ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.