენომენი ზელენსკისათვის“

რუსეთთან ომის პირველი წელიწადის განმავლობაში უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის ირგვლივ დაირაზმნენ, პრეზიდენტით აღფრთოვანებულნი იყვნენ და მისი მოწოდებებს სჯეროდათ, თუმცა რაც დრო გადიოდა, საზგადოებაში აღმაფრენის განწყობა სუსტდებოდა.

ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ძალიან იყო შეშფოთებული „ჩერჩილის ფენომენით“, რომელიც ნიშნავს, რომ ომის დროს წარმატებული ლიდერი შეიძლება არჩევნებში დამარცხდეს. მომავალი წლის მარტში უკრაინაში, კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ  ომის გამო შეიძლება არჩევნები გადაიდოს და პრეზიდენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. იყო ლაპარაკი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებდა, ახალი მანდატის მისაღებად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამ სავარაუდო განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. საბოლოო ჯამში თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა არჩევნების ჩატარება, მაგრამ როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსები იმედოვნებენ, „ხალხის მსახური“ პრეზიდენტი მშვიდობის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად პოსტს აუცილებლად დატოვებს - მისი საქმე უინსტონ ჩერჩილივით იქნება, [რაც მას 1945 წელს მოუვიდა]. სხვათა შორის, უკრაინულ „ტელეგრამ-არხებში“ პრეზიდენტის მიმართ უკვე ბევრი „შავი პიარი“ და კომპრომატები ვრცელდება.

„უკრაინაში პოლიტიკური ბრძოლა დაბრუნდა...“

ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კვლავ მაღალია - ისევე, როგორც გენერალ ვალერი ზალუჟნის რეიტინგი, რომელსაც მომავალ სავარაუდო პრეზიდენტად თვლიან, თუმცა პირადად მას რაიმე პოლიტიკური ამბიციები ამ ეტაპზე არ გამოუმჟღავნებია. მართალია, ჟურნალი „ეკონომისტი“ იუწყებოდა, რომ ზელენსკი თავის გენერალს არ ეთანხმება ომის ჩიხში შესვლისა და ფრონტზე „პატური სიტუაციის“ შექმნასთან დაკავშირებითო, მაგრამ პრეზიდენტის ოფისიდან ირწმუნებიან, რომ დაპირისპირება ზელენკისა და ზალუჟნის შორის არ არსებობს.

ბარტოშ ციხოცკი, პოლონეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში, აცხადებს, რომ ბოლო თვეებში უკრაინის საშინაო მოვლენებში პოლიტიკური ბრძოლის გამოცოცხლება შეინიშნება: „უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა. პირვანდელმა კონსოლიდაციამ, რომელიც უკრაინელებს ბოროტების წინააღმდეგ ძალას აძლევდა, გაიარა. ახლა პროცესები სხვაგვარად განვითარდება“.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2023/nov/20/ukrainian-optimism-fades-at-start-of-another-winter-of-war

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის