USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი „რბილი ძალის“ როლს ასრულებს“
თარიღი:  812

ამას წინათ ბოსტონსა და მონრეალში ჩატარებულმა ოთხეროვნულმა ტურნირმა ჰოკეიში (აშშ-ის, კანადის, ფინეთისა და შვედეთის მონაწილეობით), რომელშიც რუსეთი, გასაგები მიზეზების გამო, მიწვეული არ იყო, ჰოკეის ერთ-ერთი რუსი აქტიური და გავლენიანი გულშემატკივარი აშკარად გააღიზიანა“, - წერს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით „პუტინის ჰოკეის დიპლომატია მოწმობს, რომ სპორტი „რბილი ძალის“ როლს ასრულებს“ (ავტორი - ქრის მაიკლი). პუბლიკაციაში გაანალიზებული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის სპორტული სეგმენტი - კრემლის წინადადება თეთრ სახლს ჰოკეის მატჩის ჩატარების თაობაზე.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

იმ ფონზე, როცა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ტელეფონით საუბრის დროს თითქოსდა შეთანხმდნენ ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმის შეწყვეტაში, რის შემდეგაც რუსეთმა ისევ გააგრძელა დაბომბვა, ერთი გარიგება მაინც ნათელია - აშშ და რუსეთი ჰოკეის მატჩების ჩატარებას განაახლებენ.

მიხდავად იმისა, რომ ჰოკეის მატცების ჩატარება ამერიკელი და რუსი სპორტსმენების მონაწილებით, ერთი შეხედვით, კეთილშობილ ღონისძიებად გამოიყურება, ეს ინიციატივა დონალდ ტრამპის კიდევ ერთ დათმობას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტის წინა „საჩუქრებისაგან“ განსხვავებით - ოკუპირებული ტერიტორია რომ რუსეთის ხელში რჩება, უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიები რომ საეჭვო ხდება და რომ უკვე არის მინიშნება რუსეთის მიმართ სანქციების სავარაუდო გაუქმებაზე - შეთანხმება სპორტული შეხვედრის მოწყობის თაობაზე ისეთი „რბილი ძალის“ ტრიუმფს წარმოადგენს, რომელიც ციგურებითა და მისი თასმებით არის გამოხატული.

ვლადიმერ პუტინს ჰოკეი უყვარს, ის თვითონაც კარგად თამაშობს. რუსეთი აღიარებულ ლიდერად ითვლება სპორტის ამ სახეობაში, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო მოთამაშეები რუსეთიდან გარბიან, რათა სხვადასხვა ქვეყნების ჰოკეის ეროვნულ ლიგებში ითამაშონ. მიზანი გასაგებია: იქ ფულიც მეტია და დიდებაც უფრო „ხმამაღალი“.

ამიტომაც რუსეთის გარიყვამ (სანქციების გამოცხადებით) ყველა საერთაშორისო ჰოკეის ტურნირებიდან, უკრაინასთან ომის დაწყების გამო, ვლადიმერ პუტინის პატივმოყვარეობა შელახა და იგი ძალიან გაღიზიანდა.

რუსული ჰოკეი ყოველთვის იყო გეოპოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში. საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს XX საუკუნეში აშკარად გასამხედროებული სახე ჰქონდა: მოთამაშეები საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ, ჰოკეის კლუბები კი შეიარაღებული ძალების სტრუქტურებს წარმოადგენდნენ. მწვრთნელებს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ჰქონდათ. ჰოკეისტები მთელი 11 თვის განმავლობაში ყაზარმებში ცხოვრობდნენ. როცა საბჭოთა ჰოკეისტებმა ამერიკელებთან შეხვედრები (და გამარჯვებების სერია) დაიწყეს, მატჩები მათი მონაწილეობით ორი იდეოლოგიის შეტაკების სიმბოლო ხდებოდა. კომუნისტები, რომლებიც ბავშვობიდანვე კოლექტიურ თამაშს იყვნენ მიჩვეულები, იბრძოდნენ ინდივიდუალისტების - ამერიკელი და კანადელი პროფესიონალების წინააღმდეგ, რომლებიც გოლის გატანას ერთპიროვნულად ცდილობდნენ (და როცა არ გამოსდიოდათ, რუს საბჭოელებს თავში ჰოკიჯოხებს ურტყამდნენ). 1960-70-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ექცსიდან ხუთი ოქროს მედალი მოიგო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩებში. რუსებმა მხოლოდ ორჯერ წააგეს - 1972 წელს კანადასთან (საპოროში) და 1980 წელს - აშშ-სთან (ლეიკ-პლესიდში). სწორედ ლეიკ-პლესიდის მატჩი იქცა ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღების მიზეზად, რომელშიც მთავარ როლს კურტ რასელი ასრულებს („სასწაული“, 2004 წელი).

ჰოკეის მატჩების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რომ უფრო სრულად შევაფასოთ, ყურადღება მივაქციოთ ამას წინათ ცატარებულ ოთხეროვნულ ტურნირს ჰოკეიში, რომლის დროსაც ამერიკელებმა და კანადელებმა ერთმანეთს თავგანწირვით დასცხეს, დონალდ ტრამპის მუქარის - კანადის 51-ე შტატად გადაქცევის - ფონზე. მოთამაშეებმა თავიანთი გრძნობები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ყინულზე ერთმანეთის ცემით გამოხატეს. საბოლოოდ მატჩი „ნეკერჩხლებმა“ (კანადელებმა) მოიგეს, რამაც მათ გულშემატკივრებში ნამდვილი გრიგალისებური ოვაცია გამოიწვია. არაფერი რომ არ ვთქვათ კიდევ ორ ქვეყანაზე - შვედეთზე და ფინეთზე, რომლებთაც რუსეთი ყოველთვის უგებდა, ტურნირში მათი მონაწილეობის ფონზე ვლადიმერ პუტინი თავს დამცირებულად გრძნობდა. ალბათ, უკვე გასაგებია, თუ რატომ წამოაყენა ჰოკეის მატჩების განახლების საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა იმ კონფლიქტზე საუბრის დროს, რომლის მსგავსი 1945 წლის შემდეგ ევროპაში არ მომხდარა.

ისევე როგორც საუდის არაბეთმა, რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ სპორტს „რბილი ძალის“ თვისება აქვს. შესაბამისად, საერთაშორისო ყინულზე რუსეთის გუნდის დაბრუნებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ ქვეყნის მოსახლეობისათვის, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. მით უმეტეს, თუ ეს მოხდება იმ მომენტში, როცა ალექსანდრე ოვეჩკინი, ყველა დროის რუსი საუკეთესო ჰოკეისტი, ამჟამად კი აშშ-ის ეროვნული ჰოკეის ლიგის კლუბის „ვაშინგტონ კეპიტალზის“ კაპიტანი (და იმავდროულად ვლადიმერ პუტინის ფანატთა კლუბის დამაარსებელი), ემზადება კანადელ უეინ გრეტსკის გუნდთან თამაშისათვის. და თუ იგი წარმატებას მოიპოვებს, ერთნაირად „სასიხარულო იქნება“ ამერიკელებისა და რუსებისათვის.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, იგი პუტინში მტერს კი არ ხედავს, არამედ თანასწორ ლიდერს - დიდ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას ხელმძღვანელობს და მასთან - დონალდ ტრამპტან - ერთად იყოფს დანარჩენ მსოფლიოს. ცხადია, ტრამპისათვის „ოთხი ერის“ ტურნირი, ყველა შემთხვევაში, უინტერესოა, რადგან მისი მსოფლმხედველობის მიხედვით, პლანეტაზე მხოლოდ ორი ერი არსებობს. შესაბამისად, ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კრემლის პრეს-ლოჟაში მჯდარი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთად უყურებენ მოსკოვის „ცესკას“ ყინულის არენაზე აშშ-ისა და რუსეთის ნაკრები გუნდების ჰოკეის მატჩს და ამ დროს უკრაინა საერთოდ დავიწყებული აქვთ.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის