USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს“
თარიღი:  745

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს“ (ავტორი - მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სულ უფრო მეტ მიზეზებს ეძებენ იმისათვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრად არ მიიღონ, ჩნდება კითხვა: მართლაც ჰგონიათ თუ არა მათ, რომ რუსეთს უკრაინის ომი გამოფიტავს და მის ეკონომიკას დაანგრევს? დიახ, დასავლელ ლიდერებს ჰყავთ ისეთი ექსპერტები, რომლებიც მათ არწმუნებენ - „გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი შეეცდება, მოკავშირეების დახმარებით,  ნატოს ბლოკის წევრები დაჯაბნოს, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას 20-ჯერ აღემატება. მხოლოდ დროა საჭირო და რუსეთი ვერ გაუძლებს, უკან დაიხევს“.

ასეთია დასავლური სტრატეგია. მაგრამ ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც აქვს უკრაინის გამოფიტვის შესაძლებლობა და აი, რატომ: კრემლი ეძებს მეგობარ-მოკავშირეებს და მათ კიდეც პოულობს, მოსკოვი დასავლეთის პარალიჩს თავისი ინტერესებისათვის იყენებს.

დასავლეთის მცდელობები - როგორმე სანქციებით დაეშინებინათ რუსეთი და იზოლაციაში მოექციათ - წარუმატებლად (ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივი წარმატებით) დასრულდა. ამის რამდენიმე ნიშანდობლივი გამოხატულება:

პირველი - მოსკოვმა მოახერხა და მესამე ქვეყნების დახმარებით თითქმის სრულად აინაზღაურა ის დანაკლისი, რაც ომის პირველ წელს დასავლურმა სანქციებმა და ემბარგოებმა მიაყენეს.

მეორე - დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა და ვერ გათვალა ის მომენტი, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავიანთი საკუთარი ინტერესებიც აქვს: იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთს ეგონა, რომ ინდოეთი (მისი ყოფილი კოლონია) დაარწმუნა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოცულობის შემცირებაში, უეცრად პრემიერ-მინიტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩადის, ვლადიმერ პუტინი მას ძველი მეგობარივით - ხვევნა-კოცნით - ხვდება და მასთან სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს.

მესამე - თავის მხრივ მოსკოვი წარმატებით ავითარებს პრაგმატულ თანამშრომლობას „გლობალურ სამხრეთთან“, რაშიც აშკარად იგრძნობა კრემლის უპირატესობა - ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში...

მეოთხე - მსოფლიოს სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთი აშკარად ცდილობს უთანხმოების შეტანას ევროატლანტიკურ ერთიანობაშიც, სადაც მას მრავალწლიანი მოკავშირეები თუ არა, მხარდამჭერები მაინც ჰყავს უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. ასე მაგალითად, გასულ პარასკევს მოსკოვში „დასავლეთისაგან გარიყულ და ხელჩამოურთმელ“ ვლადიმერ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია - პირველი ევროპელი ლიდერი კრემლში ომის დაწყებიდან ორწლინახევრის შემდეგ. ეს არის ბრიუსელის სირცხვილი.

და ბოლოს, მაშინ როცა რუსეთში (ამ ეტაპზე მაინც) პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნება, თვით დასავლეთში ქაოსისა და გამოფიტვის სიმპტომები ფართოვდება. ევროპაში სულ უფრო ძლიერად გაისმის ხმები (განსაკუთრებით ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ) - რამდენად შეიძლება უკრაინას სამხედრო დახმარება დაუსრულებელლად გავუწიოთ და ხომ არ ვუბიძგოთ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისაკენ?

პლუს კიდევ ერთი მრისხანე არგუმენტი: ის, რაც ბოლო დღეებში აშშ-ში - დასავლეთის ციტადელში - ხდება, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი მიაღწევს, რომელიც უკრაინისადმი დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია (ანუ ამ საკითხში ევროპის მოწინააღმდეგე), რაც კრემლს აბსოლუტურად აწყობს. დასავლეთი დღეს გაყოფილია, პოლარიზებული და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება. ვის აწყობს ეს და ვინ ისარგებლებს ამით? რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი.

წყარო: https://www.thetimes.com/world/russia-ukraine-war/article/putin-finds-friends-in-need-and-exploits-paralysis-in-the-west-qm07n8vpr

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის