USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«The New Yorker» (აშშ): „არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ (პოზიციის ანალიზი)
თარიღი:  232

ამერიკულ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ (The New Yorker) გამოქვეყნდა სტატია სათაურით  „არგუმენტები რუსეთთან მოლაპარაკების სასარგებლოდ“ (ავტორი - ქეით გესენი), რომელშიც სერიოზულად არის განხილული ის პოზიცია, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია როგორც უკრაინის, ასევე ამერიკულ ისტებლიშმენტში: რა არის იმისთვის საჭირო, რომ როგორმე შეჩერდეს ომი რუსეთთან მოლაპარაკების გზით. ამ პოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერს წარმოადგენს სემუელ ჩარაპი - აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენის“ (Rand Corporation) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სემუელ ჩარაპი, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზეა გაზრდილი, ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში დაინტერესდა რუსული ლიტერატურით, შემდეგ კი, ამჰერსტის კოლეჯში სწავლისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკით. ოქსფორდის უნივერსიტეტში დისერტაციის მომზადებისას იგი რამდენჯერმე მოსკოვშიც იყო და კიევშიც. როცა 2009 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათ დოქტორის ხარისხი მიიღო, სემუელ ჩარაპმა მუშაობა დაიწყო „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ - ვაშინგტონის ლიბერალურ ანალიტიკურ ორგანიზაციაში. იმ დროს ახალი დამთავრებული იყო რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ მოახდენდა და შეხების წერტილებს მოძებნიდა. სემუელ ჩარაპმა მხარი დაუჭირა თეთრი სახლის ამ ძალისხმევას და დაწერა სტატია, რომელშიც შეეცადა ჩამოეყალიბებინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პროგრესული კურსი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობა მატულობდა.

მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტებისადმი სამხედრო მხარდაჭერის შემდეგ, 2014 წელს, სემუელ ჩარაპმა ჰარვარდელ პოლიტოლოგთან ტიმოთი კოლტონთან ერთად დაწერა წიგნი სახელწოდებით „აგებს ყველა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის წინა ისტორიაა განხილული. წიგნის ავტორების მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა თავისი ძალები უკრაინაში მოსინჯეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო, მაგრამ მოაქცია რა უკრაინა ისეთ სიტუაციაში, რომ კიევი იძულებული ხდებოდა ან რუსეთი აერჩია, ან დასავლეთი, ამით კრემლმა ამერიკას და ევროპას ხელი შეუწყო კონფლიქტის გაღვივებაში. საბოლოოდ კი ყველამ წააგო.

 სემუელ ჩარაპის დღევანდელ პოზიციას რუსეთის მიმართ ბევრი დასავლელი ექსპერტი და პოლიტიკოსი მოღალატურად თვლის. იგი რუსეთის გავლენის აგენტად მიაჩნიათ. სხვათა შორის, მის მიმართ „პრორუსულობის“ ბრალდებას ისიც აძლიერებს, რომ სემუელ ჩარაპი „ვალდაის კლუბის“ ფორუმებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება ხოლმე. რუსეთში ჩატარებულ ფორუმებზე იგი, სხვა ექსპერტებთან ერთად, ხშირად უსმენდა ვლადიმერ პუტინს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ლაპარაკობდა. „რუსეთუმეობის“ ბრალდებებზე სემუელ ჩარაპი პასუხობს, რომ „ვალდაის კლუბის“ ფორუმებში მონაწილეობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ახლოს მისულიყო ვლადიმერ პუტინთან და გაეგო, თუ რა სურდა მას.

სემუელ ჩარაპმა კორექტულად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოხდებოდა. იგი მხოლოდ იმაში შეცდა, რომ ფიქრობდა - შეჭრის შედეგად რუსეთი ელვისებურად მიაღწევდა თავის მიზნებს და აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული „ჯაველინები“ და „სტინგერები“ კიევს რიგ მომენტებში მაინც გამოადგებოდა.

სემუელ ჩარაპი მხარს არ უჭერს მოსკოვის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ბევრ ნაბიჯს - მაგალითად,  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას 2016 წელს და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე თავდასხმას. ამასთან, იგი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების რეაქცია მცდარია: სემუელ ჩარაპი მიუთითებს, რომ სანქციების დაწსება სასარგებლოა მაშინ, როცა მისი მოხსნის შესაძლებლობაც არსებობს და როცა დარწმუნებული ხარ, რომ სანქციადადებული ქვეყანა თავის კურსს შეცვლის. მაგრამ აშშ-ის კანონები სანქციების შესახებ, რომლებიც 2017 წლის შემდეგ იქნა მიღებული, კონგრესმენების მიერ ისეა დაწერილი, რომ პრაქტიკულად ვერცერთი პრეზიდენტი მათ ვერ გააუქმებს.

ამჟამინდელ მდგომარეობას, როცა ომს ჯერ დასასრული არ უჩანს, სემუელ ჩარაპი კიდევ ერთ შეცდომად თვლის: ჯერ ერთი, რომ მისი აზრით, არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი  გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. მეორე - „დიპლომატია უნდა განვასხვავოთ ძალოვანი ზეწოლისაგან. დიპლომატია ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმის მისაღწევად, რისიც ძალოვანი ზეწოლითაც შეიძლება“, - ამბობს სემუელ ჩარაპი და ამ მხრივ კორეის ომს იხსენებს: მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას ჯერ კიდევ 1951 წლის ივლისში მიუსხდნენ, როცა ომს დასასრული არ უჩანდა. მართალია, დავა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის დღემდე არაა მოგვარებული, მაგრამ ცეცხლი შეწყდა, საომარი მოქმედებები დასრულდა და უკვე 70 წელია კორეის ნახევარკუნძულზე ნგრევა და სიკვდილი აღარ არის.

ბევრ დასავლელ ექსპერტს აქვს არგუმენტი, რომ აშშ-სა და ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთს სტრატეგიულად დაასუსტებს. სემუელ ჩარაპი თვლის, რომ ეს მიზანი - რუსეთის დასუსტება - უკვე მიღწეულია, რაც ომის დაწყების დროს განხორციელდა. ომის გაგრძელება დასუსტებას არაფერს აღარ ამატებს, მხოლოდ დამატებით პრობლემებს უქმნის იმათ, ვისაც ამის მიღწევა უნდოდა. „სუსტი რუსეთი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არა სრულიად იზოლირებული, მსოფლიოსაგან გარიყული, გაყინული რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება“, - ციტირებს ავტორი სემუელ ჩარაპის პოზიციას.

რუსეთის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი იმაშია, რომ თუ ვლადიმერ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები დაკმაყოფილდება, მაშინ კრემლი გადაწყვეტს, რომ მისი დამპყრობლური გეგმები მუშაობს და კიდევ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმება. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს, რაც, სემუელ ჩარაპის აზრით, სუსტი არგუმენტია და მტკიცედ დასაბუთებელი არ არის. დიახ, კრიტიკოსები შეიძლება  მართლები არიან, რომ რუსეთი ამბიციების მქონე სახელმწიფოა, მაგრამ ერთია ამბიციები, მეორეა - შესაძლებლობები. სემუელ ჩარაპის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს ახალი დაპყრობების ძალა და შესაძლებლობა არ აქვს.

იგი არ თვლის, რომ ამერიკამ რუსეთთან მოლაპარაკება „ერთი-ერთზე“ უნდა აწარმოოს და უკრაინას „უნდა გადაახტეს“. პირიქით, სემუელ ჩარაპი დარწმუნებულია, რომ აშშ-მა წინასწარ მხოლოდ უკრაინასთან (ევროკავშირთან ერთად) უნდა შეათანხმოს პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოსკოვთან. ასეთი პოზიცია შეიძლება ტერიტორიულ დათმობების შესაძლებლობასაც გულისხმობდეს. „მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინამ რაღაც  აუცილებლად უნდა დათმოს. უბრალოდ, შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ“, - ამბობს ამერიკელი მკვლევარი.

ბუნებრივია, ასეთი პოზიცია დღეს ძალზე არაპოპულარულია უკრაინულ საზოგადოებაში, რომელმაც კარგად იცის რუსული ოკუპაციის საშინელი რეალიები, მაგრამ სტატიის ავტორმა ქეით გესენმა მაინც მოძებნა და ესაუბრება ერთ-ერთ ყოფილ უკრაინელ ჩინოვნიკს, რომელიც იზიარებს სემუელ ჩარაპის კომპრომისულ პოზიციას და მას ანონიმურობის პირობებით ესაუბრება. ჩინოვნიკი თვლის, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო განწყობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა სიკვდილის საშინელებას აბსოლუტურად ყოველი ოჯახი იგრძნობს. „ჯერ-ჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ საქმე ამისკენ მიდის“.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი „პრორუსული“ პოზიციის გამო სემუელ ჩარაპს საკმაოდ მწარედ აკრიტიკებენ და მის მიმართ დამცინავ ეპითეტებს არ იშურებენ, იგი ამბობს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას დასავლური პოლიტიკის შეცვლის მიზნით: „უკრაინის ომი თავისი სირთულის მიხედვით უმაღლესი კატეგორიის „ხანძარს“ მიეკუთვნება. მე ცეცხლმოდებული სახლის გვერდით მშვიდად ვერ გავივლი. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ: ცეცხლს დროზე თუ არ ჩააქრობ, ყველაფერი ბევრად უარესად იქნება“, - ასე აყალიბებს თავის პოზიციას სემეელ ჩარაპი.

წყარო: https://www.newyorker.com/news/essay/the-case-for-negotiating-with-russia

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.