ესპანური გაზეთის „დიპლომატის“ (The Diplomat in Spain) ესპანურ და ინგლისურენოვან ვერსიებში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები: კანდიდატურების ანალიზი“ (ავტორი - ხესუს გონსალესი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გაეროს აღმასრულებელი საბჭო ტურიზმის საკითხებში, ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) აღმასრულებელი საბჭო 30 მაისს მადრიდში შეიკრიბება, რათა გენერალური მდივნის კანდიდატები შეარჩიოს და ისინი მტო-ს გენერალურ ასამბლეას წარუდგინოს მომდევნო ოთხი წლის ვადით დასამტკიცებლად.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას, რომლის შტაბ-ბინა მადრიდში მდებარეობს, ახლახან 50 წელი შეუსრულდა. მტო-ს დღეისათვის ქართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით ხელმძღვანელობს, ანუ მას გენერალური მდივნობის მეორე ვადა ეწურება, თუმცა კვლავ სურს მესამე ვადით დარჩეს ორგანიზაციის ხელმძღვანელად.
რატომ მესამედ? იურიდიული დავა გენმდივნის წინააღმდეგ
თავდაპირველად ასეთი შესაძლებლობა - მესამე ვადით არჩევა - იურიდიული თვალსაზრისით ეჭვის ქვეშ რჩებოდა, მაგრამ ორგანიზაციაში ჩატარებული შიდა განხილვების შედეგად გაირკვა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამედ არჩევა რაიმე იურიდიულ პრობლემას არ წარმოადგენს.
სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქის მესამედ არჩევის საკითხი სხვა კანდიდატების მიერ სადაო საკითხად აღიქმებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა ხორდი ჰერუმ მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ კონფერენციაზე, შეეხო რა სადაო საკითხს, განაცხადა, რომ მადრიდი მკაცრად დაიცავს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის არჩევის წესს. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია, ეჭვები გაფანტულია და არაფერი ხელს არ შეუშლის ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს 30 მაისს დაგეგმილი არჩევნების დროს თავიანთი სასურველი გენმდივანი აირჩიონ, თუნდაც მესამე ვადით.
დღეისათვის ტურიზმის საკითხებში გაეროს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში 35 ქვეყანა შედის, მათ შორის, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბულგარეთი, ბრაზილია, განა, საბერძნეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, იტალია, კაბო-ვერდე, რუანდა, ჩინეთი, კოლუმბია, ლიეტუვა, მაროკო, მოზამბიკი, ხორვატეთი, ჩეხეთი, იამიაკა, იაპონია, ნამიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, კორეის რესპუბლიკა, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტანზანია და ზამბია.
ამჟამად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 158 სახელმწიფოა [რუსეთი გარიცხული იქნა ორგანიზაციიდან 2022 წლის 27 აპრილს, უკრაინაზე თავდასხმის გამო].
აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ შერჩეული გენმდივნობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარედგინებიან მტო-ს გენერალურ ასამბლეას, რომლის მორიგი სხდომა ერ-რიადში (საუდის არაბეთი) ნოემბერში გაიმართება. გენმდივნობის კანდიდატის დამტკიცება მოხდება ასამბლეის წევრთა ნახევარს პლუს ერთით, ანუ 18 სახელმწიფოს დელეგაციის მხარდაჭერით 35-დან. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს საკმარისი ხმების მოგროვებას არჩევნების პირველ ტურში, მაშინ ჩატარდება მომდევნო ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ხმების ყველაზე მეტი რაოდენობით მიმღები კანდიდატები - მანამდე, სანამ ერთი, ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატი არ დარჩება.
კანდიდატურები: ვინ ვინ არის
უპირველესი კანდიდატია ისევ ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოდან. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ორი ვადით ყოფნის შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილი იწრაფვის, რომ მესამედაც ზედიზედ დარჩეს გენმდივნის პოსტზე. მან მუშაობა მტო-ში 2018 წლის იანვარში დაიწყო, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე იორდანიელი თალებ რიფაიშსეცვალა. მანამდე კი იგი საქართველოს ელჩი იყო ესპანეთში. უფრო ადრე ზურაბ პოლოლიკაშვილი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. იგი ერთ ხანს „დინამო თბილისის“ - საქართველოს ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული პროფესიული საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორიც იყო.
ზურაბ პოლოლიკაშვილის გენმდივნობის მეორე ვადა მსოფლიო ტურიზმის ისტორიაში ყველაზე რთულ კრიზისს დაემთხვა, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული და რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის პრაქტიკული პარალიზება მოახდინა. კრიზისი 2024 წლის ჩათვლით გრძელდებოდა და სიტუაცია მხოლოდ მიმდინარე წელს შეიცვალა: ტურისტთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 2020 წლის მაჩვენებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტურიზმი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა და მისი მომავალი იმედიანად ფამოიყურება. ზურავ პოლოლიკაშვისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიხსნა ახალი რეგიონული ოფისები რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია), ერ-რიადში (საუდის არაბეთი) და მალე გაიხსნება მარაკეშში (მაროკო). თვითონ მტო-ს მთავარი შტაბ-ბინა კი მადრიდში ახალ, რესტავრირებულ „კონგრესის სასახლეში“ გადავა, რომელიც სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ პირდაპირ მდებარეობს. მისი გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
(პუბლიკაციაში ფართოდ არის გადმოცემული ესპანეთის მთავრობის პრიორიტეტები ტურიზმის დარგის განვითარებისათვის. აგრეთვე განხილულია გენმდივნის პოსტზე შესარჩევი კანდიდატების მონაცემები: ხაბიბ ამარი, ტუნისიდან; მუჰამედ ადამი, განადან; შეიხა ალ-მოვაისი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან; გლორია გევარა, მექსიკიდან; ჰარი თეოხარისი, საბერძნეთიდან და სხვები).