ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის 7 ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე 2028 წლისათვის“ (ავტორი - ქეროლაინ ვაქილი), რომელშიც განხილულია პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები რესპუბლიკური პარტიიდან, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ადრეა პრეზიდენტის პოსტზე პოლიტიკური მემკვიდრის (კანდიდატის) დასახელება რესპუბლიკური პარტიიდან 2028 წლის არჩევნებისთვის, ამის მიუხედავად, უკვე დაიწყო დისკუსია და „მკითხაობა ფინჯან ყავაზე“.
როგორც თვითონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, შესაძლო პრეტენდენტები შეიძლება გახდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. თუმცა პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპ-უმცროსი, მამას არ ეთანხმება: გასულ კვირას მან არ გამორიცხა, რომ მისთვის თეთრი სახლის კარი ღია იქნება, როცა მამამისი ოვალურ კაბინეტს დატოვებს: „იცით, ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე არ ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ასეთი სურვილი გამიჩნდეს“.
ზოგიერთი შტატის გუბერნატორებიც ამოძრავდნენ ამ მიმართულებით, რითაც მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს თავიანთ საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებით.
მიმდინარე ეტაპზე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტების (მემკვიდრეების) სია ასე გამოიყურება:
ჯეიმს დევიდ ვენსი, ვიცე-პრეზიდენტი
ხმები აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად ჯეიდი ვენსის სავარადო კანდიდატობის თაობაზე მაშინვე გავრცელდა, როგორც კი დონალდ ტრაპმა იგი თავის მეწყვილედ დანიშნა გასულ წელს.
ჯეიმს ვენსი თავდაპირველად ამჟამინდელი უფროსის - დონალდ ტრამპის კრიტიკოსი იყო, შემდეგ მისი თანამოაზრე გახდა, საბოლოოდ კი დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოპულიზმისა და საერთაშორისო იზოლაციონიზმის იდეების წამყვან პროპაგანდისტად გადაიქცა. „ხულიგნად“ შერაცხული ვიცე-პრეზიდენტი თავის თანამდებობას აქტიურად იყენებს დონალდ ტრამპის პროგრამის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აგიტაციისათვის და მის რუპორს წარმოადგენს.
დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ჯეიმს ვენსი შეიძლება მისი მემკვიდრე-შემცვლელი გახდეს 2028 წელს, თუმცა პრეზიდენტმა, როცა ამის შესახებ ჰკითხეს, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. „მე ვფიქრობ, რომ [ჯეიდი ვენსი] ფანტასტიკური, მაგარი ბიჭია“, - თქვა დონალდ ტრამპმა ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუს დროს, ამ თვის დასაწყისში.
თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა მოგვიანებით მოკრძალებულად განაცხადა იმავე ტელეარხის ეთერში: „ჩემი პოზიცია ასეთია: 2028 წლისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რომ დამასახელონ, მე საკუთარ თავს ამის უფლებას მაინც ვერ მივცემ“.
მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი
დონალდ ტრამპმა თავის ახალ ადმინისტრაციაში მარკო რუბიოს აშშ-ის მთავარი დიპლომატის პორტფელი როცა ჩააბარა, მეორე პრეცედენტი განახორციელა აშშ-ის ისტორიაში ჰენრი კისინჯერის შემდეგ, რომელსაც ერთდროულად სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი ჰქონდა დაკავებული.
მარკო რუბიოს მზარდმა გავლენამ თეთრ სახლში გააძლიერა ხმები იმის შესახებ, რომ იგი მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, თუმცა მთავარ დიპლომატს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში „შავი ლაქა“ აქვს: იგი 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქეს წარმოადგენდა, რაც ჩრდილს აყენებს მის პიროვნებას.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო ერთმანეთს ებრძოდნენ 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის დროსაც, როცა დონალდ ტრამპი მას „იდეალურ მარიონეტს“, „ბავშვს“ და „პატარა მარკოს“ უწოდებდა, ხოლო მარკო რუბიო დონალდ ტრამპს - „ნაწყენ და საკუთარი თავისადმი ურწმუნო პიროვნებად“ თვლიდა.
რასაკვირველია, წლების შემდეგ ტრამპისა და რუბიოს ურთიერთდამოკიდებულება შეიცვალა - 2024 წელს ფლორიდელმა სენატორმა მარკომ მხარი დაუჭირა დონალდს და არა თავისი შტატის გუბერნატორს რონ დესანტისს, რითაც თეთრი სახლისკენ მიმავალ პირდაპირ გზაზე გავიდა...
დონალდ ტრამპ-უმცროსი, პრეზიდენტის ვაჟი
გასულ კვირაში დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმა, როცა იგი კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოდიოდა, დასმულ კითხვაზე - სურს თუ არა ქვეყნის მართვის სადავეები აიღოს მამამისის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მან გაკვრით უპასუხა, რომ შეიძლება ოდესმე მასაც საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდეს. „არ ვიცი. შესაძლოა ცხოვრებაში ერთხელ მსგავსი მიზანი მეც გამიჩნდეს“, - თქვა ტრამპ-უმცროსმა.
მოგვიანებით, როცა მას იგივე თემაზე კითხვა ისევ დაუსვეს - „თქვენი მაშინდელი პასუხი სავარაუდოა თუ მართლა ფიქრობთ პრეზიდენტობაზეო“, ისევ ბუნდოვნად უპასუხა: „შესაძლოა. წინასწარ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი“.
დონალდ ტრამპ-უმცროსმა გააკრიტიკა „როიტერის“ ჟურნალისტის სტატია, რომელშიც იგი პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველად იყო მოხსენიებული და „იქს-ქსელში“ აღნიშნა, რომ სააგენტოს მოუწევს ამ სიყალბის უარყოფა: „ფეიკს ნუ დაიჯერებთ. კორესპონდენტმა მძიმე იქ დასვა, სადაც წერტილი უნდა დაესვა, ამით კი ჩემი ნათქვამის კონტექსტი შეიცვალა“. „საერთოდ, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ მე სამომავლოდ ამას არ გამოვრიცხავ, ამჟამად ამ პოსტზე ბალოტირების არავითარი ინტერესი არ მაქვს არც 2028 წლისათვის და არც მის შემდეგ“.
და თუ დადგება ის მომენტი, როცა ტრამპ-უმცროსი მართლაც გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, მას ურთიერთობა გაუფუჭდება ჯეიმს ვენსთან (ისინი დღეს ახლო პოლიტიკურ მოკავშირეებს წარმოადგენენ), რადგან ერთმანეთის მეტოქეები გახდებიან და გვირგვინისათვის ერთად იბრძოლებენ.
რონ დესანტისი, ფლორიდის გუბერნატორი
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის დროს დონალდ ტრამპისა და რონ დესანტისის ურთიერთობამ არასასიამოვნო და პირადული ხასიათი მიიღო, რონი ძალზე ჭირვეულობდა, თუმცა პრეზიდენტმა სწრაფად აპატია თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს „ცოდვები“ მას შემდეგ, როცა ფლორიდის გუბერნატორმა უარი განაცხადა კანდიდატობაზე და მხარი საბოლოოდ დონალდ ტრამპს დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი ფლორიდის შტატის გუბერნატორს კვლავ განიხილავს პოტენციურ პრეზიდენტად, 2024 წლის პრაიმერიზის ექო მისთვის საკმაოდ სერიოზული დაბრკოლება იქნება, თუ იგი დონალდ ტრამპისაგან მხარდაჭერის მოპოვებას მოისურვებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ორივე ცდილობდა ეჩვენებინა საზოგადოებისათვის, რომ მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა: დესანტისმა აქტიური ნაბიჯები გადადგა დონალდ ტრამპის პრიორიტეტული პროგრამის განსახორციელებლად იმიგრაციის სფეროში, ხოლო თავის მხრივ, დონალდ ტრამპს, როგორც ამბობენ, რონ დესანტისი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჰყავდა რეზერვში, თუ პიტ ჰეგსეტის კანდიდატურა სენატში ვერ გავიდოდა.
არსებობს კიდევ ზოგიერთი დაბრკოლება ფლორიდის გუბერნატორის მონაწილეობის საწინააღმდეგოდ 2028 წლის არჩევნებში: პირველი, რომ მას მტრული დამოკიდებულება აქვს ფლორიდის შტატის საკანონმდებლო ორგანოსთან და მეორე - არასასიამოვნო დაინტერესება ხდება იმ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის მიმართ, რომელსაც შტატის პირველი ლედი (ანუ რონის ცოლი) კეისი დესანტისი ხელმძღვანელობს.
გლენ იანგკინი, ვირჯინიის გუბერნატორი
გრენ იანგკინი, რომელსაც გუბერნატორის უფლებამოსილების ვადა მალე უმთავრდება, 2021 წელს, მისი არჩევის შემდეგ, თანაპარტიელ რესპუბლიკელებს შტატის გადაბირებას პირდებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპს, როგორც იტყვიან ხოლმე, ახლოს არ იკარებდა. ამასთან, გრენ იანგკინი არ მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა შეატყო, რომ დონალდ ტრამპი უპირატესობით სარგებლობდა. ამბობენ, რომ არ სურდა ტრამპის სამიზნედ ქცეულიყო. „მე მინდა ვირჯინიელებს ჩემი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთგულად ვემსახურო და თანამდებობიდან წავიდე ისე, რომ კეთილი კვალი დავტოვო“, - თქვა გრენ იანგკინმა „ნიუ-იორკ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.
არ არის გამორიცხული, რომ იგი 2028 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის როლში წარსდგება ამერიკელი ამომრჩევლების წინაშე. ამასთან აღსანიშნავია, რომ მას რთული დამოკიდებულება აქვს ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც დემოკრატები ბატონობენ: 2023 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მხარი დაუჭირა თავისი პარტიის პროგრამას აბორტების აკრძალვის საკითხში, რითაც ხელი შეუწყო დემოკრატების გამარჯვებას ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში.
კრისტი ნოემი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი
სამხრეთ დაკოტას შტატის ყოფილი გუბერნატორი კრისტი ნოემი, რომელიც ოჯახურ რანჩოში გაიზარდა, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერი იყო 2024 წლის არჩევნებში და იყო მომენტი, როცა იგი თვითონაც კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ იმ ინციდენტის შემდეგ, როცა მან თავისი ძაღლი - პოინტერი განგებ მოკლა ხოხობზე ნადირობის დროს (ეს ფაქტი მან თავის წიგნში გააჟღერა, რასაც ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა), კრისტი ნოემის პრეზიდენტობის პერსპექტივას ხაზი გადაესვა. ამჟამად სამი შვილის დედა აბორტების წინააღმდეგ გამოდის და „ლგბტ-საზოგადოების“ მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.
დონალდ ტრამპმა მომხიბლავ 54 წლის ქალბატონს ერთგულება დაუფასა: მას შიდა უსაფრთხოების მინისტრის პორტფელი გადასცა და თავისი იმიგრაციული პროგრამის გატარება დაავალა. კრისტი ნოემი იცავდა თეთრი სახლის პოზიციას კილმარ აბრეგო გარსიასთან დაკავშირებული ინციდენტის დროს, როცა აღნიშნული პიროვნება შეცდომით დააკავეს და სალვადორში დააბრუნეს. მინისტრი აქტიურად გამოდის ჰარვარდის უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება არარ ჰქონდეს.
ბრაიან კემპი, ჯორჯიის გუბერნატორი
ჯორჯიის შტატის ხელმძღვანელმა მიმდინარე თვის დასაწყისში გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა იგი 2028 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდეს. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ბრაიან კემპმა უარი განაცხადა სენატორ ჯონ ოსოფის მეტოქე ყოფილიყო მომავალ წელს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის გუბერნატორს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის დროს დონალდ ტრამპისათვის ხმა არ მიუცია: ამბობენ, რომ მას და დონალდ ტრამპს ერთმანეთთან უთანხმოება მოსვლიათ ჯორჯიაში საარჩევნო თანხის შეკრების დროს. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ბრაიან კემპი თავის შტატში პოპულარობით სარგებლობს.
საბოლოოდ, მათ ურთიერთობა მეტ-ნაკლებად დაალაგეს და 2024 წლის ნოემბრის არჩევნების წინ ბრაიანმა მხარი დონალდს დაუჭირა და თანხის შეკრებაშიც დაეხმარა, თუმცა მათი დამოკიდებულება მაინც ცივი რჩებოდა.
ისევე როგორც გლენ იანგკინი, ბრაიან კემპიც „მოყოყმანე შტატში“ კარგი კანდიდატი იქნებოდა რესპუბლიკური პარტიისათვის (მის საქმიანობაში ძნელია რაიმე კომპრომატის პოვნა, თუ დემოკრატები ამას შეეცდებიან), მაგრამ რადგანაც იგი დონალდ ტრამპთან არ „მეგობრობს“ და მის ლოზუნგს (MAGA) სკეპტიკურად უყურებს, ბარაიან კემპის ფავორიტობა ნაკლებად სავარაუდოა.