USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „მარკ რიუტე ნატოს გადარჩენას ვერ შეძლებს!?
дата:  

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მარკ რიუტე ნატოს გადარჩენას ვერ შეძლებს!?“ (ავტორი - ელიოტ უილსონი, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი მდივანი, თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი), რომელშიც განხილულია თუ რა პრობლემების წინაშე დადგება ნატოს ახალი გენერალური მდივანი და შეძლებს თუ არა იგი მათ გადაჭრას.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

მართალია, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა თავისი კანდიდატურა მარტის თვეში ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დასაკავებლად წარადგინა, მაგრამ არავინ არ ფიქრობდა მის დანიშვნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლეს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. პრეზიდენტი ამას მალე თვითონაც მიხვდა და შესაბამისად, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ კლაუს იოჰანისის კანდიდატურა უკან გაიწვია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს სასარგებლოდ.

ნატოს ახალი გენმდივანი თავისი მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგება, როცა იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება შეუწყდება. იგი ალიანსის ადმინისტრაციას ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თავის მხრივ, მარკ რიუტე მეოთხე ჰოლანდიელი იქნება, რომლებიც ნატოს ოდესღაც ხელმძღვანელობდნენ. იგი ნიდერლანდების პრემიერის თანამდებობიდან 2023 წლის ივლისში წავიდა, მაგრამ დროებით ისევ ასრულებს მთავრობის მეთაურის მოვალეობას. როგორც ამბობენ, იგი საიმედო პოლიტიკოსია, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მარკ რიუტე საუკეთესოა უარესებს შორის.

იენს სტოლტენბერგისათვის ძნელი იყო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტის დატოვება, რომელიც მან 2014 წელს დაიკავა. ოთხი წლის შემდეგ იგი მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი მანდატი ჯერ 2023 წლამდე გააგრძელეს, შემდეგ კი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. გენმდივნობის ვადების გაგრძელებამ ხანგრძლივი კონფიდენციალური ბრძოლა გამოიწვია ნატოს უმაღლესი პოსტის დასაუფლებლად: ყველაზე პირველი კანდიდატი იყო ქრისტია ფრიდლანდი, კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შემდეგ - მარიო დრაგი, იტალიის ექს-პრემიერ-მინისტრი... 2023 წლის შუახანებიდან ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტად ითვლებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით თქვა, რომ მართლაც სურდა ამ თანამდებობის დაკავება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელს უმწიკვლო ბიოგრაფია ჰქონდა, ვაშინგტონმა რატომღაც მხარი არ დაუჭირა მის კანდიდატურას. განაწყენებული ბენ უოლესი მინისტრობიდან გადადგა და საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯო ბაიდენს ნატოს გენმდივნად სურდა, რომ ან დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსონი ან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოფილიყო, მაგრამ ბენ უოლესის განაწყენების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის პროტეჟეებზე უარი თქვა. შემდეგ ჰორიზონტზე გამოჩნდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელსაც სიტყვამრავალი ქალბატონისა და რუსეთის მწვავე კრიტიკოსის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ხმები გავრცელდა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ვლადიმერ პუტინის ზედმეტად გაღიზიანება და პროვოცირება არ უნდოდათ და კაია კალასზე უარი თქვეს.

ამბობენ, რომ მარკ რიუტეს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა ნატოს გენმდივნობის სურვილი, მანამდე კი იგი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. მან ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში განაცხადა, რომ „ნიდერლანდების ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ პოლიტიკიდან წავალო“. მაგრამ ვინ გაუძლებს ისეთ მაცდურ წინადადებას, როგორიც ნატოს გენმდივნობის შეთავაზებაა? საბოლოო ჯამში იგი ისეთ კანდიდატად გადაიქცა, რომლის მიმართ არავის ნეგატიური აზრი არ ჰქონდა.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ახალი გენმდივნის წინაშე დგას, ეს არის სამხედრო ხარჯების პრობლემა. 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ყოველწლიურად თავდაცვაზე უნდა დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2%. გადაწყვეტილება დადასტურდა 2014 წელსაც, მაგრამ ძალიან დაყოვნებულად სრულდება: იმავე 2014 წლისათვის ამ მოთხოვნას მხოლოდ ალიანსის წევრი სამი ქვეყანა იცავდა, 2022 წელს კი - მხოლოდ შვიდი. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს 23 წევრი სახელმწიფო, ბოლოსდაბოლოს, შეასრულებს თავის ვალდებულებას და დარჩება მხოლოდ 9 წევრი ქვეყანა, რომლებიც ამის გაკეთებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. თვითონ ნიდერლანდები, პირველად 1990-იანი წლების შემდეგ, თავდაცვისათვის მშპ-ის 2%-ზე მეტს დახარჯავს - იმიტომ, რომ მარკ რიუტემ თავისი ქვეყნის სახით მაგალითი უნდა მისცეს „კოლეგა-დამრღვევებს“ ნაკისრი ვალდებულების ზედმიწევნით ზუსტად (და გადაჭარბებითაც) შესრულებისათვის.

მარკ რიუტე მეგობრული ადამიანია, იმავდროულად იგი მანიაკალურადაა შეყვარებული რუტინულ სამუშაოზე, შეუძლია სხვების მოსმენა და მოქნილობის გამოჩენა, თუმცა მას უძნელდება საერთო სტრატეგიის განხორციელება ამა თუ იმ საკითხში. თავის პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მარკ რიუტე კონცერნ Univeler-ის პერსონალის მენეჯერად მუშაობდა და 30 წლის ასაკში დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. მარკ რიუტე ნამდვილი ტექნოკრატია.

როცა ნატოს წინაშე ამდენი პრობლემის წინაშე დგას, ჩვენ უფლება გვაქვს ვიკითხოთ:  სულ ეს არის მარკ რიუტეს პოზიტივი? საკმარისია მისი უნარი პრობლემების მოსაგვარებელად? გენერალური მდივნის პოსტზე მას მოუწევს ყურადღება მიაქციოს იმას, რომ სამხედრო ხარჯების მატება პერმანენტულად გაგრძელდეს, მხარი დაუჭიროს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევას, მართოს უკრაინის სავარაუდო გაწევრიანების პროცესი და გააკონტროლოს სათანადო რეფორმების განხორციელება, დაამშვიდოს აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ რუსეთისაგან და მარგინალიზებულები არიან, მოაგვაროს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივ ლტოლვასთან ნატოში გაწევრიანებისაკენ და, სავარაუდოდ, შეიძლება დავა მოუწიოს ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილ დონალდ ტრამპთან, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ.

ნატოს გენერალური მდივნის როლი ძალიან რთული და მრავალწახნაგოვანია. ზოგჯერ ამ პოსტისათვის რბილი ადამიანია საჭირო, რომელსაც დარწმუნების უნარი აქვს და შეუძლია კომპრომისებზეც წავიდეს. მაგრამ ახლა, როცა ალიანსი ტავის 75 წლისთავს ზეიმობ, ეს არასაკმარისია. ნატოს ჭირდება მჭევრმეტყველი, დინამიური ლიდერი, რომელსაც მკაფიო ხედვა ექნება უახლოეს 5-10 წლის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრავს მიზანს და მისკენ მიმავალ საიმედო მარშრუტს. ტრაგედია იმაშია, რომ მარკ რიუტეს გვერდით სხვა უფრო კარგი კანდიდატები იყვნენ - ფედერიკო მოგერინი იტალიიდან, ბენ უოლესი და კაია კალასი, ანუ იყო პროგრესული ლიდერის შერჩევის შანსი. შეძლებს თუ არა მარკ რიუტე წინ ნაბიჯის გადადგმას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/mark-rutte-cant-rescue-nato/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати