USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
The Independent - „გაიცანით ბოჰემური თბილისი: ექვსი საუკეთესო ადგილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში უნდა მოინახულოთ“
Date:  1616

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაიცანით ბოჰემური თბილისი: ექვსი საუკეთესო ადგილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში უნდა მოინახულოთ“ (ავტორი - შონ მოლტონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ლონდონიდან თბილისში პირდაპირი ავიარეისები შესაძლებლობას აძლევს ბრიტანელებს ახლოს გაიცნონ კავკასიის ზღაპრული ქვეყანა - საქართველო - თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, გმირული ისტორიით, ტრადიციებით და ბუნების პირველყოფილი სილამაზით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავით - Airbus A320-ით როცა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 21.25-ზე თბილისისკენ გაემგზავრებით (კვირაში ოთხი ავიარეისით), ჯერ გერმანიისა და შემდეგ ავსტრიის საჰაერო სივრცეში შეხვალთ, თბილისამდე მანძილის მხოლოდ ერთი მეოთხედი გექნებათ გავლილი. ლონდონიდან ხუთი საათის ფრენის შემდეგ ახალ დილას უკვე ახალ ქვეყანაში შეხვდებით“, - აღნიშნულია მასალის დასწყისში, შემდეგ კი ავტორი, რომელიც თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში რამდენიმე დღე ცხოვრობდა, უშუალოდ საქართველოს მოკლე დახასიათებას იწყებს.

„საქართველო კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს და რომელიც, მეცნიერთა მტკიცებით, მსოფლიოში ღვინის ყველაზე უძველეს სამშობლოს წარმოადგენს. საქარტველოს გეოგრაფია და ლანდშაფტი მრავალფეროვანია - შავი ზღვის თბილი სუბტროპიკული პლაჟებიდან კავკასიონის ქედის მარადიულ მყინვარებამდე. საქართველოს მთავარი მდინარეა მტკვარი, რომლის ნაპირებზეც ქვეყნის დედაქალაქი თბილისია გაშენებული. თბილისი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეშია დაარსებული, ქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურით, რომელიც მის მღელვარე ისტორიას ასახავს - შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოური ეპოქის პერიოდებს“, - აღნიშნვს შონ მოლტონი და იმ მკითხველებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობით დაინტერესდებიან, თავის რჩევა-რეკომენდაციებს სთავაზობს - რა უნდა მოინახულონ თბილისში.

პირველი: ბაზარი მეიდანზე

თბილისი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა ისტორიული „აბრეშუმის დიდი გზის“ კავკასიურ განშტოებაზე, სადაც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ჯერ ევროპა და ცენტრალური აზია, შემდეგ კი მათ რუსეთი და სპარსეთი დაემატა. ძველი თბილისის ქვაფენილიან ცენტრში მდებარეობს კალა - კავკასიის უძველესი სავაჭრო რაიონი, ბაზარი, რომლის ისტორია 1500 წელს ითვლის. ბაზარი ამჟამად განახლებულია და ნაწილობრივ მიწის ქვეშ არი გადატანილი. აქ ძველებურად ვაჭრობენ ქართული ღვინით, ოსტატურად დამზადებული ცერემონიალური ხმალ-ხანჯლებით, ტრადიციული კერამიკული ნივთებით და ჩურცხელებით - ყურძნის წვენისგან და ნიგვზისგან დამზადებული პროდუქტით.

მეორე - თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმი განლაგებულია საქართველოს პარლამენტის წინ, ისტორიულ მთავარ ქუჩაზე -  რუსთაველის გამზირზე. მასში თავმოყრილი ქართველი მხატვრების თითქმის 3500 ნახატი.  კერძო მუზეუმი 2018 წელს ჯოხთაბერიძეების ოჯახმა დაარსა, რომელიც ასევე არის საქართველოში უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელი. მუზეუმის ფუნქციებია ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება, რესტავრაცია და შენახვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრები საბჭოთა ხელისუფლების წლებში ხშირად იდევნებოდნენ თავიანთი ნამუშევრების გამო, რომლებშიც ანტისაბჭოური განწყობები ჩანდა. მუზეუმში ხშირად ტარდება გამოფენები, მათ შორის 2023 წელს ბენქსის გამოფენა. საკმაოდ უჩვეულო ფაქტია ეროვნული მნიშვნელობის მმქონე სამხატვრო მუზეუმისათვის ის, რომ იქვე მდებარე ხელოვნების სახლში მოქმედებს ორი რესტორანი, ფიტნეს-კლუბი და საცურაო აუზი.

მესამე - „საქართველოს მატიანე“

სკულპტორ ზურაბ წერეთლის მიერ 1980 წელს შექმნილი ეს 16-სვეტიანი ძეგლი მდებარეობს ყეენის მთაზე, რომელიც ქალაქის ჩრდ. ნაწილშია აღმართული. „საქართველოს მატიანე“ ეძღვნება ქვეყნის 3000-წლოვან ისტორიას, ქვაში ფართოდ არის გადმოცემულ-ამოკვეთილი წარსულის მნიშვნელოვანი ფაქტები და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიის ამსახველი მომენტები. ამჟამად „საქართველოს მატიანე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. იქვე დგას სამლოცველო, საიდანაც „თბილისის ზღვის“ - დიდი ხელოვნური წყალსაცავის - მშვენიერი ხედი იშლება.

მეოთხე - რევაზ გაბრიაძის თეატრი და კოშკი შავთელის ქუჩაზე

ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს ქართველი დრამატურგისა და მხატვრის რევაზ გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი და მისივე ხელით აგებული საათიანი უჩვეულო, საოცარი კოშკი, რომელიც თავისი დიზაინით ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. თეატრი მოქმედია და თოჯინური სპექტაკლები იდგმება, რომლებიც საქართველოს ისტორიაზე მოგვითხრობს. მე პირადად ვნახე სპექტაკლი „რამონა“ - ისტორია ორ საბჭოთა მატარებელზე, რომლებიც ერთმანეთზე იყვნენ „შეყვარებულნი“ მეორე მსოფლიო ომის დროს და ერთი ფრონტზე წავიდა, მეორე კი ზურგში დარჩა - სათადარიგო ლიანდაგზე. სპექტაკლი სავსეა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობით, იუმორით და ექსპრესიით. წარმოდგენა ქართულ ენაზეა, მაგრამ არის ინგლისური სუბტიტრებიც.

მეხუთე - „ჭრელი აბანო“

სახელწოდება „თბილისი“ წარმოსდგება სიტყვიდან „თბილი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ისტორია ადგილობრივ თბილ (თერმულ) წყლებს უკავშირდება. აბანოთუბანში ბევრი ცხელი წყლის აბაზანა და სპა-ცენტრი მდებარეობს. ამ კვარტალში სპეციფიკური სუნი იგრძნობა, რადგან წყალი გოგირდს სეიცავს. „ჭრელი აბანო“ სხვა ბაზანებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ლამაზი აღმოსავლური ფასადი, მოპირკეთებული სხვადასხვაგვარი და ფერის მქონე კაფელით და  დამშვენებული პატარა კოშკურებით.

მეექვსე - ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულოს ყველაზე ტრადიციულ საჭმელად ითვლება ხაჭაპური - ყველისა და ფქვილის ცომისაგან მომზადებული ღვეზელი, რომელსაც მსგავს პროდუქტთან - პიცასთან - შედარებით ბევრად დიდი ისტორია აქვს. ხაჭაპურს თბილისში თითქმის ყოველ კაფე-რესტორანში აცხობენ. 27 თებერვალი საქართველოში ხაჭაპურის დღე აღინიშნება ხოლმე. კიდევ ერთ პოპულარულ საჭმელს წარმოადგენს ხინკალი - ხორცით და ხორბლის ფქვილის ცომით მომზადებული ბულიონი, ბოსტნეულნარევი. ხინკალი ზომით პატარაა, მას ჩვეულებრივ ორივე ხელით მიირთმევენ. რესტორანი „კნეინა“, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, ტიპიურ საოჯახო რესტორანს წარმოადგენს ქართული სტილით, ორიგინალური ავეჯით, ძველებური პურსაცხობი ღუმელით სარდაფში.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ სამგზავრო  თვითმფრინავებით ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტიდან თბილისამდე ფრენის ფასი სულ რაღაც 244 გირვანქა სტერლინგია.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way