USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა“
თარიღი:  795

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ეხმიანება ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს და აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა“ (ავტორი - პატრიკ ვინტური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინდოელ დიპლომატებს, რომლებიც საკმაოდ დაიქანცნენ G20-ის სამიტის ჩატარების პროცესში, თითქმის 200 საათი და 300 ორმხრივი შეხვედრა დაჭირდათ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან, რომ ერთობლივი განცხადების 15 პროექტი შეემუშავებინათ, საბოლოო ჯამში კი, უკრაინის პრობლემის მიმართ კონსენსუსის საფუძველზე, მომზადდა  ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი - დეკლარაციისა, რომელშიც მნიშვნელოვან წილად მხოლოდ საერთო პრინციპებს გამოხატავს და არა კონკრეტულად რუსეთის მოქმედების დაგმობას.

სხვათა შორის, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე მისი შედეგების მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილებოდა: დეკლარაცია საერთო პრინციპების დაფიქსირებით, განცხადებები ცალკეულ საკითხებზე და ერთობლივი დეკლარაციის არარსებობა.

ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე არ იყო მიწვეული უკრაინა [არც მისი პრეზიდენტი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი], რაც იმას ნიშნავს, რომ G20-ის შეხვედრაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ერთადერთ უშუალო მონაწილის სახით, მხოლოდ რუსეთი იყო წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრთ - სერგეი ლავროვით.

ინდოეთი დეკლარაციას, რომელიც სამიტის დასრულებამდე 24 საათით ადრე მიიღეს, უკვე განიხილავს როგორც ქვეყნის დიპლომატიურ ტრიუმფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იგივე სახელმწიფოების ჯგუფმა, რომლებმაც ერთი წლის წინათ, ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ სამიტზე, კრემლის მოქმედება დაგმეს.

ერთობლივ განცხადებაში (შეთანხმებაში) აღიარებულია, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები სიტუაციის შეფასებისადმი, თუმცა ყველა მხარს უჭერს ეროვნული სუვერენიტეტისა და გაეროს წესდების დაცვის პრინციპს, აგრეთვე გაეროს წინა რეზოლუციებს უკრაინის შესახებ. დოკუმენტში აღიარებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია. საინტერესოა, რომ მასში არ არის გამეორებული 2022 წლის ბალის დეკლარაციის დებულებები, რომლებშიც დაგმობილია როგორც კრემლის უკრაინაში შეჭრა, ასევე გამოხატულია მოთხოვნა რუსეთის ჯარების დაუყონებლივ გაყვანაზე უკრაინის ტერიტორიიდან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრამანიამ ჯაიშანკარს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებია ამგვარი შედეგის გამართლების მიზნით: „ბალი ბალია, ნიუ-დელი კი - ნიუ დელი. ბალის სამიტის დროს სიტუაცია სხვანაირი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა“, - განაცხადა ინდოეთის დიპლომატიური უწყების მეთაურმა.

აშკარაა, რომ დეკლარაცია ასახავს იმდოეთის მტკიცე გადაწყვეტილებას ომში არცერთი მხარის გვერდით არ დადგეს, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ გამოდიან, იმდენად მორჩილად იქცეოდნენ, რომ ნება მისცეს უმცირესობას - მათთვის „პირში ბურთი ჩაეჩერათ“, „ხმის გაკმენდის“ მიზნით.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის განცხადებით, ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ბევრი ექსპერტი სუსტად მიიჩნევს, სინამდვილეში მოსკოვზე ზეწოლის მოხდენის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს: „ნიუ-დელიში კონსენსუსის მიღწევით, „დიდმა ოცეულმა“ აიძულა ვლადიმერ პუტინი, რომ ომის შეწყვეტაზე იფიქროს“.

რასაკვირველია, რუსეთის წარმომადგენელი სერგეი ლავროვი არ დაეთანხმა ამგვარ ინტერპრეტაციას: „ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა დასავლეთის მცდელობა სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაციის შესახებ“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმატებით დასრულდა: „ტექსტში რუსეთი საერთოდ ნახსენები არ არის“.

G20-ის კომპრომისი, რა თქმა უნდა, უკრაინისათვის მძიმე და მიუღებელი აღმოჩნდა. დეკლარაციის დებულებების გამო  კიევის ნერვიულობა გაძლიერდა - ვაითუ დეკემბერში, როცა ევროკავშირში მისი წევრობის საკითხი იქნება განხილული, ისეთივე  „არაფრისმთქმელი“ დადგენილება იქნეს მიღებულიო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „დიდ ოცეულს“ საამაყო არაფერი არ აქვს“.

ერთი მხრივ, სამიტის შედეგებს ომთან მიმართებით რაიმე შეხება თითქოსდა არ აქვს. სინამდვილეში ამით არაფერი სეცვლილა - დრონები ისევ მიფრინავენ კიევისაკენ, მინისტრები ისევ ითხოვენ დახმარებას, ვოლოდიმირ ზელენსკი კი უკრაინელ ხალხს მესამე მძიმე სამხედრო ზამთრისათვის ამზადებს.

მაგრამ დეკლარაციაში, შარშანდელთან შედარებით, ფორმულირებების შერბილება კიდევ ერთ სიგნალად ითვლება იმისა, რომ რადგან ჯო ბაოდენს წინ არჩევნები ელოდება, უკრაინა მის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში პირველი ადგილიდან უფრო დაბლა იწევს: მატულობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობა და ალიანსის შექმნის აუცილებლობა, ჩინეთის შესაკავებლად.

შეიძლება ითქვას, რომ რადგან ამერიკას ინდოეთი ჩინეთის საპირწონედ ჭირდება, ანუ რადგანაც ჯო ბაიდენისთვის ნარენდრა მოდის კეთილგანწყობა საჭირო იყო, ამიტომაც ვაშინგტონი დაეთანხმა ინდოეთის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებებს და „მასპინძელს აღარ აწყენინა“. ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რამდენად ძვირფასია ინდოეთის პოზიცია აშშ-სათვის. როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კოორდინატორი კურტ კემპბელი ამბობს (მას ხშირად „აზიის მეფესაც“ უწოდებენ ჯო ბაიდენის გარემოცვაში), ინდოეთი ჩნეთის მძლავრი მეტოქეა: „ამერიკისა და ინდოეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინდოეთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა აშშ-სათვის საერთაშორისო არენაზე“.

სერგეი ლავროვის თქმით, ჯო ბაიდენი მიხვდა, რომ ნარენდრა მოდი „გლობალური სამხრეთის ლიდერია და მისი უკუგდება არ შეიძლება“. მან ტკბილი სიტყვები არ დაიშურა ინდოელი ლიდერის მიმართ: „მან ნამდვილად შეძლო „დიდი ოცეულის“ კონსოლიდირება“.

და თუ ეს მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ბოლო თვეების განმავლობაში - საუდის არაბეთთან, თურქეთთან, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან და თვითონ ინდოეთთანაც - კიევისათვის დიდი შედეგები არ მოუტანია. თურქეთმა, მაგალითად, C20-ის სამიტი თავისი ინტერესებისთვისაც გამოიყენა, როცა დასავლეთს არწმუნებდა - „დაეთანხმეთ რუსეთის პირობებს „მარცვლეულის გარიგების“ განახლებისათვის“.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, აცნობიერებს იმას, რომ პეკინის იზოლირებისათვის მას მოთმინება მოუწევს. ორდღიანი სამიტის განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები (მაგალითად, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველის თანაშემწე ჯონ ფაინერი) ცდილობდნენ BRICS-ის წევრებს შორის შუღლი ჩამოეგდოთ: „სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნები არიან, ჩინეთი კი არა. სამწუხაროდ ეს ყველასათვის სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ ჩინეთისათვის“, - ამბობდა ჯონ ფაინერი.

რასაკვირველია, ნარენდრა მოდის მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევს დეკლარაციის დებულებების შესასრულებლად. მისი წინადადება, რომ ორი თვის შემდეგ ლიდერები ვირტუალურად ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, იმას ნიშნავს, რომ ინდოელი ლიდერი სერიოზულად არის განწყობილი მუშაობისათვის.

ამერიკა ინდოეთს, სავარაუდოდ, ჩინური ინიციატივის „გზისა და სარტყლის’ დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს. როგორც წინა სამიტებიდან არის ცნობილი, თეთრი სახლი ყოველთვის ცდილობდა ხელის შეშლას ჩინური პროექტისათვის და ამას არც ახლა „არ გადაეჩვევა“. ყველაზე ინტრიგულ წინადადებად შეიძლება იქნას მიჩნეული აშშ-ის წინადადება, რომ ნიუ-დელი მთავარი რგოლი გახდეს ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის მიმართულებით და ჩინური „გზისა და სარტყლის“ („ახალი აბრეშუმის გზის“) კონკურენტად იქცეს.

როგორც რაჯეშ რაჯაგოპალანი, ნიუ-დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი ამბობს, „გზა და სარტყელის’ ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკურ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და თუ მას ინდოეთი-ახლო-აღმოსავლეთი-ევროპის მიმართულება „ჩაჭრის“, მაშინ პეკინი იძულებული გახდება ბრძოლაში ჩაერთოს“.

უკრაინას კი მხოლოდ იმის იმედი დარჩენია, რომ ვაშინგტონი, ომის გაჭიანურების მიუხედავად, კიევის სურვილებს ისევ ყურადღებით მოეკიდება და პეკინის წინააღმდეგ ფართო ალიანსების ძიებას უკრაინის ინტერესებს არ დაუპირისპირებს.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2023/sep/10/watered-down-g20-statement-on-ukraine-is-sign-of-indias-growing-influence

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის